მე მინდა ვიცოდე რა წერია “ვეფხისტყაოსანში. თქვენ?

 

“ვით მარგალიტი ობოლი…“

( რა წავიკითხე „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგსა და ეპილოგში)

 

„ო, რუსთაველო, ო, დიდო შოთა,

მთათა და მდელოთ, ბაღის ნეშოთა

მსგავსად თუ კაცთა ცხოვრება გაცვდა,

წლებს მაინც გაწვდა, რაც გულში კრთოდა.“

/გალაკტიონი/

 

ეგ არაფერი, რომ ქართული მწერლობა მსესხებელ-წამბაძველების ნაღვაწად და სხვათა „პრინციპების“ ქადაგებად მიუჩნევია, –  „რუსთაველი ფიქრით კი არა, მიმზიდველი სიტყვითა თუ რითმით არის შთაგონებული და აქედან, ბუნდოვანი“-ო, – ესეც დაუწერია ლიტერატურათმცოდნეთა წრეებში  საკმაოდ აღიარებულ, ინგლისურენოვან მკვლევარს, პროფესით სლავისტს, ბატონ დონალდ რეიფილდს.

რუსთაველი უფიქრალი პოეტი?

რა გითხრათ…

ერთი, ვინც ვიცი, რომ  რეიფილდს სიტყვა შეუბრუნა და მიუთითა, გათავისუფლებულიყო ამ აკვიატებული აზრებისაგან, პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე იყო, მაგრამ…არსად წამიკითხავს,უკან წაეღოს ბატონ დონალდს თავისი ნათქვამი.

ქართული ლიტერატურა, – „მსესხებელ- წამბაძველთა ნაღვაწი და სხვათა პრინციპების ქადაგება“…

ვაითუ რუსთაველთან ვერ იპოვა ვინმე-ვინმეებისგან გადმოღებული „პრინციპები“ ბატონმა რეიფილდმა და… მოდი დავეხმაროთ.

ნიკო მარი გამწარებული ეძებდა „ვეფხისტყაოსნის“  სპარსულ დედანს და რუსთაველს მაჰმადიანად მიიჩნევდა.

პავლა ინგოროყვამ განავითარა… რუსთაველის მანიქეველობის თეორია.

ზურაბ ავალიშვილი „ვეფხისტყაოსნის“ ცალკეულ მოტივებში… ქანანელთა კულტის გამოძახილს ხედავდა.

იუსტინე აბულაძემ „ვეფხისტყაოსანში“ ძველი სპარსული რელიგიური სექტის, სუფასიანების  დოგმათა გავლენა აღიარა.

თორნიკე ეფრემიძემ პითაგორელთა მოძღვრებას დაუახლოვა რუსთაველი.

კონსტანტინე კაპანელი რუსთაველის მსოფლმხედველობის ძირებს ელინურ კულტურას უკავშირებდა.

პლატონ იოსელიანმა გაამახვილა ყურადღება „ვეფხისტყაოსანში“ ნეოპლატონური ნაკადის არსებობაზე.

შალვა ნუცუბიძემ რუსთაველის მსოფლმხედველობის საფუძვლად არეოპაგიტული მოძღვრება მიიჩნია.

პეტრე ცინცაძემ “ვეფხისტყაოსანში“სტოიციზმის ანარეკლი დაინახა.

მოსე გოგიბერიძე მიიჩნევდა, რომ რუსთაველი კრიტიკულადაა განწყობილი ყველა რელიგიის მიმართ და არაბული არისტოტელიზმის გავლენას განიცდიდა.

 

2

 

ალექსანდრე ბარამიძის აზრით, რუსთაველის მსოფლმხედველობის საფუძველია ჰუმანიზმი.

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ამ სიას რაღა გაგრძელება უნდა, მაგრამ სწორედ ახლა მინდა გთხოვოთ. იყოთ განსაკუთრებული ყურადღებით.

ზვიად გამსახურდიას „ფართო გაგების“ ქრისტიანად მიაჩნდა რუსთაველი და თან თვლიდა, – „რომ „ვეფხისტყაოსანში“ სუფევს ისლამის სული და ამავე დროს ქრისტიანული სული“.

სხვანაირად ფიქრობს ზაურ  ბიძინაშვილი. ეს კაცი „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგ -ეპილოგში მხოლოდ სახარების დოგმატებს განსჭვრეტს და ეპილოგის ცნობილ სტრიქონში, – „“ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად“.- იესო ქრისტეს პოულობს.

შენ მიშველე მაცხოვარო !

ჰმ, ფეშანგი ფაშვი-ბერტყასძემ სულ ვერ გაიგო რა წერია „ვეფხისტყაოსანში“ და ვერც არჩილი ჩაუღრმავდა მაინცდამაინც შოთასაგან თქმულს. ჩაუღრმავდა კიარა, თურმე არჩილ მეფემ რუსთაველი და თეიმურაზი იმიტომ გააბაასა,-„უხამსს უყოფენ ამბორსა! სრულად იტყვიან უკლაბლად აბავსა სპარსთა ნაჭორსა“-ო.

ეს თეიმურაზი და ფეშანგი კიდევ ნამდვილად არ ყოფილან მართლები, როცა რუსთაველს ფანტასტიკური და არარსებული პირების ქებას და არაისტორიული სინამდვილის აღწერას“ უსაყვედურებდნენ. ფანტასტიკური და და არაისტორიული კიარა, თურმე შოთა რუსთაველს ტარიელის სახეში ზვიად გამსხურდია უწინასწარმეტყველებია და აიღებს თუ არა კრემლსო, მთელი სერიოზულობით სვამდა კითხვას ამ გამოკვლევის ავტორი ბატონი ვახტანგ ყაველაშვილი.

ხომ ხედავთ, რამდენ რამეს პოულობენ „ვეფხისტყაოსანში“ და ბატონ რეიფილდს კიდევ დაუჟინია, გინდა თუ არა, უფიქრალად ნაწერი, ბუნდოვანი წიგნია ეგაო.

ჰო, ამდენმა ხალხმა(ყველა არც ჩამომითვლია !) რომ ამდენი ფესვები და გავლენები უპოვა „ვეფხისტყაოსანს“, ძალიან მიკვირს, როგორღა თქვა სერ მორის ბოურამ, -„თითქმის შეუძლებელია, ვთქვათ სად იპოვა რუსთაველმა თავისი იდეებიო“. ეს კიარა, ეტყობა იმდენი ეძება, იმდენი ეძება რუსთაველის იდეათა ფესვები,თუ წყაროები, რომ ამ ძებნისგან დაღლილ ბოურას, როგორც ყოფილა, გაუბედავს და დაუწერია: „… არ შეიძლება იმ შესაძლებლობის გამორიცხვა, რომ ზოგი მისი იდეა თავად მასვე ეკუთვნოდა“-ო.

მადლობა ვუთხრათ ამ მკვლევარს, – იმის შესაძლებლობა  დაგვიტოვა, რუსთაველთან რუსთველური იდეების არსებობაზე მაინც რომ ვიფიქროთ.

რაც უნდა იყოს, მორის ბოურა მისივე თანამემამულე რეფილდისგან განსხვავებით, „ვეფხისტყაოსნის“ ერთ დიდ დამფასებლად რჩება მაინც. საინტერესოა, იცოდა თუ რა ამ კაცმა ,რომ „როცა მკვლევარები შეუდგებოდნენ „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლას,მოულოდნელ დასკვნამდე მიდიოდნენ, თითქოს იგი არ იყო დაკავშირებული ქართული კულტურის განვითარების არც წინამორბედ და არც მომდევნო საფეხურებთან“( შალვა ნუცუბიძე).

არადა…

მოულოდნელი და საკვირველი ის იქნებოდა, მწერლობის წინა თუ მომდევნო საფეხურებთან „ვეფხისტყაოსნის“ ღრმა კავშირები რომ დაეძებნათ…

რატომ?

3

 

მაშინ ტყუილი გამოუვიდოდა ნათქვამი შოთას…

დაგავიწყდათ?

აკი მან თქვა, რომ… მისი წიგნი არის… „ვით მარგალიტი ობოლი“!!!

ობოლი მარგალიტი..

ჩაუღრმავდა ვინმე ამ სიტყვებს?

აბა მითხარით სად მოიძიება  მარგალიტი?

ზღვის, ოკეანის სიღრმეში!

„ვეფხისტყაოსანი ზღვაა და სიღრმეშია საშიში, თორე ნაპირთან ბავშვსაც შეუძლია ირბინოს“-ო,-  ბესიკ ხარანაულს აქვს ნათქვამი.

„ვით მარგალიტი ობოლი, ხელისხელ საგოგმანები“, -ეს სიტყვები დაივიწყა ყველამ და ისე ეძებდნენ „ვეფხისტყაოსნის“ ფესვებს.

ვერ იპოვნიდნენ!

ფესვების ქართული სივრცის გარეთ ძებნა კი არ იყო საჭირო, „ობოლი მარგალიტის“ ძირქართულობა უნდა ეგრძნოთ და იმაზე ეფიქრათ, რა მიზეზით ხდებოდა ისე, რომ „ვეფისტყაოსანი“ ქართული კულტურის ვერც წინამორბედ და ვერც მომდევნო საფეხურებს ვერ უკავშირდებოდა. საქმე ისაა, რომ „ვეფხიტყაოსანთან“ სადარებლად აღებული, ამ წიგნის წინა, თუ მომდევნო ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები ცოტ-ცოტა… აღმოსავლურ- ბაიათურს ან ბიზანტიურ-ორთოქსიულს თუ შეირევდა…

ვერ დაკავშირდებოდა!

ხოლო უფესვოდ არაფერი ამოიზრდება, ქართულია „ვეფხისტყაოსნის ფესვები, ძირქართული. მოდის შორიდან, უფრო შორიდან, ვიდრე „ გაფრინდა ფარჩა დღე ოქროს ვერძის“, – გალაკტიონი ამბობს ასე, და.. დროზე გასწიეთ შესახვედრად მომღერალი ავთანდილისაო(„მოვიდიან შესამკობლად ქვეყნად ყოვლნი სულიერნი“!), – ითხოვს.

დიახ, ძირქართულია „ვეფხისტყაოსანი“.

ჩვენგან ნათქვამი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსთაველმა ან არ იცოდა და ან არ ითვალისწინებდა სხვათა „პრინციპებს“, – ყოვლთა არსში წვდენილა იგი, სულ, სულ იცოდა რასა დაწერდნენ ‘ფილოსოფოსნი წინანი“, ხოლო ამბობს:

„არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!

მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“.

„… შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“, – ამ სიტყვებთან დაკავშირებით ზვიად გამსახურდიამ ერთგან დაწერა:

„დღემდე, ვგონებ, არცერთ მკვლევარს არ მიუქცევია ყურადღება იმ გარემოებისთვის, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გამოთქმა „შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა’ გრიგოლ ღვთისმეტყველის ეპიტაფიიდან მოდის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსთაველის კავშირს აღმოსავლური ეკლესიის მამების ტრადიცებთან“.

იქნებ რუსთაველს წინაც ედო ფურცელი, რომელზეც ბასილი დიდის გრიგოლ ღვთისმეტყველისეული ეპიტაფია ეწერა, – ‘წარმიყუანე მე შენთანა  ნეტარსა მაგას სამკვიდრებელსა და შემრთე მწყობრსა მას განწყობილსა, რომელა შენ განწყობად ხარ და იხარებ“,მაგრამ… ცოტა სხვანაირად გამოდის რუსთაველთან ეგ „შერთვა“. ნათქვამის სრულად მტკიცებას ვეფხისტყაოსნის მტელი „ტანის“ გამოტანა სჭირდება, მაგრამ ბევრ რამე საინტერესოს ამ მიმართულებით მხოლდ პროლოგ-ეპილოგის ანალიზშიც დავინახავთ.

 

4

 

„ვერც ახლა, ვერც საუკუნეებში, ვერავინ გაიგებს სიმართლეს ღმერთებზე და იმაზე, რაც მე თქვენ უნდა მოგითხროთ. და თუ ვინმეს შეუძლია ჭეშმარიტების მიკვლევა, მან არ იცის რაზეა ის.

და ყოველზე გარეგანი ფორმა მეუფებს!“ – ქსენოფანეს აქვს ნათქვამი და… რა ვქნათ ახლა, ვიფიქროთ ამ კოლოფონელ ფილოსოფოსს გავლენა აქვს რუსთაველზეო?

რა გითხრათ, – „არ ვიქმ“, -რუსთაველი ამბობს.

ქსენოფანესეული „გარეგანი ფორმა“{მატერიალურის თუ არამატერილურის!) აღმქმელისათვის ერთარსია და ათიათასი ღმერთის მიერაც რომ იყოს შექმნილი, ფილოსოფოსის ნათქვამის მიხედვით მაინც ერთის(!) შექმნილად მოიაზრება.

„ჰე, ღმერთო ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა“, – რუსთაველის სტრიქონია და ვნახოთ:

ქსენოფანე: გარეგანი ფორმა მეუფებს ყოვლზე.

რუსთაველი: ღმერთმა ქმნა სახე ყოვლისა ტანისა.

დავივიწყოთ ახლა ყველა განმარტება, ცნება, ფილოსოფიური კატეგორია.

ჩვენთვის ვთქვათ:

„გარეგანი ფორმა, სახე“ – ის რასაც აღვიქვავთ, ვხედავთ, შევიგრძნობთ(ილუზიურობის გათვალიწინება აუცილებელია) ყოვლისაგან,–სუბიექტური!

„ყოვლი“, „ყოვლისა ტანი“, – რაც არსია, მთლიანობაა, არის არსებობა ობიექტური!

არ ვამბობ, რომ ყველაფერი მთლად გასაგებადაა აქ ნათქვამი, მითუმეტს რომ ისეთი ფილოსოფოსნიც იყვნენ, ვინაც „ობიექტური“ სამყაროს არსებობას სულაც გამორიცხავდა, მაგრამ მე რისი თქმაც მინდა, ამას იოლად მიხვდებით.

უწყვეტად ერწყმის  „სახე“(შენს მიერ აღქმული, დანახული, შეთვისებული) „ყოვლისა ტანს“ (ობიექტურს, არსებულს, არსობრივს).

ხერხდება, ყოველთვის რომ „სახე“ „ტანს“ დაგვემთხვეს… ანუ ვპოვოთ ჭეშმარიტი?

აქაა პრობლემა!

ღვთიურქმნილი წიგნია „ვეფხისტყაოსანი“, აქვს მას თავისი სახე და თავის ტანი.

და აქედან, იდუმალქმნილი წიგნია იგი.

რა თქმა უნდა, ვერ ეცოდინებოდა ეს ბატონ რეიფილდს.

მან „ვეფხისტყაოსანი“ შუა საუკუნეების სტილით გაწყობილ რიგით რამ სარაინდო რომანად ჩათვალა, არსმარტივი სახე-ტანით, გარეგანი ფორმიდან სჭვრეტს მხოლოდ და ნურც გავამტყუნებთ, თუ ვერ იფიქრებდა, ამ წიგნში, ტანის, ვეფხის ტყავის ქვეშ  საიდუმლო რამ თუ იყოს დადებული.

და…

რომ არის შესაძლებლობა ჩვენს მიერ მიღებული „სახე“, პირველადი აღქმა, რომლის მიღმაც სიუჟეტის სულ ხვა განზომილებაა, მართლაც იტევდეს ისეთს, ცოტა… ბუნდოვნადაც რომ მოგვეჩვენოს.

ამაზე უცხოელი დაფიქრებულიყო კიარა, დღედაღამ კითხულობდა „ვეფხისტყაოსანს“ დიდი ილია… ვერაფრით ვერ დაეთანხმა აკაკის და ვაჟას , რომლებიც უმტკიცებდნენ, საიდუმლოა აქა ვეფხის ტყავის ქვეშო.

სხვანაირი დაფიქრება უნდა ამ ვითარებას. ვერ დაფიქრდება ამაზე რეიფილდი, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ.

ერთი და იგივე სიტყვთაწყობის სხვადასხვანაირი ახსნა, განმარტება თუ კომენტარი  ურთიერთგამომრიცხავი დასკვნების გაკეთების საფუძველი

5

 

ხდება.ისეთიც მომხდარა , ერთი მკვლევარი რომელიმე სტრიქონს ან სტროფს თუ პოემის პირველადი,“ სახე“ – სიუჟეტის პირველი განზომოლების შესაბამისი აზრით ახსნის , მეორეს რაღაც მიზეზით , მისდაუნებურად გადაუცდება თვალი და ამ სიტყვათაწყობის ახსნას სიუჟეტის რომელიმე სხვა , შეფარული ხაზის შესატყვისი აზრით იძლევა . ამას ეს მკვლევარი რათქმაუნდა ვერ გრძნობს და… გამოდის რომ გაურკვევლობასთან , ბუნდოვანებასთან მივდივართ. ჰოდა , ბატონ რეიფილდს ძლიან ნუ შევრისხავთ , თუ ვერ გარკვეულა.

გავერკვევით!

ღრმაა საიდუმლო რუსთაველისა,  რასაც  მივხვედრილვარ და რაც სხვა, უფრო დიდი წიგნის თემაა, რუსთაველის საიდუმლოს ნაზიარები იყვნენ დავით გურამიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე და… სტალინი!(ამის შესახებ მოთხრობილი იქნება წიგნში, – „თქვენ რომ გგონივართ, ის არ ვარ“(„გალაკტიონოლოგЯ“). ბარათაშვილი იტანჯებოდა საიდუმლოს ამოხსნის სურვილით, მაგრამ ვერ მოახერხა და საფლავში გაიყოლა ეს დარდი. აკაკიც მაგარი შეფიქრებული იყო, ვერ გაეგო… ამ წიგნში სატანა მეუფებდა თუ ანგელოზი. ვაჟა-ფშაველა ოდენ ისტორიულ ხასიათის საიდუმლოს არსებობაზე ფიქრობდა, მაგრამ ვერ მიხვდა, რა იყო ეს საიდუმლო. დიდი ილია „ვეფხისტყაოსანს“ თავისსავით ბუნჩულა, დიდაქტიკურ-დამრიგებლობით ნაწარმოებად თვლიდა და ამის იქით არ გაუხედია.

პოეტ თამარ ერისთავს მიუგნია სიუჟეტის ის განზომილება, სადაც დემნა ბაგრატიონის(ბიძაშვილი მეფე თამარისა!) ძნელი ისტორია იმალება.  დემნასა და თამარის ურთირთდამოკიდებულება ნამდვილად და ტრაგიკულად მოჩანს პოემის სიღრმეებში, ეს  მაინც არ არის ამ ნაწაროების მთავარი საიდუმლო. გეტყვით უფრო მეტს, ჩემი მრავალწლიანი და მძიმე გამოკვლევების შემდეგ, მივედი დასკვნასთან, რომ თამარს უნდა სცოდნოდა პოემაში ასეთის არსებობის შესახებ. ხოლო, მტკიცება შეიძლება არგუმენტნაკლულოვანი გამოდგეს, მაგრამ გამიჩნდა საკმარისად მყარი ვერსია, რომ მეფე თამარს 1207 წელს უნდა ჰქონდეს წაკითხული „ვეფხისტყაოსანი“. და თუ, იგი შეაღწევდა ამ წიგნის დაფარულში…  შესაძლოა სტრესიც კი მიეღო! შესაძლოა, ასეთ მდგომარეობას ხელმწიფებასთან მის დამოკიდებულებაზეც ემოქმედა. ეს ერთი მთავარი მიზეზი მგონია, არც ბევრი რამ რომ არ ვიცით მეფე თამარის მეფობის  ბოლო წლების შესახებ. ვფიქრობ, იგი არ გარდაცვლილა 1207 წელს, როგორც ეს ზოგ ვერსიაშია, ამ წლიდან იგი ჩამოშორებული უნდა იყოს ქვეყნის მართვა-გამგეობას. ივანე ათაბაგის სასარგებლოდ. გავბედავ და გეტყვით უფრო მეტს, ამ ივანეს და მის ძმა ზაქარიას უდიდესი გავლენა ჰქონდათ თამარზე, არ უნდა იყოს ეს მთლად კარგად ასახული ჩვენს ისტორიაში.

დღემდე არ არის ერთი აზრი მკვლევართა შორის მეფე თამარის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით.სახელდება 1207, 1210,1211, 1213 თუ… 1216 წლები. ცნობილი ისტორიკოსი ლოვარდ ტუხაშვილი უშვებდა, რომ მეფე თამარი 1207 წლიდან აღარ იყო ცოცხალი, ქვეყანა კი მაინც მისი სახელით იმართებოდა და ამას აკეთებდა რეგენტთა საბჭო ივანე მხარგრძელის ხელმძღვანელობით.

ძალიან ძნელად იყო ყველაფერი!

„ მგონია, „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სტრიქონი  „ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა“ ხალხის მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალი დიდგორის გამარჯვების შედეგად მოპოვებულ ალაფს გულისხმობს“( თამაზ ჭილაძე. „ვარდის ფურცლობის ნიშანი“), ანუ… ქვეყნის იმ გაბატონებულ მდგომარეობას, რაც დავით

6

 

აღმაშენებლის შემდგომად დარჩა და რომელსაც…  მთლად კარგად ვერ მოუარეს ქართველებმა.

„ვითა ნათურქალსა“, – შედარებაა, მაგრამ საიდანაა მოტანილი „ვეფხისტყაოსანში“? რა მიზნით?

ხომ უნდა ვხვდებოდეთ რას ნიშნავს ეს „ნათურქალსა“ და ვხვდებოდეთ ისე, რომ პოემის ტექსტის გარეთ არ გვჭირდებოდეს გამოსვლა?

ეს სიტყვაც ხომ შიგნიდან უნდა იხსნებოდეს? მაგრამ სად არის „ვეფხიტყაოსნის“ არაბეთ-ინდოეთ თუ მულღაზანზარ-გულანშაროს ზოგად გეოგრაფიაში ამ შედარების ახსნა?

გამოდის, რომ ეს „ნათურქალი“ არა პოემის ზოგადი ამბებიდან, არამედ… ჩვენი კონკრეტული  ისტორიის სიღრმიდან უნდა იყოს ახსნილი. იფიქრებ ასე და..სახეზეა პირველი, საყვარელი „ბუნდოვანება“ აზრისა. რას უნდა მიხვდეს აქ, მაგალითად ის მკითხველი,რას რა შეადაროს, ვინაც სულაც არ იცის  ვინაა თურქი და რაა ეს „ნათურქალი“?

არადა, „ვეფხისტყაოსნის“ ღრმა შინაარსს ჩაიძევ თუარა, დარწმუნდები,მართალს ამბობს ბატონი თამაზ ჭილაძე. დარწმუნდები და იმაზეც იფიქრებ, რომ არა მხოლოდ ნადიდგორალმა დიდი პაპისა, დავით IV-აღმაშენებლისა, სხვა ბევრმა დიდმა საქმემ გამოიარა პაპა დემეტრე, მამა გიორგი და მოაღწია თამართან, აძლიერა „მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა“.

რა გამოდის?

ნუთუ აქ რამეა დაფარული?

ხომ არ არის ისე,- გვეუბნებოდეს შოთა,- დააკვირდით კარგად, ეს მინიშნებაა, ეს სიტყვები ყველაზე იოლად გამოსაცნობ გასაღებად დამიდევს, ბევრ რამეს „გაგიმხელთ“, აწ უფრო ფარულად დავწერ, ჩვენი ისტორიის საჭირბოროტო ამბებს მოგითხრობთ, უნდა გამოიცნოთ, რათა ყოველივეს სიმართლით განსჯიდეთ… მომავლისთვისო!

მთელს პოემაშია „შეფქრვეული“ არა მხოლოდ ცალკეული, ასხლეტილი თქმანი, ისტორიის კონკრეტულ ფაქტებს რომ ინახავს, არამედ … ხანგრძლივი, შორეულიდან მომავალი „პროცესი“ ქართველთა ყოფისა, საფიქრალი ძნელი, თვითმყოფობისა გზად.

ასეა და, თუ დავაკვირდებით,

„ სხვა გიამბო საკვირველი, რიდისა და ყაბაჩისა,

ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა,

მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა,

სილბო ჰქონდა ნაქსოვისა, და სიმტკიცე ნაჭედისა“-ო,

ნესტან-დარეჯანის „მნახავი“ ფატმანი რომ იტყვის, მხოლოდ ქალისეულ(თუნდ მზის სადარი, მზედ წოდებულის!) თავსაბურავის(„რიდე“) და კაბა-მოსახამის(„ყაბაჩა“) „რაგვარ-რისობაზე“ არ დაგვაფიქრებს. იქითკენ უფრო მიმართავს ჩვენს გონებას, ნეტავ რა არის, ამ გამოცანას პასუხად რომ ერგებოდესო. არადა, ხომ კარგი გამოცანაა, აბა გამოიცანით, რა უნდა იყოს?

„სილბო ქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა“.

და თუ მივხვდებით, იქნებ ვიკითხოთ კიდეც, ხომ არ დააკლდა „სილბო“, ხომ არ გაუხეშდა სული ქართული, ხომ არ შემოგვაკლდა „სიმტკიცე ნაჭედისა“ სულსა შიგან ქართველთა და… რაი არს ტყვეობა იგი ნესტანისი?

7

 

სვლა მომავალში წარსულის ღრმა ცოდნით უნდა, მიზეზთა გამო თუ დაკარგულა გეზი, „ცენტრალური ბგერა“, – ვიპოვოთ იგი, თუნდ უფრო იქით დაგვჭირდეს გასვლა, ვიდრე

„აქ იაზონი

არგონავტებით

ვიდოდა გონით

მხნედ, თავდადებით“,

წარგვეტაცა, მიჰყავდა მედეა

„უმჯობესობის

კაცთა მრთელობის“

სიმბოლოდ და მიდიოდა „ოქროს საწმისით“

„… წინმსვლელობის

მარად თავმდებით“.

ეგ არაფერი, არგონავტების ამბავი და მისი საიდუმლო ჩასაძევი რომ გვაქვს. მერე , უფრო მოგვიანებით, თუ დავიბრუნეთ გზა, თუ იყვნენ, თუ იქმნა დავით IV-აღმაშენებელი, გიორგი, თამარი, „რით შეაყენა ის ხომალდი გრძნეულმა დაღმა, შენ არ იცოდი, ვერც გაიგე, ისე დაბერდი“-ო, – გალაკტიონის სული რომ დღესაც ბორგავს, უნდა ვუპასუხოთ როგორმე.

იყო ძლიერი, გაშლილი საქართველო, „ტყეში შეჭრილი, ტოტებად შლილი, საამო, გრილი ხეების ნიში“, „რა ფართე, რა ფერა-ფერა მერთე თამარ მეფემ ერა“, – გამოჩნდა მონღოლი თუ ხვარაზმშა და… დავიწყეთ ფორთხვა!

ყოველივეს ძველ ამბავთა გარკვევა უნდა, – დაცემა წამიერად არ ხდება, მონღოლის გამოჩენამდე კარგა ხნით ადრე ფუჭდებოდა საქმე.

ნუ შევდრკებით ამიტომ რუსთაველის ეპოქაში თუ ცოტა სხვაგვარად მინდა მიმოვიხედო.

ჩაძიება უნდა ისტორიას, უწყვეტადაა იგი მიბმული დროზე, – საუკუნეთა მიღმა ნაქმნელი მოქმედებს დღესაც!

გამთლიანება უნდა გარდასულ ჟამთა, – დაწყვეტით გვიწერია.

დიდია თამარი, წინასწარმეტყველია შოთა, – თუ ეკამათებოდა.

„ქართული ეკლესია ბიზანტიურს უჭერდა მხარს, არა მარტო იმიტომ, რომ, ის კათოლიკური ეკლესიისაგან განსხვავებით, თვითონაც რომ მართლმადიდებლური იყო, არამედ იმიტომაც, განზრახული რომ ჰქონდა( და ამ განზრახვას სრულებითაც არ მალავდა!), ახლო მომავლში თავად დაეჭირა ბერძნული ეკლესიის ადგილი. რომის მსგავსად, მასაც ეწადა ერთგვარი რელიგიური იმპერიის ჩამოყალიბება.

აი ეს იდეა, სამოქმედო პროგრამის სახით, გამოიტანა თამარმა ექვსი წლის არალეგალური მეფობიდან და ამ იდეას მომავალშიც ისეთი მონდომებით უჭერდა მხარს, არავითარი ევროპულის გაგონებაც კი არ სურდა. მისი ყოველი ნაბიჯი ამ თვალსაზრისით უაღრესად მაქსიმალისტური იყო. თამარმა შეიფარა და ტრაპიზონის          სამეფოში გაამეფა თავისი ანტიევროპულობით ცნობილი ბიზანტიელი კეისრის, – ანდრონიკ კომნენოსის ვაჯი ალექსი.

ქართული ეკლესიის ასეთი აღზევების იდეა თამარის ყველაზე გაბედულ, ყველაზე აქტიურ  და ამავე დროს ყველაზე მასშტაბურ იდეად უნდა მივიჩნიოთ.

ამ მიზნამდე საქართველო არც ისე შორს იყო, მაგრამ მიზნის სიდიადე და სიახლოვე ერთგვარ თავბრუსხვევას იწვევდა,რაც უპირველველესყოვლისა

8

 

გამოიხატებოდა საკუთარი მძლავრი შესაძლებლობების არასწორი კალაპოტით წარმართვაში!“(თამაზ ჭილაძე).

მაშ..

ვიფიქროთ კარგად…

იქნებ არ იყო ჟამი მოყვანებად, იქნებ სწორედ რომ სხვა კალაპოტში უნდა ედინა, სხვა მხრით წარმართულიყო „მძლავრი შესაძლებლობები“, იქნებ არ უნდა გადაგვეხვია დიდი დავითის გზიდან, იქნებ არ უნდა დაგვიწყნოდა, როგორ და რა მიზნით დაიწყო დიდი დავითის მეგობრობა ევროპელ ჯვაროსნებთან.იქნებ უფრო ზუსტად უნდა ჩაგვეძია, საიდან დათვლილ-ნაანგარიშევით შეიჭრა იგი ალეპოს სულთანის, ელღაზის თუ ილღაზის სამფლობელოებში და ამას სულ ერთ წელიწადში დიდგორი მოყვა. ხომ სულაც დიდგორზე დაჭრილი და ბრძოლის ველიდან გაქცეული ელღაზის პირად საქმედ მიიჩნევს ამ ბრძოლას ფრანგი გოტიე.

იქნებ არ უნდა დაგვვიწყნოდა ის ორასი „ფრანკნი“ დიდგორს რომ იახლა აღმაშენებელმა, ნიშნად ევროპასთან მეგობრობისა.

იქნებ…

მრავალი იქნებ გროვდება საპასუხებლად კითხვისა, „რით შეაყენა ის ხომალდი გრძნეულმა დაღმა“.

ვინ დამიჯერებს ახლა, ასე უცებ, ამას ღრმა ისტორიების გამოტანა და „ვეფხისტყაოსნის“ საიდუმლოს გამხელა უნდა, მაგრამ „მიზნის სიდიადე და სიახლოვე(რომ) ერთგვარ თავბრუსხვევას იწვევდა“, ამას რუსთაველი ხედავდა, იქნებ არ უნდა მიგვესწორებინა მეფე თამარ წმიდა სამების მეოთხე ჰიპოსტსად, იქნებ არ უნდა მიგვესწორებინა იგი ღმრთისშობლისადმი… იქნებ არ იყო ჟამი მოყვანებად.

„ვთქვი: უჟამოდ არ წესია, მოყვანა და მზისა ხმობა:

მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა“-ო,

ფატმანის ეს სიტყვები  პოემის „სახე“-სიუჟეტით , გარეგანი ფორმით სხვას ბატონობს, ფიქრია ფატმანისა ავთანდილისთვის ნაამბობი, ორ გრძნეულთაგან(ო, როგორ გვანან ეს შავი კაცები წარმოშობით ქურთ, შავ მხარგრძელებს!)  გამოხსნილი ნესტან-დარეჯანის ხილვისას, მაგრამ…“ტანით“ იმ ძნელს გულისხმობს, რაც ზემოთ დასმულ კითხვებში მოჩანს.

საკვლევი და გამოსატანი ბევრია, ამ წერილში პროლოგს და ეპილოგს განვიხილავთ მხოლოდ.

 

*     *      *

როცა “ვეფხისტყაოსანზე“ იწყებ ფიქრს, არ შეიძლება არ შეგაწუხოს დავით კარიჭაშვილის მსჯელობამ, მის მიერ 1903 წელს გამოცემული პოემის წინასიტყვაობაში რომ დაუწერია:

„ვეფხისტყაოსანი“ შედგება სამი უსწორმასწორო ნაწილისაგან, წინასიტყვაობისაგან, რომელიც შეიცავს 31 ტაეპს,თვით პოემა-რომანი, რომელიც შეიცავს 1540 ტაეპს და უკანასიტყვაობისაგან, რომელიც შეიცავს 5 ტაეპს. ბევრს სამივე ეს ნაწილი ერთ მთლიან თხზულებად და ერთი ავტორის ნაწარმოებად მიაჩნიათ. ჩვენ ეჭვი შეგვაქვს ამ ერთიანობაში და ვფიქრობთ, წინასიტყვაობას და უკანასიტყვაობას არამცთუ არაფერი საერთო აქვთ რა თვით თხხულების მოთხრობასთან არამედ თვითონ ეს ნაწილები ცალკე არაფერს ერთიანს არ წარმოადგენენ და როგორც წინასიტყვაობის,

9

 

ისე უკანასიტყვაობის ტაეპები სხვადასხვა პირთაგან და სხვადასხვა დროს უნდა იყვნენ დაწერილნი. „

შეცდა   ბატონი  კარიჭაშვილი

სხვებიც შესცდნენ,ბევრნი…

ნიკო მარი თვლიდა, რომ პროლოგში რუსთაველის საუკეთსო სტროფებია, მაგრამ ოცდათერთმეტიდან ცხრა ისეთი გადაჰყარა , რომელთა გარეშეც მართლა ვეღარ გაიგებ ვერც პროლოგს და მგონი , პოემის მთავარი აზრის გამოცნობაც გაჭირდება.

ვუკოლ ბერიძემ მხოლოდ ორი სტროფი არ მიიჩნია რუსთველურად, მაგრამ მისგან უგულებელყოფილი სტროფებიდან ერთი საქართველოს  ისტორიაში  მომხდარ , მეტად აღმაშფოთებელ ფაქტს მალავს,მეორე კი მთავარი გასაღებია რუსთველურ პრინციპებთან საზიარებლად, მთავარი წვერია იმ გორგალისა რომელსაც უნდა გაჰყვე, რათა შოთასგან თქმული „ვთქვა მიჯნურობა პირველი“ გაიაზრო, რუსთველურად ახსნილ საზეო მიჯნურობის არსს მიუახლოვდე.

მიხაკო წერეთელმა „ვეფხისტყაოსნის“ მხოლოდ 5 სტროფი ჩათვალა რუსთველურად. პავლე ინგოროყვამ ჯერ 10, მერე 19-მდე ავიდა. ალ. ბარამიძემ

23 სტროფი მიიჩნია შოთას ხელით დაწერილად, აკაკი შანიძემ 27,ნოდარ ნათაძემ 32, სარგის კაკაბაძეს მიაჩნდა, რომ პროლოგში რუსთველურია არა 31, არამედ 33 სტროფი.ვაჟა-ფშაველას ერთადერთი სტროფი არ ეიმედებოდა, განსაკუთრებულად გამოვყოფთ ქვემოთ.

რა ვქნათ?

მოდით ჯერ „ვარდის ფურცლობის ნიშანი“ გადავფურცლოთ:

„ეტყობა რუსთაველთან დაკავშირებით, მართლაც მომხდარა რაღაც დიდი კატასტროფა, პოლიტიკური ხასითისა( პროფესორი ამირან ცამციშვილი ასაბუთებს თურმე,რომ შამქორის ომთან დაკავშირებული დავის შემდეგ, დავით სოსლანს და ზაქარია მხარგრძელს თითქოს ძელზე მიეკრათ შოთა, – რ.ზ.),რადგან სხვანაირად ძნელი ასახსნელია მისი სახელის სრული გაქრობა იმდროინდელი დოკუმენტებიდან, სადაც თამარის ორი დესპანი ქალის სახელიც კია შენახული“.

ჰო, ასეა, კარგად თუ დავაკვირდებით, მატიანეში იმ ძაღლების ჯიშიც კი შეიძლება დავადგინოთ. რომელთაც სომხური და ქართული სებისკვერები მიუგდეს კათოლიკოსებმა, რათა გამოერკვიათ, რომელი იყო მართალი,ქართული მართლმადიდებლობა თუ სომხური გრიგორიანელობა. და რატომ არაფერი შემოგვრჩა  შოთას შესახებ?

ვეთანხმები ბატონ თამაზ ჭილაძეს, – თითქოს ვახტანგVI  “ვეფხისტყაოსნის“ მისეული გამოცემის „კომენტარებში“ რუსთაველის რეაბილიტაციას ახდენდეს.

რატომ უნდა ყოფილიყო დევნილი შოთა?

და თუ ვინმეს არ სჯერა, ეს რომ ასე იყო, ვეკითხები და გამცეს პასუხი:

იმ განათებულ, გაჩახჩახებულ XII საუკუნის მატიანეებში რატომ ვერაფერს ვპოულობთ დაწერილს  ამხელა მოაზროვნის შესახებ(თუ, რათქმაუნდა, „ვეფხიტყაოსანი“ „ბუნდოვანი“ წიგნი და  იდიოტობა არ არის, როგორც ზოგ-ზოგებს, გარეულს თუ შინაურს ჰგონიათ!)?

მენდეთ, სხვა სულ არაფერი რომ არ გაეკეთებინა ვახტანგ VI-ს, მაინც არაფერი ჩაუთვალა გურამიშვილმა, -

„ვერა ვნახე რა მაგისი

ღრმად საქმე მინაწვდომარე,

10

 

რაზედაც მიდგა, არ დარჩა,

ის საქმე წაუხდომარე“-ო,-

ვერ გამოდის დავითი მართალი, ვახტანგ მეფე  მრავალთაგან დასწვავად, გასანადგურებლად გამეტებულ „ვეფხისტყაოსანზე“ ზრუნვისღვის ღირს არს!

რაღაცა თუ არ იყო კარგად შოთას დროს. ვგონებ, პირველმა დავით მჭედლურმა მიგვითითა, რომ სწორედ XII საუკუნის ბოლო ხანის ქართულ სახელმწიფოში გამოჩნდა იდოლოგიური კრახის პირველ ნიშნები, რომელთაც ისტორიულად მალე უნდა მოჰყოლოდა დიდი კატასტროფა.

ხოლო იყო -„აქა კუალა სამებისა თანა იხილვების ოთხებად თამარ, მისწორებული და აღმატებული“, -თუ სწუხდა შოთა, დაწერა, შეეკამათა!

ნუ გავიკვირვებთ, რაც ვთქვი, მერე რა, თუ წარმოგვიდგება „ოქროს ხანა“, ზეობა გაშლილი ქვეყნისა. არ გამიხდია ცალკე კვლევის საგნად, არაა, მარტივი შუა საუკუნების ქართული ეკონომიკური ცხოვრების წესის, წარმოების, აღებ-მიცემობის და რაც მთავარია, განაწილების წესის კვლევა, მაგრამ  „მგელი და ცხვარი ერთად როდი ძოვდა მაშინდელ საქართველოში,სოციალური სამართლიანობის დამყარებაზე ოცნებაც კი ნაადრევი იყო“( თამაზ ნატროშვილი, „მაშრიყით მაღრიბამდე“).  სხვას რომ ყველაფერს დავანებოთ თავი, იმდენი უშოვნელ- უპოვარი ყავდათ, ქვეყნის ბიუჯეტის მეთედი(მაშინდელი ტერმინოლოგიით „ნაათალი“), ქვრივ ობლებზე და გლახაკებზე იყო გადათვლილი.

ნუ გვჯერა, რომ სამოთხე სუფევდა ქვეყანასა იმას!

თუ იყო მეფე თამარ თვინიერ, თუ იყო მეფე გულმოწყალე, ვაითუ უფრო იგებდნენ ამით, ერთ დროს დიდი პაპისგან და მამისგან უკან დაწეული, ახლა წინ წარმომდგარნი  ნაშიერნი დიდგვაროვან ფეოდალთა.

შეაწუხებდა ეს ყოველივე შოთას და არა მხოლოდ!

„მიუდგა თამარ განწმენდილითა გონებითა და ტაძრისა ღმრთისა აღმსჭუალულისა სანთლითა სხეულისათა, მხურვალითა გულითა და განათლებულითა სულითა ტაბახმელისა ბეთლემმყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა“, – ეს აღთქმა იყო ძნელად შესანახი.

მოკლედ რა  უნდა ვთქვა, ძალიან გრძლადაც ძნელი სათქმელია, რამდენი ყანწი გამოსცალეს ალბათ, ივანე და ზაქარია ძიებმა, როგორ დალოცეს ღმერთივით ბიჭის დაბადება, მერე კი, სულ რაღაც ოციოდე წლის მერე…

გელათის სამარხიდან ამოღებული დედის ძვლების გადასასვენებლად იერუსალიმისკენ ძლევამოსილად მიმავალ ლაშა-გიორგის ძალიან დაუხლართავენ ხლათის ქვეყანაში საქმეს.

რაც ამას მოყვა…

„ვეფხისტყაოსნის“ ეპილოგშივე გაიმხილება, რომ ეს პოემა დაიწერა „საკამათებლად“ იმათი, ვინაც „ქართველთა ღმრთისა დავითის“ პოლიტიკურ გეზს გადაუხვია, უფრო მეტიც, საკამათებლად იმათი,ვინაც დიდი დავითი გაამჟღავნა, „გაამჩივნა“, მის საგარეო პოლიტიკას „წურბელისა მსგავსი ვერმაძღრისობა“  უწოდა.

შოთა ძალიან შეუწუხებია გიორგი მთაწმინდელის , დავით აღმაშენებელის, გიორგი ჭყონდიდელის მიერ კაცთა ღირსების საზრდელად წამოწყებული ბრძოლის უკან გადაწევა რომ მომხდარა და… “ვეფხისტყაოსანიც“ იმიტომ დაიწერა, თუ არღა იყო, ქმნილიყო „პირველ ზნენი და საქმენი“.

 

11

 

 

ნუ დაგვავიწყდება, ისტორიაში მეფეებისა და დიდგვარიანთა ბრძოლის დგანდგარა ამბებია მოთხრობილი და..ქვეყანა მარტო ეს ხომ არარის. კი ბატონო, -

,,… საქართველოს ჰყოლია ვასლები,

თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები,

ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,

რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად“,-

მაგრამ იმ „ვაშლებს“ თავსგასულნი თავადნი, ქონების სახვეჭად ურთიერთშეჯიბრში გაქაფული „მოალაფე“ ფეოდალები, ვაჭრები და დიდვაჭრები, უფრო თუ უცხო ტომისანნი, ზოგსაც  ეკლესიის მესვეურნი(ჩინგის ხანს რომ ქრისტეს რჩეულად გამოაცხადებე მერე!) ინაწილებდნენ, ხოლო მრავალნი „მდაბიორნი“ „საგლახაკოდ“ იყვნენ განწირულნი. ამ „გლახაკებში“ გნებავთ ისინი იგულისხმეთ სულის სანეტარებლად რომ „იგლახაკებდნენ“, გნებავთ ისინი, ეკონომიური პირობები რომ არ აძლევდა საშუალებას და იძულებულნი იყვნენ „ეგლახაკათ“, – გნებავთ ორთავე ერთად.

და გამოაცხადა შოთამ: „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა“, – პოემის პირველსავე სიტყვებიდან დაიწყო ბრძოლა.

ძნელად მოჩანსმეთქი…

იწვია მეფემ იერუსალიმიდან კაცი ღირსეული, სულის კაცი, ნიკოლოზ გულაბერისძე…

დიდი საეკლესიო კრება მოიწვიეს, გაენათელი ანტონ საღირისძე და თავად ნიკოლოზ გულაბერისძე წარმართავდნენ და…

მითხარით ერთი რას უნდა ნიშნავდეს ის ამბავი, ქართლის მაშინდელი კათალიკოსი, უღირსი მიქაელი კრებასაც კი არ დაასწრეს, მაგრამ…   ჰოი სასწაული!

დიდი მცდელობის მიუხედავად ეს მიქაელი თანამდებობიდან ვერ გადააყენეს!

გარდაცვალებამდე უკათოლიკოსებია, გარდაცვალებას „განუყენებია“ მერე და რა გულით იქნებოდა, სანამ იქნებოდა. თან რომ ეს კათოლიკოსობაც ხომ გულაბერისძისთვის წაურთმევია თავის დროზე, თურმე „ჭყონდიდელ-მაწყუერელობა  და მწიგნობართუხუცესობაც მოევერანგა უფლისაგან“ . ეს „უფალი“ ვინ იყო, არცაა გარკვეული და იმასაც ამბობენ, ამ მიქაელს ვეზირობა გიორგი III-ის გარდაცვალების უმალ „მოუვერანგებია“.

არც ის არის ზუსტად ცნობილი, თამარის მეორედ მეფედ კურთხევამდე მოხდა ეს ამბავი თუ გიორგი რუსის ჩამოყვანის მერე, მისი ხელშეწყობით.

ეს მიტაცებ-მოტაცებები თანამდებობებისა უბრალოდ არ ხდება, კარგა გვარიანი ინტრიგები მოჩანს სამეფო კარზე, – და არც უბრალოდ გვიჩნდეს ეს ამბები.

ან ის მიაჩნია იქნებ ვინმეს უბრალო საქმედ, რომ თამარისთვის , მეფედ და ქვეყნის პატრონად ქცეული ქალისთვის მეუღლის შერთვა მავანთათვის სამეფო კარზე გავლენის მოპოვების უპირველეს საშუალებად რომ იყო ქცეული. კი ბატონო, საჩრდილოეთო პოლიტიკა განსასზღვრავი იყო ალბათ, ალბათ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი და ამიტომ გაიმარჯვა კიდეც აბულასანის დასმა. ეს იყო, ვინღა კითხულობდა ნებას მეფისა, უსწრაფეს აწვიეს ებრაელი დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი ყივჩაყეთს, სუზდალის რუსეთის სამთავროდან ბიძის მიერ ექსორიაქმნილი იური ანდრიას ძის ჩამოსაყვანად.განა ნაკლები ვაჟკაცი ყოფილა, – „წარმოიყუანა და მოიყვანა უწინარეს პაემნისა მოყმე სახეკეკლუცი, სრული ანაგებითა მჭვრეტთაგან საჩენი გუარისშვილად“, მაგრამ ვინღა გაიგებს ახლა გულს რა ზრახვანი ედოთ  იურის „მჭვრეტთა“!

ჰო, ამას ვეღარ გავიგებთ, მაგრამ ის ხომ ვიცით, ყოველივე ეს რომ ტრაგედიად ექცა მეფესაც, ქვეყანასაც!

შოთა? – შოთა დაგვავიწყდა, მას ხომ თამარი უყვარდა, სად იყო ამ დროებში იგი რასა იქმოდა?

ეეჰ, რა უნდა ექნა!!!

იბრძოდა, წერდა…

ო, როგორა გავს ზანქან ზორაბაბელი ვეფხისტყაოსნის უსენს, ხოლო სასმელში თავჩარგული ის სასიძო, ნესტანისთვის რომ უნდოდა ამ ვაჭარს, რუს იურის!

ეს იური კი,- ბედი არ ჰქონია საწყალს, ან ჭკუა, ან არცერთი. სუზდალიდან გამძვინვარებულ ბიძას გამოჰქცეოდა და აქედანაც მალე ააკვეთინეს ფეხი.იქიდან ხომ „ექსორია-ქმნილი“ იყო, აქაც „წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა“

ამით რომ ვერ მოთავდა?

აბა მისი ჯანყები ნახეთ!

იური რის რევოლუციის მომწყობი იქნებოდა, ბევრნი დასდგომიან გვერდში, მეფისადმი ავის ზრახვითა მთელს დასავლეთ და სამხრეთ- აღმოსავლეთ საქართველოდან, ერთი ჯერი უმარჯვნიათ კიდეც, მეფედაც დაუსვიათ გეგუთს.

ვინ აიფარა წინ იური?

ვარდან დადიანმა!

ეგ კიდევ თამარის მამის  მარჯვენა ხელი იყო თავის დროზე.

რა უნდა იყოს მომხდარი?

რა გითხრათ, თავად იფიქრეთ, მე ასე ცოტცოტაობით მოგითხრობთ.

ხოლო..

იყო ეს ჯანყები და კიდევ რაღაცეები, იყო უბედურებად მეფისა, ქვეყნისა.

არ გამოვიდა კარგად,დავით აღმაშენებლის მიერ უკან დაწეულ(შეიძლება ვთქვათ,დამხობილ) ფეოდალთა შთამომავლებმა ისევ რომ წამოიწინაურეს და უკან დაიბრუნეს ძალაუფლება. „აღმყვანელთა საყდართა და საჯდომთა მამაპაპეულთა აღსუეს მზე იგი… და მოიღეს გვირგვინი“.

ბოღმიან ზრახვით თუ იყვნენ, „დრო იხელეს ძლიერი გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ არ გაგრძელებულიყო მისი პოლიტიკა და თამარის სამეფისკარო პოლიტიკის ხელწერისათვის თავისი გავლენის აშკარა თავსმოხვევა მოინდომეს(როინ მეტრეველი, „მეფე თამარი“)

მოინდომეს და შესძლეს კიდეც.

იცვალნენ გეზნი, – ვაჰ, თუ არა იყო ნებად მეფისა!

ხოლო, ვინ იყვნენ ისინი, თამარის გარდაცვალებიდან ძალიან მალე, თითქმის უბრძოლველად რომ ჩაბარდნენ მონღოლს თუ ხვარაზმს?

ხომ უნდა ვიკითხოთ, რა მოხდა ისეთი, რამ დააძაბუნა მთელს კავკასიაში განფენილი უძლიერესი(განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით!) ქვეყანა ისე, რომ ღირსეულად ვეღარ ვებმოდით მტერს?

რამ დაგვაუძლურა სულსა შიგან ისე, რომ „სამოთხედ გამოცხადებული საქართველოს მონღოლთა მოხარკედ გადაქცევა ჩინგიზ ყაენის ქრისტეს რჩეულად გამოცხადებით ავხსენით(სვიმონ მასხარაშვილი)?

კი ამბობს სომეხი ისტოროკოსი კირაკოს განძაკეცი, რომ მონღოლთა შესახებ გავრცელდა ყალბი ხმები, თითქოს ისინი ქრისტიანული სარწმუნოებისანი არიანო, მაგრამ… ხომ უნდა დავიქრდეთ იმაზე, თუ ვის შეეძლო გაევრცელებინა ეს ხმები? რა გითხრათ, ამაზე თქვენ იფიქრეთ, მაგრამ ის, რასაც ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, დიდი უბედურება მგონია მე:

„ხოლო ითქვა ესეცა, ვითარმედ ჩინგის ყაენი აღვიდა მთასა მაღალსა და გამოუჩნდა იესო ქრისტე, ღმერთი ყოველთა, და მან ასწავა სამართალი, სჯული, სიწმინდე და სიმართლე,ტყუილისა, პარვისა და ყოვლისა ბოროტისაგან განშორება,და რქვა:

თუ მცნებანი ესე დაიმარხე, ყოველთა ქვეყანა შენთვის და ნათესავთა შენისთვის      მიმიცემიეს, წადი და აღიღე ყოველი ქვეყანა, რაოდენი გეძლოს“.

ოი, ღმერთო ჩემო, როგორ უცებ დავიწყებიათ ქართველთა აღთქმა „აქა კუალა სამებისა თანა იხილვების ოთხებად თამარ…“, „… მუნ შვა ძე სწორი ძისა ღმრთისა“!

ეს დაცემაა, დაცემა ზნეობისა, სულისა, გონისა, ხორცისა, – დაცემა წამიერად არ ხდება, ეს დაცემა მზადდებოდა!

არადა..

საკმარისია ღრმად ჩახედო ერთი ასწლეულის განმავლობაში აღმოსავლეთ დასავლეთს(გნებავთ მოვამატოთ, ჩრდილოეთსა და სამხრეთს!) განვითარებულ პოლიტიკურ ძვრებს, დააკვირდე XII საუკუნის მთელს სიგრძეზე განფენილ ისტორიას, რომ დარწმუნდე: თუ სწორად გაგრძელებულიყო იმ ენერგიის მართვა, რომელიც უწყვეტად მოედინებოდა დავით აღმაშენებელის უდიდესი პოლიტიკური გონიდან, მისი გათვლებიდან, მონღოლთაგან მოტანილი, ისტორიის კატაკლიზმად წოდებული საშინელების ისეთი დახვედრა შეიძლებოდა, მაჰმადიან სულთანს თუ კათოლიკე ჯვაროსანს ქართული პოლიტიკისთვის ეგდო ყური.

ამის სანაცვლოდ კი, ისე ვქენით, რომ ახლო წარსულში დავითის მიერ ნამეგობრებ და მერე ჩვენგანვე უარყოფილ ევროპას(რომის პაპას) შევთხოცდით შველას.

საოცარია, აქედან ჩვენ ვეაჯებოდით, იქიდან კიდევ დამფრთხალი სულთნები.

თან რომ ამ ევროპასაც თავად აჟრიალებდა მონღოლის გაგონებაზე.

მოკლედ, ძალიან არეული იყო აღმოსავლეთ-დასავლეთი, – რაც ამას მოჰყვა.ძნელია ახლა აქედან იმის ზუსტად გამოკვლევა,რა მიზეზით და რა მიზნით მივეცით აიუბიანთა დინასტიის მძვინვარე სულთანს, ეგვიპტის გამგებელს სალაჰ ედ- დინს თავდაუსხმელობის „ფიცი“ 1185 წელს. მაგრამ მეფე თამარის ეს ფიცი, შესასწავლია ნამდვილად.

 

„სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა!

ესაა პირობა, რომელსაც ვდებ და ესაა ფიცი რომელსაც ვიძლევით:

მე, რომელიც თამარი ვარ გიორგის ასული. მეტყველი უფლის ბუნებითა და წმიდა სულით,იმ უფლისა, რომელიც სამი სახისა: მამა, ძე და სულიწმიდა.

ვფიცავ იმ საათს, როცა ღვთაებრივი სიტყვა სოფლის[ნივთს] დაუკავშირდა. ვფიცავ იმ სახეს, რომელიც მარიამმა ტანად იღო…“

 

და აღარც მინდა გავაგრძელო, კიდევ რას და რას იფიცება მეფე ქალი(ბევრია ძალიან!), იმ სალადინთან,რომელიც ჯვაროსნების დაუძინებელი მტერი იყო!.ჩვენ ის ვნახოთ, თუ რას დჰპირებია. კეთილი განზრახვით და კარგი სურვილით ვიქნებიო, შენი მოყვრის მოყვარე და მტრის მტერი ვიქნებიო,სანამდის ცოცხალი ვარო. არასოდეს თავს არ დაგესხმებიო, არც აშკარად, არც ფარულადო.

ოი ღმერთო!

სალადინი ჯვაროსანთა მტერი იყო, თამარიც ჯვაროსანთა მტერი გამოდიოდა(მთელი სიცოცხლე)!

ამ ფიცმა დააჭვა მკვლევარნი. ჯემშიდ გიუნაშვილი იმასაც კი ფიქრობს, არაბულ ენაზე დაწერილი ეს ფიცი თამარის სამეფო კარზე არც უნდა იყოს შედგენილიო.

რაც იყო და როგორც იყო, სალადინმა ამ ფიცით მყარი გარანტია მიიღო, რომ ზურგში არავინ დაარტყამდა, იერუსალიმს თუ შეუტევდა.

ამ ფიცის დადებიდან სულ ორ წელიწადში სალადინი ძლევამოსილად აიღებს კიდეც იერუსალიმს, გაჰყრის იქიდამ ჯვაროსნებს და მერე… უზარმაზარ თანხას შევთავაზებთ,რა არის ქრისტეს ჯვარი დაგვიბრუნოს. არ გარკვეულა დღემდე იმ ჯვარის საქმე. კი ბატონო, დაგიჯერებთ, რომ „საქართველომ ჯვაროსნებისათვის მხარის აბმას თავის ძლიერ მეზობელთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება არჩია“(მაგალი თოდუა), მაგრამ ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდები წინამდებარე წერილში.

ძნელია იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია დავითის საგარეო პოლიტიკური კურსის „გამჩივნება“, რად იბრიყვეს ქართველთა და „წურბელისა მსგავსი ვერმაძღრისობა“ დასწამეს ამ ღმერთკაცს, მაგრამ იმის მიხვედრა ხომ იოლია, ძალიან რომ შეწუხდებოდა ამით რუსთველი.

არა მგონია დავითის სულისთვის ელოცათ გიორგის სიკვდილის შემდეგ თამარის კარზე აღსაზევებლად დაძრულ დიდ გვარიანებს. ნეტავ რომელმა ითავა , რა და როგორ „ჩააწყეს“ საქმე  მამიდა რუსუდანთან,რათა  თამარმა „ხელ-ყოს ხელითა მეფობისა და კურთხევითა გვირგვინოსან- ყოფად აღვიდეს“( ო, როგორა ჰგავს ეს ქვრივი მამიდა რუსუდანი „ვეფხისტყაოსნიის“ მამიდა დავარს, – „დავარ იყო და მეფისა, ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი“, ნესტან-დარეჯანის „დაკარგვას“ რომ მიუწყო ხელი!)

ხო, ჩააწყეს საქმე ამ მამიდასთან, ესეც მივიდა და „… უბრძანა და მოახსენა თამარსა.“

ვაიმეე, რატომ არავინ დაფიქრებულა იმაზე, რა ვეზირი ამისთანა იყო რუსუდანი, რომ მაგას უნდა მიეტანა თამართან ამბავი. მეფედ შენს კურთხევას ითხოვენო.

„მეფედ კურთხევის ცერემონიალი ისე შესრულდა, რომ ხაზგასმული იქნა დიდგვაროვანთა უფლებები“( როინ მეტრეველი, „მეფე თამარი“).

ეს იყო,  ამ „უფლებებით“ არჭურვილთა  დაიტყვევეს ნესტან დარეჯანი( უუფ, მეფე თამარი უნდა დამეწერა).

რა მოყვა მერე ამას?

თანდათან თუ ივიწყებდნენ დიდი დავითის საქმეებს, უკუაგდებდნენ მის პოლიტიკურ- იდეოლოგიურ გეზს, თუ ემზადებოდნენ  თამარის სამეფო კარზე გასალანძღად დიდი მეფისა, „ქართველთა ღმრთისა“…

და იყო შოთა სული წინასწარმეტყველი, – გრძნობდა ყოველივეს, ხედავდა, – შეეკამათა!

ძნელი ამბავი წერია პოემაში, ძნელი ამბავი წერია პროლოგში,ეპილოგში. ამიტომ გვიჭირს მათი მიღება და ერთმანეთზე გადაბმა.

ზარი და ზეიმი, ქებათა ქება გვინდა იყოს იქა, არ არის, – ვეღარ გავრკვეულვართ.

 

*  *  *

არსებობს „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის სტროფთა დალაგების მრავალი ვარიანტი. „საერთოდ პროლოგის სტროფები ჭადრაკის ფიგურებსა ჰგავს, რომლებითაც ყველა მკვლევარი მისთვის ხელსაყრელ პარტიას თამაშობს“(თამაზ ჭილაძე)

და თუ ასეა, იქნებ არ გაგვიწყრეს სული მაღალი შოთასი, ჩვენც ვითამაშოთ ერთი პარტია.

ყურადღების და მოთმინების გამოჩენას შევთხოვ მკითხველს.წინამდებარე წერილში გამოსავალ „დედნად“ აღებულია:

შოთა რუსთაველი

ვეფხისტყაოსანი, „მერანი“, 1986წ(ტექსტი დაბეჭდილი 1966 წლის საიუბილეო გამოცემის მიხედვით)

უპრიანია მკითხველმა ჯერ წაიკითხოს ამ წიგნში მოტანილი პროლოგ-ეპილოგი, შეიქმნას საკუთარი დამოკიდებულება და მერე გააგრძელოს წინამდებარე წერილის კითხვა.

 

დასაწყისი

1

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

2

ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,

შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,

მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,

ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3

ვის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -

მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?

მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა.

4

თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,

ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.

მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,

ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

5

მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,

ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,

ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

 

 

6

აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, -

ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;

მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,

მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

 

7

მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი;

მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!

დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,

აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

8

მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:

ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;

დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,

ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

9

ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,

ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,

ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,

ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.

10

თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;

აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!

მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა ლხენა.

სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

11

რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:

მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;

კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,

არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.

12

შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,

საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,

კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

13

ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,

მობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,

მართ აგრევე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,

რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

14

მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,

რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,

არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,

ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

 

15

მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი;

თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;

განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,

მაგრა იტყვის: “ჩემი სჯობსო”, უცილობლობს ვითა ჯორი.

16

მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,

არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, -

ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:

დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

17

მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად,

სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;

ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.

მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

18

ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,

ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,

ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,

მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.

19

ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;

ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!

იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;

მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

20

ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,

ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;

იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;

ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

21

მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,

ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;

ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;

მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

22

მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,

მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;

ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,

კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა.

23

მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

 

24

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი,

ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა! გესმას ჩემი ნაუბარი!

25

ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,

გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.

26

ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:

დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;

ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა.

კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

27

არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,

თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,

შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,

დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

28

ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,

არ ბედითად “ჰაის” ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,

არსით უჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,

მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

29

მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს?

ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.

რათამცაღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს?

რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

30

მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:

ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა?!

თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?!

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

31

თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;

სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების;

იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების,

არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების.

 

 

                                        დასასრული

                                    გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.   

გარდახდეს, გავლეს სოფელი, – ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! -

ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.

ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.

 

 

ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად,

ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად,

ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,

ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.

 

დავითის ქმნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი!

ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,

პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი,

ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

 

ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი,

წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!

რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? ბედია მაყივნებელი,

ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

 

ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,

აბდულ-მესია – შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,

დილარგეთ – სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა,

ტარიელ – მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.

 

 

 

 

 

 

სანამ უშუალოდ პროლოგის წაკითხვას და დალაგებას შევუდგებოდეთ, იმ    მკითხველის საყურადღებოდ, ვისაც სჯერა, რომ თითქოს  „ვეფხისტყაოსანი“ მეფე თამარის საქებელ-სადიდებლად იყოს დაწერილი, უნდა ვთქვა:

თუ არ ჩავთვლით პროლოგის „ღაწვ-ბალახშ“, „თმა-გიშერისა“ „ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა“ სიტყვების შემცველ სტროფებს, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ თინათინისა და ნესტან-დარაეჯანის სახეთა ხატვაში თამარის მზის სხივი შეაფრქვია შოთამ, მაშინ პოემაში თამარის ქება არ არის.

„ვეფხისტყაოსანი“რომ თამარის ქება არ იყო, ეს აკაკი წერეთელასაც სჯეროდა:

„ეს თხზულება არც ზნეობითი ალეგორიაა, როგორც გვიმტკიცებს ვახტანგ მეფე, არც ამაო რამ საავზნეო ზღაპარი, როგორც ამბობს ანტონ კათალიკოსი და არც საკუთრივ თამარის ქება რუსთაველის პირადი გრძნობები, როგორც ზოგიერთებსა ჰგონიათ.

ეს პოემა მართლა არ იყო თამარის ქება, -“… მესმის ძნელია ამის თქმა, მაგრამ მაინც ვამბობ, რადგან ზურგს ისეთი ავტორიტეტები მიმაგრებენ, როგორიც ვახტანგ VI და იუსტინე აბულაძეა“(თამაზ ჭილაძე).

ასეა და დავიწყოთ ახლა პროლოგის წაკითხვა(არაბული ნუმერაციით(1,2,…) „დედანის“ რიგი აღინიშნება, რომაულით (I, II, …) ჩვენს მიერ დადგენილ რიგს გადავნომრავთ).

 

I.1.  რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა, ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა.

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

 

ამ სტროფის რელიგიურ-ბიბლიური ან ფილოსოფიური განმარტებანი რომ მოვიტანოთ, არ გამოგვივა, ძალიან ბევრია. იყოს გაგება პირველი ორი სტრიქონისა მკითხველის ნებისად, ვუწყოდეთ ხოლო, ზეცით მონაბერი სული, მარადიულ- უწყვეტი კანონზომიერება სუფევს ყოვლგანფენილ არსში და ყველაზე მთავარი:

„ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“

ამ სტრიქონში უზარმაზარი მუხტია, აქედან იწყებს დენას ის ენერგია, რომელსაც, უკვე მთელს პოემაში აზვირთებულს უნდა გაენგრია შუა საუკუნეების გაპოლიტიკოსებული „ღმერთის კუშტი, იდუმალი სამფლობელო“, უნდა უბრალოთათვის დაენახვებინა „ უკიდეგანო, ვარსკვლავებით მოჭედილი სივრცე“(თამაზ ჭილაძე).

ვიქრობდი ასე, ასე ვგრძნობდი  ლაღ სულს პირველი სტროფისა და დედნის მეორე სტროფის „ჰე, ღმერთო“, მთლიანად სტროფის ერთგვარი შემნანებლური სული რაღაცას ცვლიდა. „ჰე ღმერთო“ , რატომღაც „ეჰ, ღმერთოდ“ მესმოდა. შინაგანად ჩნდებოდა სურვილი, ეს სტროფი იქ არ ყოფილიყო, მაგრამ, ტრადიციულ, ამ სტროფების ერთადყოფნას შეჩვეულ თვალყურაღქმას ვერ ვღალატობდი და რომც მეღალატა, მომდევნო სტროფთა „კლასიკურ“ განმარტებათა გავლენით მეორე სტროფის კუთვნილი ადგილი მაინც არ იძებნებოდა.

მერე კი…

ისე მოხდა, რომ ამ სტროფმა უზარმაზარი დატვირთვა შეიძინა, კუთვნილი ადგილიც თვითონვე მოიძებნა. რა სამწუხაროა, რომ ნიკო მარი მას არარუსთველურად მიიჩნევდა:

ჰე ღმერთო ერთო, შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა

შენ დამიფარე,ძლევა მეც, დათრგუნვად მე სატანასა,

მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიმდე გასატანისა,

ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

 

დიდი შეცდომაა ამ სტროფის არარუსთველურად მიჩნევა იმ მიზეზით, რომ თითქოს იგი პირველი სტროფის შინაარსის განმეორებას წარმოადგენდეს. იპოვის ეს ტაეპი თავის ადგილს და სულ სხვანაირად დაიმუხტება.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეცდომაა ბოლო სტრიქონის არარუსთველურად მიჩნევა, იმ მიზეზით, რომ „სტრიქონში მოცემულია ვედრება უფლისადმი. იმ ცოდვათა შემსუბუქების შესახებ, რომლებიც ადამიანმა იქ, საიქიოში უნდა წაიღოს და ეს ყველაფერი კი ეწინააღმდეგება შოთას შეხედულებას საიქიო ცხოვრებაზეო: „Грузинский поет… отнюд не исповедует церковных взглядов на вудущий мир“( ნიკო მარი).

რაღაცაში მართალია მარი, რუსთაველს აქვს სააქაო- საიქიო ცხოვრების მეტად თავისებური ხედვა, რომელიც ნამდვილად განსხვავდება იმ ხედვისაგან, რომელსაც აღიქვამდა პროფესორი მარი რეალურად მის გარშემო არსებული „ცერკოვნი ვზგლიადებისაგან“. საკითხი რთულია და ჩვენს აზრს მხოლოდ მაშინ დავაფიქსირებთ, როცა მოვახერხებთ გავარკვიოთ, რა შეიძლება იყოს „მიჯნურთა სურვილი“, რომელიც  მთელს პოემაში ერთადერთხელ, მხოლოდ ამ სტროფში მოიხსენიება.

წინასწარ ერთს ვიტყვი მხოლოდ. „მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიმდე გასატანისა“-ო, – იტყვის შოთა და  არ შეიძლება ეს სტრიქონი ასე ავხსნათ:

„ მიჯნურობის სურვილს ნუ შემიმსუბუქებ, იგი სიკვდილამდე გამაყოლეო.“ ეს ასეც უნდა იყოს, მიჯნურობის სურვილი თან უნდა გვდევდეს მუდამ ,მაგრამ მხლოდ ასეთი ვიწრო გაგებით შორს ვერ წავალთ „ვეფხისტყაოსანში“.

ძალიან მნიშვნელოვანია რუსთაველის პოემაში მე-2-ე სტროფი, – უნდა გავხსნათ შოთასეული „ მიჯნურთა სურვილის“ არსი.

ახალ დალაგებაში ჯერჯერობით მეორე სტროფი არ წავიკითხოთ, იქნებ თვითონ შეგვახსენოს თავი. მეორე ადგილზე „დედნის“ მესამე სტროფი გადავიტანოთ

 

II. 1. ვის შვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბალახშ, თმა გიშერშისა,-

მას არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა შერისა?

მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს, მართ მიშერისა.

 

ჩვენ ერთი სტროფი გამოვტოვეთ. ახლა უნდა ვიფიქროთ, აზრობრივობა ხომ არ დავარღვიეთ?

დავაკვირდეთ I.1. სტროფის ბოლო სტრიქონს: „მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა“, ანუ „მიწიერი იერარქია ზეციერის შესატყვისია, როგორც ღმერთი დგას ყოველზე მაღლა,ასევე სოფლურ ყოფაში, – ხელმწიფე და მისი ეს მდგომარეობა ღმერთის მიერა რის დადგენილი, ხელმწიფობა ზეცით ნაკურთხი ინსტიტუტია(რევაზ თვარაძე).გნებავთ გავიგოთ ზუსტად ასე, გნებავთ ცოტა სხვანაირად, ეს სტრიქონი ბუნებრივად იერთებს ჩვენს მიერ მომდევნოდ ქცეულ სტრიქონს. მართლაც, მთავრდება პირველი სტროფი:

„მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა“

და მომდევნოში გვესმის, რომ ასევეა(ღვთივუფლებრივია), ისიც

„ვის(აც) შვენის, – ლომსა,- ხმარება შუბისა, ფარშიმშერისა,

მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერისა.“

პირველი სტროფის „ყოვლი ხელმწიფედან“ მეორეშიც რომ ხელმწიფეებს ვეახლეთ, ეს კარგად გამოდის.

ახლა კი იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს ნათქვამი ამ „ლომსა“-ქებულ სტროფში. არავინ გახდის სადავოს, რომ აქ მზის სხივთა დარად იფრქვევა მეფე თამარის მშენიერება.მეორეს მხრივ კი გაბატონებულ აზრად რჩება,თითქოს აქ დავით სოსლანი იყოს შეფარული, თითქოს ამბობდეს შოთა:

მას, ლომს(აქ: ლომის სადარ ვაჟკაცს!), ვისაც შვენის თამარის შუბისა და ფარ-შიმშერის ტარება, იმხელა აღმატებულ კაცად მივიჩნევ, „არ ვიცი“ როგორი „შესხმა ხოტბისა შერისა“, როგორი რჩეული ქება  შევკადროო. ახლა, არავის შეაქვს ეჭვი იმაში, რომ შოთა ეტრფოდა თამარს და… მერე რა რომ გათხოვილია ქალი უკვე, მაინც უნდა გასჭირვებოდა მიჯნურ კაცს, თავის სატრფოს მეუღლის ასე აღმატებული ქება. სხვა რამ უნდა ეწეროს აქ შეფარვით, ის რაც გაბატონებულ აზრად რჩება, სიუჟეტის პირველ. ყველასათვის განკუთვნილ განზომილებას შეიძლება მივაკუთვნოთ, თუ მაინცდამაინც. და თუნდაც მივიღოთ ეს სამი სტრიქონი დავით სოსლანის ქებად, როგორღა გადავდივართ უცებ, მეოთხე სტრიქონში თამარის ქებაზე?

„მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა, მართ მიშერისა“.

 „ყანდი ტკბილეულის სახეა, ხამს    –     ჯერ-არს, საჭიროა. მი – ზმნისწინი სახელზმნისა მირთმა, გამეორებული აზრის გასაძლიერებლად. ტაეპის აზრია:მის მჭვრეტელებს, ტკბილეული უნდა მიერთვათ“(ნოდარ ნათაძე).

ესე იგი, ამ სტროფში თურმე წერია, ისე უნდა ვაქოთ სოსლანი, მეტი რო არ შეიძლებოდესო და მის და  თამარის მაცქერლებს კიდევ, ტკბილეული უნდა მივართვათო. დავიჯერეთ ვქვათ ეს , მაგრამ რეიფილდი რომ დაგვადგეს ახლა თავს და გვიკრას ზედ თითი, ა, ნახეთ, თუ არ არის ბუნდოვანიო, სად მივდივართ მერე?

ეს ნოდარ ნათაძის მიხედვით.

ახლა სარგის ცაიშვილის ლექსიკონი გადავშალოთ:

აქ ყანდი შაქარია მირთმა – მირთმევა, შეჭმა და გამოდის, რომ  თუ ნათაძის მიხედვით ვინმე მჭვრეტელთათვის ჩვენ უნდა მიგვეტანა, მიგვერთმია ტკბილეული, ცაიშვილის მიხედვით, მათ თვითონ სადაც უნდა ეშოვათ და ეჭამათ უნდა ეს ტკბილეული, შაქარი თუ თაფლი. ამაზე მეტი ბუნდოვანება რაღა იქნება, რას ვერჩით რეიფილდს.

ჰმ, ზოგი მკვლევარი აქ ვახტანგისეული გამოცემის მიხედვით განსახილველ სტრიქონშში „მიშერის“ ნაცვლად „მშიერს“ იგულვებს და..დავიმალოთ ახლა, რეიფილდი არ გამოჩნდეს სადმე.

მაინც  ვნახოთ მეფე ვახტანგის კომენტარი.

„ყანდი შაქრის ყინული არის: ეს შაქრის ყინული რომ კაცს მის მჭვრეტს წინ ედვას იმისი ყურება ეყოფა; ის მართებს მშიერსა მისცეს. მშიერად ვინც თამარს ვერ ნახავს, იმას უბნობს; ვინც ნახავს, იმის მნახავს ასე ეუბნება ამის ნახვა ხომ გასაძღომელად გეყოფა, შაქრის ყინულს რაღას აქნევთო“.

აცხოვნე უფალო ამისი სული, რა დაბნეულია მეფე.

განსახილველ სტრიქონში „მიშერის“ ნაცვლად “მშიერს” მკვლევარი ზაურ ბიძინაშვილიც იგულვებს და მიაჩნია, რომ „ლომი“ ამ სტროფში ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმნიშვნელი სიტყვაა. თურმე, ამ სტროფში იგულისხმება რომ „ მისმა მჭვრეტელებმა(ესეიგი სარწმუნოების მსახურებმა) მიღებული სიტკბო(„ყანდი“) უნდა გადასცენ „მართ მშიერთ“ ანუ ღმრთის წყალობამოკლებულთ. ეს დაწერა ახლა ვითომ აქ შოთამ? ეს ხომ ტრივიალურია, დიახ, ღვთისმსახურებმა სითბო, სითკბო და მადლი უნდა გადასცენ მრევლს.

ხომ ვართ ახლა ჩვენ დაბნეულები“?

მინდა ვიჩქარომეთქი, სანამ რეიფილდი გამოჩნდება, მაგრამ არც მთლად აჩქარება გამოვა.

კი ბატონო. „მისთა მჭვრეტელთა“ გნებავთ დავით სოსლანის მჭვრეტელებს ნიშნავდეს, გნებავთ, მეფე თამარისას, გნებავთ ორთავესი ერთად და გნებავთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების მსახურებს, ამით არაფერი ფუჭდება, მაგრამ სად არის სიმართლე?

ერთმა ლიტერატორმა ჩემთან საუბარში ასეთი აზრიც გამოთქვა. ალბათ შოთა იმას გულისხობს, რომ მეფე თამარის და მისი „ლომის“ მჭვრეტელები ამათი ცქერით ისე დატკბებიან, როგორც შაქარი და თაფლიო.  „მირთმა“-მეთქი? – შევახსენე.  ისე დატკბებიან, როგორც შაქარ და თაფლ მირთმეულებიო.

და რა უნდა ეწეროს ამ სტროფში?

ხომ არ გამოდის კარგად რაღაც, მაგრამ, ნაწარმობის პირველ განზომილებაში, ყველასათვის მისაღებ ვარიანტში. ალბათ უფრო ნათაძისა და ცაიშვილის ვერსიების  რაღაცნაირი შეჯერება უნდა მოხდეს.

ხოლო…

ჩვენ ვეძებთ შოთას შეფარულ სიტყვას. ძნელია ამის მოთხრობა, ძნელია იმის გადაჯერება, რაც აგრე რიგად გვჯერა, მაგრამ თქვენი არ ვიცი მკითხველო, მე კი, წავიკითხავ თუარა მოტანილ სტროფს, თამარისა და შოთას პიროვნული ტრაგიზმი მიდგება თვალწინ.

სრულებით მაქვს შეგრძნებული ტრფობა  დიდი ხელოვანის, მაღალი სულისა მეფე ქალისადმი და… განშორების სიმწარე!

გნებავთ ნუ ირწმუნებთ იმას, რასაც მოგითხრობთ, ხომ ძნელი მოსასმენია თამარის სიტყვები, მაშინ რომ უთქვამს, როცა ამცნეს გადაწყვეტილება ქმრად იური რუსის ჩამოყვანის შესახებ:

„კაცნო, ვითარ ღირს(არს) შეუტყობელი ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა დასაქმე, არცა მხედრობისა, არცა ბუნებისა და არცა ქცევისა“.

მგონია, არც უნდა გვეწეროს ეს სიტყვები ისტორიაში.

თამარის ამ სიტყვებიდან ხომ ისიც ჩანს, რომ თუნდაც ქვეყნისთვის საჭირო  შორი პოლიტიკური ხედვები იყოს რუსთან დამოყვრებაში, ეს ხედვები რომ თამარის გამოთვლილი არ არის, ხომ ცხადია?

პოლიტიკურს კიარა, თავინთი მომავალი გავლენების საშუალებებს აყურადებდნენ, ათვალიერებდნენ, სჭვრეტდნენ მავანნი.

„თამარის უარზე იგინი წინააღუდგებოდეს უშვილობასა მოახსენებდეს, სახლისა მისისა უნაყოფობასა დრტვინდეს, წინამძღუარსა სპათასა ითხოვდნენ და ყოვლითურთ  შაიწრებდეს სულსა მისსა… ესეოდენ მძიმესა საქმესა სუბუქად შეეხებოდეს.“

„შაიწრებდეს…“

ძნელი მოსასმენია, აქედან და იქიდან უტევდნენ მეფე ქალს სხვადასხვა დასნი, რაა არის მათგან ამორჩეული, მათი თვალნადგამი, მათი ნაჭვრეტი მიეღო მეუღლედ,ზრდილიყო შემდგომად მათი გავლენა, იოლად ჩაეგდოთ ხელში ტკბობანი ამა ქვეყნისანი.

ხომ არ უნდოდა იმ ქალს იური, ახლა მეორე ჯერზე ნახეთ…

„მოწამე არს ჩვენ და ღმერთ,არაოდენ ყოფილა გული ჩემი მოწადინე ქმრობისა, არცა პირველ, არცა აწე“,- და ხომ მაინც თავისი გაიტანეს მამიდა რუსუდამა( ახ, ეს შენა ხარ მამიდა დავარ!) და მასთან შეკრულმა დიდებულებმა.

ჰოდა, რომ ვკითხულობ განსახილველი სტროფის პირველ სტრიქონს,თითქოს სევდიანი ხმა მესმის პოეტისა, რაღაც წუხილი. და არ ვარ აქ მარტო, ვაჟა-ფშაველა დამადგება თავს:

„შოთას გული, როგორც მოწინავე კაცისა ამ საკითხით უნდა ყოფილიყო გამსჭვალული. მოწვევა უცხოელისა ორნაირად შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო შოთასი: ერთი, რომ ერისა, თავისი ქვეყნისადმი სასრგებლოდ არ მიიჩნევდა ამას მისი საღი გონება და მაშასადამე იტანჯებოდა მისი ეროვნული გრძნობა. მეორე, ამ მოწვევით პატრონი უჩნდებოდა მის ხელმქმნელსა“.

ვინ იტყვის ახლა რა ცბიერებანი, რა პოლიტიკური ინტრიგები თამაშდებოდა, რად ვერ წინააღუდგა მეფე ქალი მავანთა ნებას „სახლობისა“ თვისსა საკითხში „არცა პირველ და არცა აწე“, მაგრამ მაგრამ ხომ ცხადია ყველა ჯგუფი, რომელთაც ფავორიტი ჰყავდატ თამარის მეუღლის „პოსტზე“, ოდენ პირადი ანგარებით განსჭვრეტდნენ ყოველივეს. „იური უფლისწულის საქართველოში ჩამოყვანა და თამარ მეფის ქმრად ხელდასმა ქვეყნის მმართველი სოციალური წრეების გარკვეული, საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯგუფის გეგმით იყო განხორციელებული“( როინ მეტრეველი).

მოასწრო და დაუფასა იურიმ “მისთა მჭვრეტელთა“!

ქართლისა და თბილისის ამირა აბულასანი ერისთავთ-ერისთავად იქცა,რუსთავისა და „შვიდთა მთეულეთთა“ პატრონად აღზევებულა,  მეჭურჭლეთუხუცესის სახელოშიც გაუყვია ხელი…

ეს რაც იურის ჩამოყვანის მთავარ იდეოლოგს ერგო, თავად ჩამომყვანი ბატონი დიდვაჭარი ზანქანი როგორ „იგულავებდა“, ხომ წარმოგიდგენიათ.

.მალე კი შეიცვალა რაღაც.  გიორგი რუსის გაძევებას თან მოყვა აბულასანის დაქვეითება, „სოდომის ცოდვისა“ და „სკვითური სენის“ (ო როგორა გავს ეს იური, იმ სასიძოს, „ვეფხისტყაოსნის“ დიდვაჭარ უსენს რო ნესტანისთვის უნდა!)ბრალდებით განკვეთეს იური, „ექსორია-ქმნეს“!

მერე დიდი ჯანყები?

მეორედ ვკითხულობ, ვითომ იურიშ ქონდა ამისი თავი?

არადა „იური ანდრიას ძის შემოსვლები საქართველოში ცალკეული მომენტები კიარ იყო ქვეყნის ისტორიისა, არამედ მთელი პროცესი პოლიტიკური ბრძოლებისა“(როინ მეტრეველი).

ხო, ეს არ იყო კარგი საქმე.

იყო რაღაცეები არა ნებისად მეფის თამარისი,“აიძულეს ქმნად .. და ვითარ იყო ხუედრი… ეგრეთ იქმნა ქორწილი“.

ძალიან გიჭირს წარმოიდგინო  „მეფე ქალის პირადი დრამატული ბედი, ბედი ქალისა ,რომელსაც სხვები ურჩევენ საქმროებდ და ის კი იძულებულია დაემორჩილოს“(თამაზჭილაძე).

მოკლედ, მე ასე ვპოულობ განსახილველი სტროფის შეფარულს:

<< ვისა(აც) შვენის, _ლომსა, ხმარება შუბისა, ფარ შიმსჰერისა , მეფისა მზის თამარისა,…, მას არა ვიცი, შევკადრო(თუარა) შესხმა ხოტბისა…. მაგრამ ვიცი, მისთა მჭვრეტელთა, თამარის ბედი კი არ აინტერესებთ(‘კაცნო ვითარ ღირს(არს) შეუტყობელი ესე ქმნად?“), არამედ მხოლო იმიტომ „აიძულეს ქმნად“, გავლენა ჰქონოდათ, სიმდიდრე, ტკბილ ლუკმას(ყანდი) ელოდებიან, გოლეულ თაფლსა(მიშერი)>>.

ეს მე ვთქვი( სხვანაირად როგორ უნდა შეეფარა ეგეივთარი ამბები), თქვენ როგორც გნებავთ ისე იფიქრეთ. თუმცა, სანამ მთელს მოთხრობას არ ავკრებ, წინდაწინ დასრულებულ დასკვნას ნუ გააკეთებთ, მგონია, ერთ ხაზზე აწყობილი, საინტერესო ამბავი გამოვა.

არ არის შოთა უბრალო, „უფიქრალი“(რეიფილდი) პოეტი,  არც ოდენ ხოტბათა მთხზველი, არ ოდენ ჰაი- ჰარაზე მსროლელი სიტყვისა, — არსთა მხედია

ყველაფერში წვდენილა შოთას აზრი, -სამეფო კარის ინტრიგები რას გამოეპარებოა. მითუმეტეს, ჯანყები, გამოსვლები მეფის წინააღმდეგ.

„როგორც ცნობილია, თამარის გამეფებას წინ უძღოდა სისხლიანი პერიპეტიები“-ო, – დაწერს თამაზ ჭილაძე და აქ  თამარის ბიძაშვილის, დემნა ბაგრატიონის აჯანყება იგულისხმება.

ჩვენ პროლოგს და ეპილოგს ვკითხულობთ, შორს წაგვიყვანს იმის მოთხრობა, როგორ მოჩანს ეს „სისხლიანი პერიპეტიები“ „ვეფხისტყაოსანში“ , თუმცა მოჩანს ისე, რომ პოეტს, მკვლევარ თამარ ერისთავს დემნა ბაგრატიონის და შოთა რუსთაველის ერთიდაიგივეობის მეტად სევდიანი ისტორია მოაქსოვინა.

ძნელია ახლა იმისი თქმა, რატომ ვერ წაუვიდათ ტკბილი ურთიერთობა თამარის პაპა დემეტრეს(მეფე დემეტრე I ) და მის უფროს ვაჟს დავითს.

იყო მამა “მარჩეველი ძისისა უმცროსისა“, – თუ გრძნობდა ამას დავითი და… ვინ იტყვის ამას ახლა როგორ მოხდა, ბერად აღიკვეცა დემეტრე და უფროსმა ვაჟმა ჰყო მეფობა.

დიდხანს ვერ იმეფა დავით V-მ, ექვსი თვის თავზე უკურნებელმა სენმა დარია ხელი. ძმაი გიორგი უხმია სიკვდილ ნაგრძნობს, მცირეწლოვანი ვაჟის დემეტრეს პატრონად დაუნიშნავს, მეფობაც გადაუცია ერთის პირობით:

დაკაცდებოდა ძეი დავითისა დემნა და მისთვის უნდა დაეთმო უფლებანი გიორგის.

მოხდა კი ისე, რომ სასწრაფოდ დაუტევა ბერობა, ისევ დემეტრემ იწყო მეფობა უფროსი შვილის სიკვდილის უმალ. 1155-ში მოხდა ეს, 1156-ში გიორგი დაბრძანდა ტახტზე, გიორგი III-დ იწოდა.თანაც, ერწმუნებინოს თითქოს დიდებულები, დროებით ვყავიო მეფობა.

იზრდებოდა დემნა, მის გამეფებაზე კი არავინ ფიქრობდა.

და იყო დიდი ჯანყი.

რა მნიშვნელობა აქვს ახლა იმას, „შევიდა ეშმაკი გულსა და გონებასა მისსა(დემნასი) და მის მიერ შერისხდა ღმერთი ორბელთა“, თუ „ ოდეს ორბელნი უკუადგეს გიორგი მეფესა, იგი(დემნა) თანაუკუიტანეს“?

1177-ს იყო, 30 000 -ანი ჯარი გამოიყვანა სიძე -სიმამრმა, დემნა ბაგრატიონმა და ივანე ორბელმა გიორგი მეფის წინააღმდეგ.

უმძლავრია მაინც მეფე გიორგის, ლორეს ციხეში მოუმწყვდევია მბორგალენი.

ვერ გაუძლია უფლისწულს, საბლით ჩამოშვებულა ციხიდან(ო, როგორა გავს ეს ისტორია ვეფხისტყაოსნის ფრიდონის ერთ „ისტორია“-ს).

„მივიდა ბიძასა თვისსა და ფერხთქვეშ მოექნა და ევედრებოდა მხოლოდ სიცოცხლისათვის“. – თუ უთხრა, მაცდუნაო ივანემ.

არ შეიწყალა მეფემ ძმისწული, „დასთხარა თვალები, დაასაჭურისა და თქვა ნუ ეყოლება მემკვიდრე.“

და იქნა დემნა სისხლისა ცრემლდათხეული.

„შინა შევიდი მას წინა ედგის ცრემლისა გუბები,

შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრისა შუბები”, -

 

ფატმანის სიტყვებია ცრემლათმდუღარი ნესტან დარეჯანის მიმართ ნათქვამი, მაგრამ… „ვეფხისტყაოსნის საიდუმლო შრე რომ სრულად გაიხსნას, ამას პოემის სრულად წაკითხვა უნდა. ხოლო, „შიგან სისხლისა მორევს“ მხოლოდ მაშინ ეყრდნიან, ჩაებჯინებიან “გიშრის შუბები“(შავი წამწამები), თუ იმ თვალთა შიგან აღა იქნებიან „მარგალიტები ტყუბები“, თვალნი თუ ამოთხრილია, თუ ზედა უპეები ჩაიშრიტებიან.

ბევრია საფიქრალი, გამოსტანი, მოსათხრობი,- შრეებად, ფენა-ფენა დევს იდუმალნი თქმანი „ვეფხისტყაოსანში’’.

ჰო, იქმნა დემნა თვალებდათხრილი, ბიძაშვილი თამარისი, სამეფო ტახტზე სრული უფლების მქონე, იქმნა დემნა „სისხლისა ცრემლდათხეული“ და რით იქნება გაუმართლებელი, სწორედ ამ ამბავთა გამო. იდუმალყოფით სწერდეს პროლოგში შოთა:

 

 

III.4.  თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდათხეული,

ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.

მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,

ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი, გულსა ხეული. –

 

სწერდეს და იგულისხმებდეს ფარულ შრეზე: თამარს ვაქებდეთ მეფესა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რა სისხლცრემლიანი ამბები უძღოდა წინ მის გამეფებასო. ვთქვი მე მრავალნი მისნი ქებანი, არც ცუდად გამომსვლია, ხოლო შევესწარ ისეთთა ამბავთა, რომ ცრემლი ტბად დამიყენებია, სულიანხორციანად შევძრულვარ, ვრხეულვარ ლერწამივითო(ნა).

ვწერდი და მელნად ცრემლის ტბა მედგა სწორედ(„მელნად ვიხმარეგ გიშრის ტბა“). ხოლო კალმად „მე, ნა რხეული“, სული და ხორცი ჩემიო.

დავწერე და ვინც ისმენს, როგორმე ამოიცნობს ამბავსა ამას, გულის მხეველ ლახვარივით დასობაო.!

რა გითხრათ მეტი,რაც ვთქვი დასაფიქრებელია, თანაც არ ვთვლი, რომ აღნიშნულ სტროფთან დაკავშირებით მხოლოდ მე მეთქვას ასეთი. პოეტ თამარ ერისთავსაც მოვუსმინოთ:

„ამგვარი ქება მეფისა თავისთავად პარადოქსია, რომელიც იწერება „სისხლისა ცრემლდათხეული“ თვლებით და რომელიც მსმენელს გულს განუგმირავს, ნაცვლად იმისა, რომ აღაფრთოვანოს“.

იქნებ არ არის კარგი ისტორიის ძნელ, ავად მოსაგონარ ამბავთა რომ შევერთეთ, მაგრამ…

მაგრამ რა ვქნა, ძნელად წარმომიდგება ისეთი შოთა, რანაირად რა შეყვარებული, რანაირად როგორი მეტრფე არ ყოფილიყო, ტიროდეს და ჩვენც გვეუბნებოდეს, ისე ვაქებდეთ თამარს, სულ სისხლის ცრემლები ვღვაროთო.

ასეც იგებდა ამ სტროფს ბევრი მკვლევარი.

არ გამოდის კარგად ამგვარი ფიქრი.

აბა ერთი კომენტარი ვნახო:

<<“ვეფხისტყაოსანი“ ამასთან ორიგინალურ ჩანაფიქრს შეიცავს. ავტორი პოემის შესავალში პირდაოირ აცხადებს, რომ იგი შთაგონებულია თამარ მეფით და პოემას სწორედ თავისი ამაღლებული(ამ შემთხვევაში „პლატონური“) სიყვარულის საგანს, – თამარ მეფეს მიუძღვნის:

„თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდათხეული“>>(ნოდარ ნათაძე)

უზარმაზარი შეუსაბამობაა კომენტარსა  მოტანილ სტრიქონს შორის, ეს ნაძალადევი სქემაა.

ეჰ, რაც არის არის, შოთა კი განაგრძობს:

 

IV. 5. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა.

ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,

ბროლ- ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა,

გასტეხს ქვასაცა  მაგარსა, გვრდელი ტყვიისა ლბილისა.

 

<<“მიბრძანეს მათად საქებრად“… – მრავლობითი რიცხვი აქ მოწიწების გამოსახატავად არის ნახმარი. იგულისხმება მხოლოდ ერთი პიროვნება, – თამარი, რომელსაც პოეტისთვის თავის ქება უბრძანებია>>(ნოდარ ნათაძე).

ტყუილი დასკვნაა.

საქმე ისაა, რომ „ლომსა“ მაქებარ სტროფს „თამარს ვაქებდეთ“ მოსდევს. განსახილველ სტროფში სწორედ რომ ორივეს ქება უნდა იგულისხმებოდეს. ასეა დაწერილი ეს სტროფი და თუ ყურადღება თამარზე ყოვნდება, ასეც უნდა მოვლოდებოდით, – არც „ლომის“ შემცველ სტროფშია თამარის თანამეცხადრის მაინცდამაინცი ხოტბანი(„არა ვიცი“!), უჭირს ამის გაკეთება შოთას, – დაგვისახელა ვაჟა-ფშაველამ ორი მიზეზი,  ჩვენც ხომ ვთქვით რაღაცეები.

ვერ გამოდის მართალი ვერც ის, რომ თითქოს თავის ქება თამარს ებრძანებინოს შოთასთვის. ორთა ქებაა ნაბრძანები პოეტისთვის, ეს უფრო მაშინდელი ქართული ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს(არ დაგავიწყდეთ, როგორ ჰყავთ გადიდებული თამარი, წმინდა სამების მეოთხე ჰიპოსტასად და ღმრთისშობლის სწორად მოჩანს).

ანდა არც არის ახლა იმის გამოკვლევა მთავარი, ვინ ბრძანა, მთავარი ისაა, რომ შოთას გულს და სულს არ ეწადა იმდაგვარი ქება, როგორიც უბრძანეს.

დაუძალებიათ, ბევრი უსაბუთებიათ, გაუტეხიათ…

სხვა რა უნდა იყოს „გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.“

მაგრამ შოთამ არ დაწერა ისე, როგორც ნაბრძანები იყო…
ამიტომ არის, V  სტროფად ვერ ჯდება „აწ ენა მინდა გამოთქმად,გული და ხელოვანება, ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს,  მივსცე გონება“.

„ძალი მომეც და შეწევნა“, – ვის შესთხოვს პოეტი?

„…შენგნით მაქვს, მივსცე გონება“ , – ვისგან აქვს ეს გონება, რომელიც ნაწარმოებში უნდა გაიშალოს?

პასუხი იოლია, – ღმრთისაგან!

არადა…

გაბატონებული აზრის მიხედვით ეს თხოვნა მეფე თამარისადმია.ნიკო მარმა ამას „შეყვარებულისადმი თხოვნა“ უწოდა. ზვიად გამსახურდიამ ცალმხრივ გაგებად ჩაუთვალა ეს. „აქ არის ლოცვა ღვთისადმი. და არა მარტო თხოვნა შეყვარებულისადმი, ვინაიდან თამარი რუსთაველისადმი იყო ღვთის მიწიერი ინკარნაცია“.

ოი ღმერთო!

ვისთათვისაც იყო თამარი „ღვთაება“ თუ მისი მიწიერი ინკარნაცია, მოჩანს ეს ისტორიაში და თამარის ამ „დატყვევებას“, კიდევ სხვაგვარ „დატყვევებას“(არ დაგავიწყდეთ  ორი შავი კაცი პოემაში და არ დაგავიწყდეთ წარმოშობით ქურთი მხარგრძელები, ათაბაგი ივანე და ამირსპასალარი ზაქარია, უზარმაზარი ძალის და გავლენის პატრონები!) ებრძვის შოთა მთელს პოემაში.

ასეა და მოდით ახლა სტროფების დალაგება განვაგრძოთ.

მივყვეთ მეფე თამარის მოხსენიების თანამიმდევრობას:

II.3. „…მეფისა მზის თამარისა”.

III.4.  „თამარს ვაქებდეთ მეფესა”.

IV.5.  „მიბრძანეს მათად საქებრად“.

და ეს ყველაფერი ბოლოვდება მეტად უცნაურად:

„გასტეხს ქვასაცა მაგარსა…“!

აქ ერთგვარი სინანულიც ხომ მოჩანს და „აწ ენა მინდა გამოთქმად, ძალი მომეც და შეწევნაო“, -რადგან ეს თამარისადმი თხოვნა არ არის,- „ღმერთს ეხვეწების: ძალი მომეც და შემეწიე შენგნით რომ გონება მაქუს იმას მიუგდო და დავაპყრა“(ვახტანგ მეფე),- ცოტა არ იყოს უმისამართოდაა გამოკიდებული „დედნისეულ“ დალაგებაში.

პოეტი ნამდვილად ღმერთს მიმართავს, მაგრამ ის სტროფი,რომელშიც ღმერთი სწორედ ამ შემთხვევაში საჭირო წოდებით ბრუნვაში დგას(„ჰე ღმერთო ერთო..“) საკმაოდ ზემოთაა  და განსახილველი სტროფის „შენგნით“ იქამდე ვარ აღწევს.

უნდა შეიქმნას რაღაც ახალი, შემართულია პოეტი „აწ ენა მინდა გამოთქმად“, უკან რჩება ძველქმნილი „ვთქვენი ქებანი“, „მიბრძანეს მათად საქებრად“, რომ გატეხეს უნდა შეინანოს, შესთხოვოს ღმერთს „ძლევა“, – დათრგუნოს სატანა, მისცეს ღმერთმა „მიჯნურთა სურვილი“(თუმცა ჯერ ჩვენ არ გვითქვამს რა არის იგი, თავის ადგილზე გამოჩნდება!) და ამით „ცოდვათა შესუბუქება“, იყოს განწმენდილი, ამაღლებული, ქმნას „აწ“… დიადი!

დავკვირდეთ, მგონი კარგად გამოდის:

IV. 5    *    *    *

გასტეხს ქვასაცა მაგარსა, გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

 

V.2.     ჰე ღმერთო ერთო, შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა,

შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,

მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიმდე გასატანისა,

ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

და ამ მოლოცვის თუ ერთგვარი სინანულის შემდეგ…

VI.6.   აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება,

ძალი მომეც და შეწევნა, შენგნით მაქვს, მივსცე გონება;

მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,

მათ, სამთა გმირთა მნათობთა, სჭირს ერთმანეთის მონება.

კარგად დააკვირდით, მიმართვამ „ძალი მომეც და შეწევნა“ იპოვა თავისი მისამართი და ამოივსო კიდეც სიცარიელე.

ამ ადგილას გადმოტანილი „ჰე ღმერთო“, გამომდინარე წინარე ამბებიდან, შეიძლება კიდეც გვესმოდეს  (ეჰ) ღმერთოდ, შენანებად, ღრმა დაფიქრებად, ლოცვად მაღალი შოთასი. ამ სტროფის ამოღებით ზემოთაც რაღაც გაკეთდა,საზოგადოდ ხელმწფეთა საღმრთოდ ხსენებიდან სწორედ რომ პიროვნულად ხელმწიფეებს ვესტუმრეთ(ნახეთ, დაუბრუნდით, ერთად , მიყოლებით წაიკითხეთ ახალი რიგი, რომაული ნუმერაციითა მოცემული).

„მიჯნურთა სურვილი“, – არ გვითქვამს ჯერ ჩვენ რა არის იგი, თავად პოეტი აგვიხსნის თავის დროზე. სწორედ მის შესაცნობად, მის შესაგრძნობად, მასთან საზიარებლად მდინარებს „ვეფხისტყაოსანი“, – წარგვიტაცებს!

და რომ დაარღვიოს რაღაც მაინც შუასაუკუნეობრივ, ერთგვარ სქოლასტიკურ მიდგომებში, საზრდელად სულისა კაცთა, ამის ძალას ითხოვს შოთა ღმერთისაგან, და… ეს თხოვნა- ლოცვის სტროფები ბუნებრივად უნდა შეერთებულიყო.

მაგრამ ჩვენ პირველი „დანაშაული“ ჩავიდინეთ, მთავარი „კანონიკა“ დავარღვიეთ.

არ ვიცი, რომელმა კომისიამ შეიმუშავა, მაგრამ ითვლება , რომ „ვეფხისტყაოსნის“ შესავლის სტროფთა თანამიმდევრობის დაცვის, მისი „იდეურ-აზრობრივი“ ხაზის ერთ-ერთი ძირითადი გამამართლებელია „ფართო პლანის აღმოსავლური პოემებისათვის დამახასიათებელი“ სამი ელემენტის რიგის შენარჩუნება:

  1. ღვთის ქება,
  2. პატრონთა ქება,
  3. ისტორიულ-ლიტერატურული ამბები.

აღმოსავლური კანონიკა დაიცვა შოთამ?

შეიძლება ვიფიფიქროთ კიდეც ასე. „ესე ამბავი სპარსულიო“, ხომ თავად თქვა.

არა, აქ სხვაგვარად დავფიქრდებით, სხვას გვეტყვის „ ქართულად ნათარგმანები“.

ვიაროთ, ეგ არის ცოტა ის გვიშლის ხელს, რომ თავად პოემის ტექსტის ანალიზის საშუალება არ გვაქვს, მაგრამ გეტყვით, ვერ ნახავთ „ვეფხისტყაოსანში“ ვერც არმოსავლურისადმი დამახასიათებელს და ვერც… ვერც რამე სქოლასტურად გაგებულ კანონიკურ- დოგმატურს.

„გენიალური ფირდოუსი და ნიზამი, რომლებთანაც ხშირად მოიხსენიებენ რუსთაველს, რჩებიან შუა საუკუნეების კულტურის უდიდეს მნათობებად, რუსთაველი კი თვისობრივად უკვე სხვა ეპოქას ეკუთვნის, კაცობრიობის სულიერი ცხოვრების ახალ ერას, რადგან მის მიერ ადამიანთა მოდგმის სარბიელზე გამოყვანილია ახალი ადამიანი, რომელიც უკავშირდება და შეიცნობს არა მარტო გარე სამყაროს, არამედ საკუთარ თავსაც, აღმოაჩენს საკუთარი არსების წიაღში პიროვნებას. რუსთაველი თავისულდება შუასაუკუნეობრივი ტრადიციული ლიტერატურულ-ფილოსოფიური ხუნდებისაგან(„არა ვიქმ“- რ.ზ.}, გვაძლევს მკაფიო სურათს ადამიანის სულის „უცნაური და უთქმელი თვისებებისა“(თამაზ ჭილაძე).

გავათავისულოთ შოთა არტახებისაგან!

„ძალი მომეც და შეწევნა“  – ითხოვს შოთა ღმრთისაგან, „რომელმან შექმნა სამყარო“ და „მით შევეწივნეთ ტარიელს ტურფადცა უნდა ხსენება“.

„მათ სამთა გმირთა“, –  არიან ერთნი, – ვიფიქროთ შოთად, – „აწ ჩემი ესე ნათქვამი მათი სახე და დარია“-ო, ხომ თვითონ ამბობს.

ეს შოთა მოგვიბრუნდება და გვეტყვის:

VII.7  მო, დავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი,

მისებრი მართ დაბადებით, ვინმცა ყოფილა შობილი!

დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ -სობილი,

აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

 

რა უნდა ვთქვათ, – “გულ-ლახვარ-სობილს“ შოთას ვხედავთ, არ არის ქვეყანაში რაღაცა ისე, ვითარ ღირს არს.ტარიელისთვის, სამშობლოსთვის ღრმად დაფიქრებული, ვითომ სალაღობო  ლექსის შრეებში ქვეყნის ძნელ ისტორიას მოგვითხრობს.“აქამდის ამბად ნათქვამი“ სხვა არაფერია, თუ არა მოთხრობილნი ისტორიანი, რაც იცოდა შოთამ, შორი დროებიდან მოყოლებული. „აწ მარგალიტი წყობილი“ ლექსად გარდათქმულ ძნელ ამბავთა(მანამდე თხრობითად არსებულ!) გულისხმობს.

ასეა და რამდენი „უამბია“, უსაუბრია, ალბათ, შოთას თავის „გულ-ლახვარ-სობაზე“ , რამდენს ეკამათებოდა მრავალთა კაცთა. მათ შორის თამარის მეისტორიენიც თუ იყვნენ, განსაკუთრებით ბასილი ეზოსმოძღვარი დავით აღმაშენებელი რომ „გაამჩივნა“.

უფიქრია, უამბია,უფრო მეტს გულსლახვარსობილ ხვაშიადად ატარებდა , უფრო „მარტოობა“, შვენოდა, „გაჭრად“, განდგომად იყო(„ სიარული, მარტოობა შვენის, გაჭრად დაეთვლების!“)

მერე დამჯდარა და… მოგვცა საოცარი რამ „აწ მარგალიტი წყობილი“(მარგალიტი ობოლი“!), ლექსში დამალული ძნელი ისტორია, ამბავი ქვეყნისა თვითმყოფადობისა ქმნად(„ტანში“ ჩაქსოვილი!), და ამბავი ლექსად, თავისი „სახით“ მაკეთილშობილებელი სულისა კაცისა.

და… უკვე განხილულ სტროფს გრამატიკულად აზრობრივად ესაბამება არა „დედნის“ მე-8-ე, არამედ მე-9-ესტროფი. გამეხარდა, როც ვნახე რომ ასევე არიან დალაგებულნი ისინი „ვეფხისტყაოსნის“ ნოდარ ნათაძისეულ „სასკოლო გამოცემაში“.

ვნახოთ, გავიმეოროთ ნათქვამი სტროფის ბოლო ორი სტრიქონი და დავაკვირდეთ ახალთა ზედბმას:

 

VII.7   . . .

დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ-სობილი,

აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

 

VII.9.   ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,

ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,

ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქენ საჭოჭმანები,

ჩემმა ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმა და ლამაზმა ნები.

 

ასახსნელად ყველაზე რთული სტროფია. ტყუილად ეძებდა „ვეფხისტყაოსნის“ სპარსულ დედანს ნიკო მარი „ბრიტიშ მუზეუმში“, ტყუილად დაშვრებით, თუ დაიწყებთ ფიქრს ამ ნაწარმოების ძირების რამენაირ სპარსულ წარმომავლობაზე.

„რუსთაველის მსჯელობა „ვეფხისტყაოსნის“ ამბის სპარსული წარმომავლობის შესახებ არც ისე უნდა გავიგოთ,თითქოს პოეტი ჭეშმარიტ ცნობას გვაწვდის, არც ისე, თითქოს მისი განცხადება სავსებით უსაფუძვლო იყოს და ნაკარნახევი იყოს მხოლოდ პოემის რეალური პროტოტიპებისა და რეალური პოლიტიკური ტენდეციის შენიღბვის სურვილით“(ნოდარ ნათაძე).

ნუ დავეთნხმებით მკვლევარს.

„ესე ამბავი სპარსული“ მხოლოდ და მხოლოდ „რეალური პოლიტიკური ტენდენციის შენიღბვის“საჭიროებითაა და  აქ „სპარსული“ სპარსულივით, ვითომდაც აღმოსავლურივით „ბრჭყვიალებს“(“სპარსული“ ზაურ ბიძინაშვილის გამოკვლევით ცხოვრებისეული ტრფიალის ამბავსაც აღნიშნავს. ერთი შეხედვით თითქოს ასეთიცაა რუსთაველის ლექსი), გადაფარვაა მრავალთა გარემოებათა, მივიღოთ აქ როგორც „უცხო“, საუცხოო, აკი თვითონვე ამბობს შოთა, – „ესე ამბავნი უცხონი“(შდრ. „ესე ამბავი სპარსული“).

„პოემის ზოგიერთი სიუჟეტური ხაზები, უნდა ვიფიქროთ, მართლაც აღებულია საზღაპრო და სათავგადავლო ლიტერატურის აღმოსავლური ფონდიდან“(ნოდარ ნათაძე).

არ უნდა ვიფიქროთ ასე.

და ეს განა იქიდან ვიცი, რომ მთელი აღმოსავლური ლიტერატურის სიუჟეტები , თემები, პასაჟები დამიძევია. არა, თვით პოემაში წერია ეს და, სამწუხაროა, რომ პროლოგისადმი მიძღვნილ წერილში, ამ გრძელი ამბის თხრობა არ გამოგვივა.

ხოლო..

„უცხო“ მივიღოთ აქ არა როგორც არაბული, სპარსული, ინდური და ა.შ., არამედ როგორც საუცხოო, ჯერ არ ნახული, არ გაგონილი, „ობოლი მარგალიტი“. ამოტანილი ოდენ ქართული ძირებიდან,ქართული სულით, სრულიად გაწმენდილი უცხოსაგან, „ნათარგმანები“ ძირქართულად. და… ეს ქართულად თარგმანება, არა მხოლოდ აღმოსავლურისაგან, ცოტ-ცოტა ბიზანტიურ-სქოლასტურისაგან, არასწორად რამე დადგენილისაგან გათავისუფლებასაც ნიშნავდა.

და არის ამიტომ შოთას წიგნი „ხელის-ხელ საგოგმანები“…

კეთება მისი იყო ძნელი, „საჭოჭმანო“,საყოყმანო… გამოვიდოდა თუ არა ის რაც ავტორს ეწადა…

რაღაც უნდა შეეცვალა…

დაერღვია რუტინა და ეშვა სულში ახალი „ნები“,  „მიჯნურთა სურვილი“, რათა ვყოფილიყავით სიკვდილამდე მაღალნი, ნაკლები მოსანანიებლით, ცოდვათა „შესუბუქებით“.

იყო „ხელ-მქმნელი შოთასი სულიერება ქართველთა, „ლაღი“ და „ლამაზი“, უდგას სული პოემას „სილბოთი ნაქსოვისა“ და „სიმტკიცით ნაჭედისა“, უდგას „ნები“, ვიყოთ „საღმრთო სიახლეს’(ღმერთთან სიახლოვეს!).

„ვეფხისტყაოსნის ზემოქმედების უნარი შეიძლება შევადაროთ რომელიმე რელიგიას ან პოლიტიკურ მოძღვრებას“(თამაზ ჭილაძე), მაგრამ არის იგი უმეტეს სილაღით, „ჩვენ კაცთა მოგვცა“ არის  „სახე“ ყველასათვის მისაღები ადვილ, – „მდაბალი ხალხი ძალიან კითხულობს „ვეფხისტყაოსანს“(თეიმურაზ ბატონიშვილი).

მეტია სათქმელი, მაგრამ ზოგს პროლოგის სხვა სტროფთა განხილვა შემოგვიმატებს, ზოგიც… დარჩება სამომავლოდ, „ვეფხისტყაოსნის“ „ტანის“ სრულ ანალიზამდე.

ბოლო სტრიქონი სადაც გავჩერდით:

„ჩემმა ხელ- მქმნელმა დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები“.

„ნები“ – სურვილია, ნებაა იგივე, რაც სურს, ნებავს დაემართოს პოეტს, იყოს მაღალი… „ხელ-მქმნელი“?

ეს ისაა, ვინაც თუ რაც ხიბლავს, აღიტაცებს სულს პოეტისას, „ტანში“ ნაწარმოებისა, სული ქვეყნისა მისისა, „სახეში“, მიჯნური, ვისი მეტრფეცაა პოეტი.

და მაშინ, უკვე განხილულ სტროფს ბუნებრივად მოსდევს… პროლოგის 22-ე სტროფი:

IX.22. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,

მით რმე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;

ზოგთა აქვთ საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,

კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება, კეკლუცთა ზედა ფრფენითა.

 

რა თქვა პოეტმა?

ამ სტროფის არასწორად წაკითხვის მიზეზით ბევრი რამ აირია პროლოგში.

პირველი ორი სტრიქონი ხომ ყველასათვის საცნაურ, რელობაში მიღებულ

მიჯნურობას გვახსენებს, „მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა“, – ვეტრფით რამეთუ შევერთოთ, შევეყაროთ, შევხვდეთ, „მივხვდეთ“, მივაღწიოთ საწადელს და..გვწყინს თუ ამას ვერ ვახერხებთ.

არ წერია ამ სტროფში არც ის თუ რა ხდება ფიზიოლოგიურის მიღწევის შემდეგ და არც ის,რა მოჰყვება ვერ შერთვას, ვერ მიხვედრას, როცა მით „ვშმაგობთ“.

კრიტიკოს სოსო სიგუას უწერია ერთგან, – „კონსტანტინე გამსახურდიას გმირები მუდამ ცდილობენ გაამართლონ რუსთველური პრინციპი „მიჯნური შმაგსა გვიქვიან“. არ არის ეს პრინციპი, ეს რუსთველური დახასიათებაა ვგზნებდეთ მიჯნურობას ფიზიოლოგიური გრძნობის წილ,- თქმაა იმისა რაც კაცთა ყოფას „აშმაგებს“,არყევს და აზანზარებს დასაბამიდან!

მიჯნურობის რუსთველურ პრინციპთან საზიარებლად ჯერ საკმაო ჯაფა დაგვადგება.ამ გზაზე ვდეგევართ, იქნებ როგორმე ამოვიცნოთ, ამოვიტანოთ რაა დამარხული მომდევნო ორი სტრიქონის „ზოგთა“ და „კვლა ზოგთა“ სიტყვების მიღმა..

„ზოგთა აქვთ საღმრთო სიახლე, დშვრების აღმაფრენითა,

კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება,კეკლუცთა ზედა ფრფენითა.“

პოეტი „ზოგთა“ და „კვლა ზოგთა“  სიტყვებს იყენებს.ცხადია მიჯნურობის ორ სხვადასხვა არსზეა საუბარი.რადგან შესართველად, სქესოვრივი შეერთებისაკენ ლტოლვის თანამდევი ყოვლი სიშმაგე წინა ორმა სტროფმა დაიტია, ლოგიკურია ვიფიქროთ,რომ ბოლო ორ სტრიქონში დამალული მიჯნურობის ორივე ფორმა ამაღლებული არსის მქონეა, ორივე საზეო მიჯნურობაა, -„საღმრთო სიახლე“, – ღმერთთან სიახლოვე.

როგორაა გაგებული ეს სტრიქონები?

მოვუსმინოთ ბატონ ნოდარ ნათაძეს:

სიახლე, -სიახლოვე, საღმრთო სიახლე  – ღმერთთან სიახლოვე,დაშვრების აღმაფრენითა,- იღლება, ძალას ხარჯავს ზეცისკენ სწრაფვაში.

კვლ, -ხოლო, ქვე უც,- დაბლა, ამ ქვეყნად აქვს. კეკლუცთა, -ლამაზთა,, ფრფენითა,- პეპელასავით ფრენით, ფარფატით. ტაეპის აზრია: ზოგის ბუნება ქვეყნიური ლამაზი საგნებისადმია შემსჭვალული,   იგი ლამაზ ქალებს ეარშიყება და ზეცისკენ არ იხედება“.

      დავტოვოთ ასე?

      არა, ასე შეიძლება გაივიგოთ პოემის პირველ სახეში, მაგრამ…

       კი ბატონო, კეკლუცი არის ზოგადად ლამაზის აღმნიშვნელი სიტყვა, ხოლო… 

  თუ ვინმე ლამაზ ქალს ეარშიყება, თან ისე რომ ზეცისკენ არ იყურება,

მისი ბუნება ქვეყნიური ლამაზი საგნებისადმია შემსჭვალული, მაშინ ამ არშიყის ფარული მიზანი მაინც შერთვა, შეყრა, „მიხვდომა“ გამოდის და… ცოტას იშმაგებს კიდეც .

და თუ ზეცისკენ არ იყურება, ამ არშიყობის თუ ტრფიალების გამო არც ამაღლება არ აქვს და არც მიხვდომის სიშმაგე, ეს რა არის არ ვიცი(უფრო ავადმყოფური დამოკიდებულებაა) და ასეთზე რუსთაველი არაფერს დაწერდა.თუ მიხვდომის სიშმაგე აქვს და… ასეთზე ხომ პირველ ორ სტრიქონში წერია.

ესეიგი, რაღაც არ გამოდის კარგად.

შემდეგ…

       თუ ბატონ ნათაძესთან ფრფენა პეპელასავით ფრენას, ფარფატს ნიშნავს, ბატონი ცაიშვილის ლექსიკონში სხვაგვარად არის: ფრფენა - აღტაცება , სიხარული ტრფიალება.ასეთ შემთხვევაში, მესამე სტრიქონის „აღმაფრენასა“ და მეოთხეში საგულისხმებელ „აღტაცებას“ შორის რა დიდი განსხვავებაა ვერ ვხვდები. უფრო ის გამოდის, რომ ბოლო ორი სტრიქონის განმასხვავებელი სიტყვები,“ზოგთა“ და „კვლაზოგთა“ ვერ გაიყოფა, თითქმის ერთიდაიგივეს თქმა გამოდის.

რადგან ეს ფრფენა ორნაირი მნიშვნელობით იქნა წაკითხული და გარკვეულ ბუნდოვანებას მაინც ვერ დავაღწიეთ თავი, მოდით ჩვენთვის ვიფიქროთ, რამე სხვა მნიშვნელობა ხომ არ აქვს ამ სიტყვას?

ჰო, ეტყობა, ამ სტროფმა ძალიან დააბნია ნიკო მარი, ვუკოლ ბერიძე, კიდევ სხვები და სულაც არარუსთველურად ჩათვალეს, აიღეს და გადააგდეს. მაგრამ ესენი  მკვლევარები არიან და არა პოეტები. მოვუსმინოთ ნამდვილ პოეტს:

ვინმე „ამ ტაეპს ან შეუსაბამოდ იცნობს, ან არ იფიქრებდა, რუსთაველის გარდა ასე ლამაზად, ასე მკვეთრად სხვა ვერავინ იტყოდა:

მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,

მით რომე შმაგობს მისისა, ვერ მიხვდომისა წყენითა,

ზოგთა აქვთ საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,

კვლა ზოგთა ქვე-უძს ბუნება კეკლუცთა ზედან ფრენითა.

 

რა ვქნა, მე ამ ტაეპის სიყალბეს ვერ ვიტყვი, რადგან სხვას რო თავი დავანებოთ, სიტყვები „კეკლუცთა ზედან ფრენითა“ მხოლოდ შოთას შეეძლო ეთქვა“( ვაჟა-ფშაველა).

ვერც მე ვიტყვი ამ სტროფის სიყალბეს, ხოლო, სიტყვას „ფრენითა“ ძალიან ჩავეჭიდე, აღარ მინდოდა ამ სტრიქონიდან გაფრენილიყო.

მაშ, თუ დიდი ვაჟა-ფშაველა იღებდა აქ სიტყვას „ფრენითა“ ჩვენც რომ მივიღოთ ხომ შეიძლება?

ჰო, ასე მივიღოთ, ასეა ეს სიტყვა „ვეფხისტყაოსნის“ ვახტანგ მეფისეულ გამოცემაში.

რაც შეეხება ვაჟას მიხედვით მოტანილ სტროფში გამოყენებულ „ქვე-უძს“ და „დედნიდან“ მოტანილ ქვე უც სიტყვებს, მათ ერთი და იგივე გაგება აქვთ. ეგ არის, ბატონმა ნოდარ ნათაძემ არასწორად გამოიყენა ნაწილაკი „ქვე“. მისცა მას მნიშვნელობა „დაბლა“. არ არის ასე. აქ „ქვე“ უნდა გავიგოთ ზუსტად ისე, როგორც გაიგება იგი , ვთქვათ, შემდეგ სტრიქონში: „აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის , მორჭმული სწოდია“. ანუ, „ქვე“ გავიგოთ ასე:

ქვე(კუთხ) – მტკიცებითი ნაწილაკი: კი, ჰო, დიახ, კიდევაც(ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი).

ნახეთ: აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ კი ზის, მორჭმული სწოდია.

ზუსტად ასე გამოვიყენებთ ჩვენც ამ სიტყვას(„ქვე“-კი) განსახილველ სტროფში.

ვნახოთ ახლა „უძს“. ჩავიხედოთ სარგის ცაიშვილისეულ ლექსიკონში:

მაცო – დიდი მაც-ო თქვენი ვალი,- დიდი მაძსო(-მაძევსო) თქვენი ვალი. .. მაძს-მაძ(ევ). უსტად ასევეა:უძს“, – უძ(ევ). გამოდის: ქვე- უძს“ – კი უძევს.

         მეოთხე სტრიქონში მოტანილი „კვლა“ შევცვალოთ მისი დღევანდელი შესატყვისით, - ხოლო. ამოვიწეროთ ახლა მეოთხე სტრიქონი ვაჟა-ფშაველას(როგორც ვახტანგ მეფის ვარიანტშია) მიხედვით;

„კვლა ზოგთა ქვე-უძს ბუნება კეკლუცთა ზედან ფრენითა“.

 

        კეკლუცთა, -ლამაზთა, ანუ, ბატონი ნოდარ ნათაძესავით, ჩვენც ვიგულისხმოთ ლამაზთა, მაგრამ არა მხოლოდ ქალთა მიმართ, არამედ, ზოგადად. ამ ქვეყნიურ სილამაზეთა, ქვეყნიურ მშვენიერებათა აღმნიშვნელ სიტყვად შევიგრძნოთ. „ზედან“ იქნება ზევიდან. დავწეროთ ახლა მოტანილი მეოთხე სტრიქონი „გადათარგმნილი“:

 

„ხოლო ზოგთა კი უძევს(აქვს) ბუნება (იყოს) კეკლუცთა, ამ ქვეყნიურ მშვენიერებათა ზევიდან ფრენითა“.

 

რაღაც აზრია მაგრამ რთული წინადადების მეორე ნაწილია. პირველი ნაწილი კი არის სტროფი:

 

                       „ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა“.

 

     არავინ არ შეგვედავება, არც თვითონ ბატონი ნოდარ ნათაძეც, რომ ეს სტრიქონი ასე „გადავთარგმნოთ“:  ზოგთა აქვთ ღმერთთან მიახლოების გზა, რომ „დაშვრებიან“ , იღლებიან  (ამქვეყნიურის განცდათა) „აღმაფრენით“.

„გშევაერთოთ ახლა ყველაფერი ერთად და დავწეროთ ადათარგმნილი“ სტროფი:

 

მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბული ენით და ეს გამართლებულიცაა, რადგან ამ შემთხვევაში იგი შმაგობს იმისათვის, რათა გრძნობა დაიცხროს, და თუ ამას ვერ მიაღწია, სწყინს, ძალიან შმაგობს. ზოგიერთებს აქვთ ღმერთთან მიახლოების გზა, რომ დაშვრებიან, იღლებიან(სასიამოვნოდ!) ამ ქვეყნიურის განცდათა აღმაფრენით, ხოლო ზოგიერთთ კი უძევს(აქვთ)  ბუნება ღმერთთან სიახლოვეს მიაღწიონ ამ ქვეყნიურ მშვენიერებათა დატევებით, ამათზე ზევიდან ფრენით, უშუალოდ ღმრთისაკენ ამაღლებით.

 

       მოდით ახლა ბატონ რევაზ თვარაძეს მოვუსმინოთ. იგი არეოპაგიტულ თვალსაზრისსზე დგას და თუ მისი ნააზრევი უფრო კრგად მიგვახვედრებს შოთას ნათქვამის შინაარსს, ამას რუსთაველზე არეოპაგიტულ გავლენად, ვერ ჩავთვლით, რათქმაუნდა .

       „… განგვიმარტავს არეოპაგელი, „ვითარ-იგი ტრფიალი სიძვისაი დაღაცათუ დაკლებულ არს კეთილისაგან პირუტყვულითა მით გულისთქმითა, რამეთუ მით კერძოითა არცა არს, არცა არსისთვის გული უთქვამს, გარნა ეგრეთცა მიიღებსვე  სახიერებისგან მითვე შეერთებისა  და სიყვარულისა წვრილითა ნახმევითა“.

აქ ჩვენ ვერ ჩავწვდებით უმთავრესს, თუ ისიც არ გავითვალისწინეთ, რომ სამყაროს იერარქიული წყობა აქვს. ესეიგი, საყოველთაო საღმრთო სიყვარულის გამოვლინების ინტენსივობა იერარქიის იმ საფეხურს შეესაბამება, რომელზედაც არსი იმყოფება. რაც უფრო მაღალ საფეხურზეა არსება, მით უფრო ცხოველია საღმრთო სიყვარული და პირუკუ. ოღონდ აქ კიდევ ერთი მომენტი დაერთვის. მიწიერ არსთთაგან ადამიანს აქვს მიმადლებული იმის ნიჭიც, რომ თავი მთლიანად ღმერთს გაუსაკუთროს. ამქვეყნიურს ყოველსავე ზურგი აქციოს და მისტიური ექსტაზის მეოხებიტთ, იერარქიათა ზემდგომი საფეხურების გვერდის ავლით უშუალოდ მისწვდეს ზენას, ღვთაებრივ სინათლეს ეზიაროს. ესეიგი ,ისახება ღმერთისად მიქცევის ორი გზა, არსებული საფეხურის შესატყვისი ქმედება, საკუთარი გვარის ფარგლებსი სრულყოფა(ანუ სისრულის, სიკეთის, მშვენიერების შემოსვა) და იერარქიის მწვერვალისაკენ საფეხურებრივი, თანდათანობითი ამაღლება. ან კიდევ საკუთარი თავის საღმრთო სიყვარულის მწვერვალზე აღტყორცნა“.

მაშასადამე. რუსთაველის სტროფში არის სწორედ ერთგვარი „კლასიფიკაცია“, აქ გამოყოფილია სამი ფორმა მიჯნურობისა, თავიანთი სირთულეებით რომ მოჩანან:

 

I. მიჯნურობა თვითარსში ითვალისწინებს სქესს, და მის თანამდევ,

შმაგობას, შესართველად, ‘მისახვდომად“, სქესობრივი შეერთებისათვის.

 

      II. მიჯნურობა თვითარსში ითვალისწინებს სქესს(არის ისეც რომ სრულიად გამორიცხულია შერთვა, ამ თემაზე, მოგვიანებით), არის ამაღლება თვითარსში,არა არს სქესობრივი ურთიერთობის ყოვლი სიშმაგე(სხვანაირად არის და არ ვგულისხმობთ რომ გამორიცხულია სქესთა კავშირი). საღმრთო სიახლოვეა თანდათანობით თვითამღლებაში,

ამქვეყნიურის განცდით .

 

      III. უარყოფილია ყოველივე ამქვეყნიური, ხდება სქესის შინაგანი კვლა, საქმე გვაქვს საღმრთო მიჯნურობის უძნელეს ფორმასთან, ამქვეყნიურ „კეკლუცთა“ გვერდის ავლით, მათ „ზედან ფრენითა“(„ვინაითცა დიდი პავლე შეპყრობილ რაი იქნა საღმრთოითა ტრფიალებითა და მიიღო ძალი იგი განმაცვიფრებელი, საღმრთოითა მით პირითა იტყვს: „ არღარა მე ცხოველ ვარო, არამედ ცხოველ არსო ჩემად შორის ქრისტე“)

 

        ცხადია, ამ ჯგუფებიდან თითოეულს თავისი რთული კერძოითი განფენები აქვთ, ურთიერთ გადამსვლელ მიმართებებსაც ვიპოვით გარკვეულ შემთხვევბში, მაგრამ ეს სამი ძირითადი დაყოფაა. აქ უფრო მეორეა გამოსარკვევი. უნდა იყოს აქ ზოგად პლატონური, „ოდეს არ სიძვენ“, ამ ჯგუფში შეიძლება იყოს სუფისტურ-სექტისტური და ტრუბადურულ-„midons“-ურიც, მაგრამ ეს ვერ იქნება ჩვენი განსჯის თემა, ჩვენ უფრო ქართულს ვნახავთ  რუსთაველთან. დავფიქრდებით ვაჟა-ფშაველას სიტყვებზეც: ვნების დაცხრობის შემდეგ, „ტრფობა, სიყვარული ავად ხდება, მას მას ჭლექი ეყრება, სნეულდება და ბოლოს კვდება კიდეც“

მოკლედ, გამოიყო მიჯნურობის სამი ზოგადი ჯგუფი, ვგრძნობთ რომ არაა აქ საქმე მარტივად :

 

X.24.  მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი,

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი;

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,

ნუვინ გარევთ ერთმანეთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

 

 

აქ უნდა დავფიქრდეთ. რაც ჩვენ მიჯნურობის სამი სახის თუ გვარის გამოტანისას ვნახეთ, არ გვიკვირს, ხაზგასმულად რომ გვეუბნება შოთა „მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი“-ო, მაგრამ… „მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი“-ო, – რომ გვიწერს, ეს რაღა არის?

რამე ხომ არ იმალება აქ?

ალბათ იმალება , თორემ, სულ ძველიდან, ძველთა ძველიდან მოყოლებული, ითვლებოდა და ითვლება, რომ მიჯნურობა სხვა რამეა და სიძვა სხვა რამე. ამის ასე გულდაგულ მტკიცებას,- კიდეც რომ ამძაფრებს,- „იგი სხვაა, სიძვა სხვააა“-ო, ნამდვილად ასე მკაცრად არ გადმოგვცემდა პოეტი.

ეს რომ ასეა, პირველი მე არ დავვეჭვებულვარ. ალ.სარაჯიშვილს ჯერ კიდევ როდის მოსჩვენებია, რომ ეს სტროფი სულაც არარუსთველურიაო და დაუწერია: „ამ სტროფით ავტორს უნდა რაღაც გვითხრას მიჯნურობის შესახებ, მაგრამ ახალს ვერაფერს ამბობს. აქ ერთი აზრი რამდენჯერმე გადაბრუნებულ -გადმობრუნებულია  და მაინც უნაყოფო რჩება.“

ხსენებული სტროფის არარუსთველურობას ეთანხმება გიორგი არაბულიც,-„…იმის სწავლება, რომ „მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი“, მეტი რომ არ ვთქვათ, უხერხულია“-ო, – ამბობს ბატონი გიორგი და არის აქ ლოგიკა, მაგარამ…

მაგრამ აქ დამარხული საიდუმლო უნდა ვიპოვოთ.

უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ჯერჯერობით კი ვენდოთ შოთას სიტყვაზე, ხომ უკვე ვიცით, რომ „მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი“ და გავაგრძელოთ  პროლოგის კითხვა.

მაგრამ რით?

ასე იყო თუ ისე, მიჯნურობის სამი „გვარი“ გამოვიტანეთ. ყოველი ადამიანი ხომ უკავშირებს თვის სულს ამ სამთაგანიდან რომელიმეს(ან მათ რომელიმე კერძოით განფენას)? „გვაქვს უთვალავი ფერითა“, – ამბობს შოთა და როგორ ვიფიქროთ, დააძალებს იგი ვინმეს, გინდა თუ არა, მე რომ გირჩევ,იმ მიჯნურობით და იმ მიჯნურობისთვის იარსეო?

და ხვედრად კაცისა, არს არჩევანი, ვინაც უნდა ის  იყოს, რასაც უნდა იმას აკეთებდეს, ანდა ზოგს ეს „არჩევანი“ სულაც დაბადებით დაჰყვება…

 

XI. 11  რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:

მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;

კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვრდეს და გამოსცნობდეს,

არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.

 

ასე უნდა იყოს, რა საქმესაც ვაკეთებდე, რაცა ბედმან შეგვყაროს, – ის უნდა ვაკეთოთ, მუშაკმა იმუშაკოს, მეომარმა იგულოვნოს. ხოლო მიჯნურობა თან ახლდეს ყოველს, თავისდა დარად, უყვარდეს, „გამოსცნობდეს“, რომელსამე აღიარებდეს, არჩევდეს, არცა ვინმემ არჩევანი მისი დაიწუნოს, არც თვიტონ სხვასა უწუნებდეს.

ხოლო სიტყვები, „მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს“, -არ უნდა გავიგოთ ისე, როგორც ამას ნიკო მარი თვლიდა: „მაშასადამე, კარგად გახსოვდეს სოციალურ კატეგორიათა უცვლელობის შესახებ. დაიბადე გლეხად, მხვნელ-მთესველად, და აკეთე სწორედ შენი საქმე, არც ეცადო გამოხვიდე გლეხის მძიმე ხვედრიდან, დაიხსომე ეს და ხანი და თესე. ხოლო მეომარმა გამოავლინოს თავის  თავი, იომოს და იომოს… ვინმეს სასარგებლოდ.“

არა, ასე არ არ უთქვამს შოთას, პოემის მთელი არსით კაცის პიროვნულ ღირსებას უმღერის იგი, „ტურფადცა უნდა ხსენება“ და მოგითხრობთ ამის შესახებ სხვა დროს,

„ვეფხისტყაოსნისადმი“  მიძღვნილ სხვა,უფრო დიდ წერილში.

ხოლო, – „კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამისცნობდეს“ – შოთა არავის არაფერს აძალებს, არავის არაფერს უწუნებს, არამედ ამბობს, რომ აირჩიო თავად და…    გვიყვება თავის    რჩეულზე.

 

XII.20.  ვთქვა მიჯნურობა პირველი, და ტომი გვართა ზენათა,

ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;

იგია საქმე საზეო,მომცემი აღმაფრენათა,

ვინცა ეცდების, თმობაცა, ჰქონდა მრავალთა წყენათა.

 

XIII. 21  მას ერთსა მიჯნურობასა, ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან;

ენა დაშვრების მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;

ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან;

მართ მასვე ბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

 

უამრავი ახსნა არსებობს ამ სტროფების.

„… ასე რომ, „ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა“ ნიშნავს იმას, რომ „მიჯნურობა პირველი“ არის თავად ღმერთი, მისი არსება ტომია ზენა გვართა ანუ  პირთა. მიჯნურობისა და ღვთის იდენტიფიკაციის იდეა კი მომდინარეობს ახალი აღთქმიდან, იოანეს ეპისტოლედან, სადაც ნათქვამია რომ სიყვარული არის ღმერთი“(იოანე1. 4-8), –  დაწერს ზვიად გამსახურდია და თვლის რომ გადაწყვიტა. სიყვარული კია ღმერთი, მაგრამ დაუბრუნდით სტროფს და თავად მიხვდებით, სხვა რამეს მალავს აქ შოთა. ასე რომ იყოს, იმას,  რასაც გამსხურდია ამბობს, ყველა „ჭკვიანი“(სწავლული, ფილოსოფოსი, ღმრთის მეტყველი) მიხვდებოდა(გაიგებდა, ამოიცნობდა) ან „მიხვდებოდა“(შეხვდებოდა!) სადმე(!). შოთა კი ამბობს, რომ მე რომ მოგითხრობთ, მის შესახებ დაწერილს ვერსად შეხვდებითო!

ნოდარ ნათაძეს მიაჩნია რომ აქ რუსთაველი იყენებს და თავისებურად გარდაქმნის პლატონის ფილოსოფიის იდეებს:

„რამდენიმე „იდეის“ გამაერთიანებელ, ზოგად იდეას რუსთაველისდროინდელ ფილოსოფიურ ლიტერატურაში „ტომი“ ეწოდება. ამგვარად გამოთქმა, – „ … მიჯნურობა პირველი და და ტომი გვართა ზენათა“, ან თავისებური სახეცვლაა იდეათა პლატონისეული იერარქიისა( „იდეათა“ სამყაროს იერარქიის სათავეში რუსთაველი სიკეთის ნაცვლად მიჯნურობას აყენებს), ან ამით გამოთქმულია ის აზრი, რომ „მიჯნურობა“  უმაღლეს იდეათა რიცხვს ეკუთვნის ზეციურ იდეათა შორის“.

ამ მსჯელობებში შეცდომა ის კი არა არის, რომ ერთი ქრისტიანული თვალთახედვით მიუდგა საკითხს, ხოლო მეორე პლატონური „იდეების გამაერთიანებელი ზოგადი იდეით“, – აქ შეცდომა არის ის, რომ რაც ზვიად გამსახურდიასთან ღმერთად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო ნოდარ ნათაძესთან „იდეთა იდეად“,  რუსთველთან ეს არის „ მიჯნურთა სურვილი“ და არა „მიჯნურობაცპირველი“. რაც არის ღმერთი რუსთაველთან, ეს მან თავში თქვა!

„ვეფხისტყაოსანს“აქვს თავისი საკუთარი ცნებები, კატეგორიები, თავისი „სამსჯავრო“, აზროვნების თავისი წესები. ყველაფერი, რაც კი საჭიროა „ვეფხისტყაოსნის“ გარშემო მსჯელობისათვის, თვით პოემაშია და პოემაშივე უნდა ვეძიოთ.

ხომ ამდენი მსჯელობაა „ვეფხისტყაოსნის“ ტერმინების, – „სახე“, „ტანი“, „ტომი“, „გვარი“, და სხვათა ირგვლივ, -გვაძლევენ კი ეს მსჯელობანი საშუალებას მათ მიხედვით ზუსტად ვიპოვოთ სადმე, თუ რა არის „მიჯნურთა სურვილი“?

არ არის ეს ისე მარტივად განსასაზღვრი „კატეგორია“, როგორც ეს ბატონმა ნოდარ ნათაძემ „სასკოლო გამოცემის“ კომენტარში გააკეთა.

მცდარი იქნება , თუ ვინმე დაუშვებს , რომ „ვეფხისტყაოსანში“ რომელიმე ფილოსოფიური კონცეფცია იყოს თავიდან ბოლომდე გაფორმებული(„არა ვიქმ“!), და.. ისეთი მიდგომაც არ გამოდის მართალი, რომ, ვთქვათ, „რუსთაველისთვის უცხოა არისტოტელესეული თვალსაზრისი სულზე“, „სახე ყოვლისა ტანისა“ კი არისტოტელესეული თვალსაზრისითაა განხილული.

კარგად აქვს „სახესთან“ დაკავშირებით საკითხი დასმული ბატონ რევაზ თვარაძეს. „ძველ, რუსთაველისდროინდელ წერილობით ძეგლებში „სახე“ მისი დღევანდელი მნიშვნელობის გარდა ნიშნავს აგრეთვე „სიმბოლოს“, „ფორმას“. „მსგავსება“. „ნიშანს“,ნიმუშს“, „მაგალითს“, „გვარს“, „წესს“,“გამოხატულებას“, „სახეობას“. მოსალოდნელია „სახის“ სხვა მნიშვნელობათა წარმოდგენაც.რომელი ერთია რუსთაველის სტრიქონში ნახმარი სიტყვა? ეს თუ საბოლოოდ არ გაირკვა, ყოველგვარი მსჯელობა ალალბედზე იქნება მინდობილი. უამისოდ აქ არეოპაგიტის გარდა, შესაძლოა პლატონის „იდეაც“ ვიპოვოთ, არისტოტელეს „ფორმაც“, „პირველსახეც“ და მრავალი სხვაც“.

ჩვენ აქ „პირველსახესთან“, ქსენოფანეს „გარეგან ფორმასთან“ მივდივართ.   ვთქვით, ვამბობთ:

„სახე“, –  რასაც ჩვენ თავად ღმრთივქმნილნი აღვიქვამთ ქმნილისაგან ყოველგვარი გრძნობით, გონით(არ გამოვრიცხოტ ილუზია!), ვთქვათ ასე,- ხედვა სუბიექტური.

თუმცა, როცა ამას ვამბობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მამა ბერკლი, ჩვენს მიღმა, ჩვენს გარეშე სამყაროს არსებობას სულაც რომ გამორიცხავდა და თან მშვენივრად ახერხებდა ამას.სირთულეებში ნუ წავალთ, ბერკლიც მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ ყოველნაირ აღქმაში, ყოველნაირ ახსნაში სუბიექტური არსებითი რომაა.

„ტანი“, – ღვთიურარსი, მთლიანობა, რისგანაც ვიღებთ, განვიცდით „სახეს“, – ობიექტური არსი, რელობა!

რთული ურთიერთგანპირობებულობაა!

თავად „ღმერთი“, თითოეულისათვის  არის ის რასაც აღიქვამს, გრძნობს მის სახედ, ზოგისთვის წმიდა სამებაა, ზოგისთვის მხოლოდ თეთრწვერა მოხუცი, ზოგისთვის მარადი და ყოველგანმყოფი განფენილობა და ა.შ. (ახლა ზოგი სულ ვერ აღიქვამს და ვერ გრძნობს, მაგრამ ამასაც არაუშავს, ესეც „სახეა“).

მრავალარსითაა დაწერილი „ვეფხისტყაოსანი“

ხოლო…

ყოველი კაცი განიცდის მას „სახითა მის მიერითა“!

ზოგისთვის უმაღლეს მშვენიერებასთან საზიარებელი წიგნია, ზოგისთვის კიდევ იდიოტიზმი.ზოგმა მისი არსებობის შესახებაც კი არაფერი იცის. აი ასეა.

„მიჯნურობა პირველი“ სხვაა გამსახურდიასთვის, სხვაა ნათაძისთვის, სხვაა ამ წერილის ავტორისთვის, მაგრამ როგორღაც იყო, იგი თავისი „ტანით“, თვითარსით ხომ ითქვა შოთასაგან? აი, იქნებ ეს „თვითარსი“ ვიპოვოთ.

დავბრუნდეთ ზემოთ და კიდევ ერთხელ „დავათვალიეროთ“  ჩვენს მიერ გამოყოფილი სამი „ჯგუფი“ მიჯნურობისა.თითოეული თავისთავში გარკვეულ კერძო განფენას იგულისხმებს. ასეა და თითოეულს ამ სამთაგანს აქვს თავისი „სახე“ ყოველი კაცისათვის, როგორც იღებს მას იგი. და… აქვს „ტანი“.ეს მთლიანობა სამთა არის „გვარი“.

„გვარი“ – მიჯნურობა.

ასევე არსობს:

„გვარი“ – სიკეთე.

„გვარი“ – მშვენიერება  და ა. შ.

და გამოდის… ამ „გვართაგან“ დაბადებული, ამ „გვართა“ ადამიანურ(ღვთაებრივ!) განცდისაგან შობილი ყოვლთა უზენაესი სულიერი მდგომარეობა არის შოთასაგან თქმული „მიჯნურთა სურვილი“, სულიერ მდგომარეობათა(მიჯნურობა, სიკეთე, მშვენიერება და ა.შ.) სინკლეტური ერთიანობა.

მოგვეცეს ღმერთისაგან, ვითარცა პური არსობისა, „სიკვდიმდე გასატანისად“!

და შევართოთ ეს „გვარები“ „ტომად“(თუმცა, ამ ტომმა” მეორეული შინაარსიც შიძლება შეიძინოს, ქვემოთ ვნახავთ!).

ხოლო…  „მიჯნურობა პირველი“, – იდუმალებით რომ მოსავს შოთა განსახილველ სტროფებში, არის ერთი, კერძო განფენა მიჯნურობის ძნელი გვარის მეორე ჯგუფიდან.

არ არის აქ აბსტრაქტული სქემები, არის რეალობა, განცდილი ადამიანისაგან, ნაგზნები მისი, – „მიჯნურობა პირველი“, -„დაშვრების აღმაფრენითა“!

ჩვენ ამ „მიჯნურობა პირველს“ მიჯნურობის ძნელი გვარის მეორე ჯგუში ვეძებთ და  არავის, არცერთ მკვლევარს არ უძებნია იგი მიჯნურობის პირველ(„მით რომე შმაგობს…“) ჯგუფში.

ვნახოთ რასთან გვექნება საქმე, თუ „მიჯნურობა პირველს“ საღმრთო მიჯნურობის უძნელეს, სქესის, ყოველივე ამქვეყნიურის უარმყოფელი ფორმით მოვიძიებთ:

„ესეიგი, ისახება ღმერთისად მიქცევის ორი გზა: არსებული საფეხურის შესატყვისი ქმედება, საკუთარი გვარის ფარგლებში სრულყოფა(ანუ სისრულის, სიკეთის, მშვენიერების შემოსვა) და იერრარქიის მწვერვალებისაკებ საფეხურებრივი, თანდათანობითი ამაღლება: ან კიდევ საკუთარი თავის საღმრთო სიყვარულის მწვერვალზე აღტყორცნა და უზენაესის უშუალიო, მისტიური წვდომა. მაგრამ ეს ძნელი გზაა და ყველას როდი ძალუძს მისი გადალახვა. ეს ყოველივე გათვალისწინებულია ახალ აღთქმაში: „… და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათაისა. რომელ შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ“(მათე,19.12)“.აი სწორედ ეს მეორე გზა, საღმრთო სიყვარულის ეს უძნელესი ფორმა(ჩვენს მიერ გამოყოფილ ჯგუფებში III ჯგუფი-რ.ზ.),რომლის „დატევნა“ ყველას არ ძალუძს, რომელიც მიწიერისაგან, ხორციელისაგან სრულ განდგომას გულისხმობს, აქვს მხედველობაში რუსთაველს“(რევაზ თვარაძე).

რა უნდა თქვა, შეიძლება არის კიდეც სიმართლე აქ, მაგრამ…ისიც სიმართლეა, რომ „რუსთაველი არც ქორწინების წინააღმდეგია, არც განქორწინების მომხრე და არც გამოსაჭურისების მქადაგებელი“(კ.ეკაშვილი).

ეს იცის ბატონმა რევაზ თვარაძემ და როცა „მიჯნურობა პირველის“ დამახასიათებელ სტროფებს წერს, თითქოსდა წინასწარი გათვალისწინებით, არ მოიტანს იმ სტრიქონს, სადაც საუბარია ამ „მიჯნურობა პირველის“ როგორიღაც ფორმით ხორცთან კავშირზე(„ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნიც ხორცთა ხვდებიან, მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან“).

არ შეიძლება დავუშვათ, რომ ის მიჯნურობა, როცა მხოლოდ „შორით ბნდებიან“ თითქოს რამენაირად გამოდიოდეს ბაძვად იმ მიჯნურობისა, რომელიც ბატონმა რევაზმა იგულისხმა. ეს საზეო მიჯნურობა, რომელიც ძნელი, ყველასაგან ვერ „დატევნილი“ ფორმაა, მიწიერისაგან, ხორცისაგან სრულ განდგომას რომ ითვალისწინებს განპირობებულია მხოლოდ ერთით(„დამტევნელით!), მხოლოდ ერთია,-მიქცეული, აღტყოეცნილი ღმრთისაკენ!

იმ წყვილთა მდგომარეობა კი, რომელნიც, თუნდაც არ შეერთვიან ერთურთს, არც მიაეახლებიან, მხოლოდ „შორით ბნდებიან“, მაგრამ მათი სულიერი მდგომარეობა ურთიერთგანპირობებულია და გამოდის რომ ორია მიქცეული ღმრთისაკენ. „ერთით“ განპირობებული სულიერი მდგომარეობა „ორით“ განპირობებული სულიერი მდგომარეობის ბაძვად ვერ ჩაითვლება.ჩვენ ახლა ორი არგუმენტი გავაქვს, რომ შოთას რჩეული „მიჯნურობა პირველი“ არ შეიძლება იყოს საზეო მიჯნურობის უძნელესი, ყველასაგან ვერ „დატევნილი“, მიწიერის, ხორციელის სრულიად უარმყოფელი ფორმა.

        გამოდის რომ „მიჯნურობა პირველი“ საზეო მიჯნურობა კი არის, მაგრამ რაღაც ფორმით უკავშირდება ქვეყნიურს, თავის გვარში გაღვივებაა, არის ანთება სულის, „დაღლა“, „დაშვრომა აღმაფრენით“ ღმრთისაკენ!

პავლე მოციქულის სულიერი მდგომარეობა(გაიხსენეთ ზემოთ მოტანილი მისი სიტყვები!) არის ყველაზე კარგი მაგალითი იმ საღვთო მიჯნურობისა, რომელსაც რუსთაველისეული „კეკლუცთა ზედან ფრენითა“ ითვალისწინებს.

ხოლო…

ერთი მონასტრის კედელზე უნახავთ მონაზონის მიერ ამოჩხაპნილი სიტყვები:

„თოტხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად, აქვე შევსრულდი სამოცდატოთხმეტისა. რა ლამაზი იყავი ბიჭო“

„ლამაზი ბიჭის“ ვერდავიწყების(ანუ, გარკვეულადმაინც, ამქვეყნიურის ვერდავიწყებს გამო), უნდა ჩავთვალოთ თუ არა, რომ მოტანილი სიტყვების ავტორი ქალი ვერ შედგა ნამდვილ მონაზვნად? არა, არ უნდა ჩავთვალოთ.  ეს ქალი მონაზონია და თავისი საღმრთო მიჯნურობით იგი ეკუთვნის რუსთაველისეულ „ზოგთა აქვთ საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა“ ჯგუფს(II ჯგუფი ჩვენს მიერ გამოყოფილ კლასიფიკაციაში).

ამ მეორე ჯგუფში მრავალი კერძო განფენა მოიაზრება(მცირედით მივანიშნეთ ზემოთ და ვთქვათ ბარემ რომ ამ ჯგუფის ერთი სახეობაა, ე.წ, პლატონური სიყვარული, როცა „შორით ბნდებიან“და ამ გზით მიიქცევიან ღვთაებრივისაკენ), მაგრამ ჩვენი მიზანია, სწორედ ამ კერძოით განფენებში ვიპოვოთ ის, რასაც შეიძლება გულისხმობდეს შოთა.

ჰო, როცა „შორით ბნდებიან“ ჰბაძვენ „ მიჯნურობა პირველს“.

ეს დადგენილია.

მაგრამ რა საიინტერესო შემთხვევაა, თურმე, ეს „მიჯნურობა პირველი“ ისეთია,რომ   „მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან“.

რას ნიშნავს ეს ნათქვამი?

„ „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონიის შემდგენელთათვის “მიხვდომა“(სტრიქონში „მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან“) ნიშნავს „მიხვედრას“ დღევანდელი გაგებით. ამ შემთხვევაში სტრიქონს ამგვარი აზრი ექნება: იმ პირველ მიჯნურობას ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან(დღევანდელი გაგებით), ვერაფერს გაუგებენ“(რევაზ თვარაძე).

ვინ ჩავთვალოთ ახლა რუსთაველისეულ „ჭკვიანებად“? ვინაც გნებავთ: უბრალოდ გონიერი, მცოდნე, გნებავთ სწავლული ფილოსოფოსი, სიბრძნის მოყვარული, ბრძენი,მწერალი, პოეტი, მეცნიერი…

დავუჯეროთ ახლა „მიხვდომის“ სიმფონიისეულ განმარტებას და ჩვენთვის ვიკითხოთ:

თუ „მიჯნურობა პირველი“ ისეთი რამეა, „ჭკვიანნი რომ ვერფერს გაუგებენ, ვერფერს მიუხვდებიან, თან რომ ამ პირველი მიჯნურობის მიმდევართ „…ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან“, აბა, სულელნი და ბრიყვნი გაუგებენ რამეს და ჩასწვდებიან?

არ შეიძლება აქ „მიხვდომის“ ამნაირი გაგება და ამიტომ არის კიდეც შეეჭვებული ბატონი რევაზ თვარაძე:

„მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ეს სიტყვა იხმარებოდეს იმგვარი გაგებითაც , როგორც შემდეგ სტრიქონებში: „(ავთანდილ) მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა“, „ჩემი თქვა: სხვათა მიხვდაო იგი ალვისა ტანითა“ და სხვა. ესეიგი, „მიხვდომა“ როგორც „მიახლება“, „წილად რგება“, „ხვედრად ქცევა“. მაშინ მოტანილი სტრიქონი უკვე ამგვარად უნდა გაიშიფროს: ეს პირველი მიჯნურობა ჭკვიანთა ხვედრი არ არის, ჭკვიანნი მას ვერ მიეახლებიან“.

ვაი ჩვენი ბრალი!

ფრთხილად ,ემანდ ბატონი რეიფილდი არ დაგვადგეს თავს.

ადამიანო, თუ თვლი რომ ეს შენი „მიჯნურობა პირველი“ არის ყოვლის ამქვეყნიურის დატევებით მიღწეული საღვთო მიჯნურობა, როცა აღტყორცნილი ხარ უშუალოდ ღმრთის სიყვარულად, მაშინ ან პავლე მოციქულის სიტყვები,- „არღარა მე ცხოველ ვარო, არამედ ცხოველ არსო ჩემად შორის ქრისტე“,-არ გვესმის და არ ყოფილა პავლე მოციქული აღტყორცნილი საღმრთო სიყვარულად, რომელმან სრულიად შეასაკუთრა თავი თვისი ქრისტეს, ანდა…თუ ეს მიჯნურობა ჭკვიანთა ხვედრი არ არის,როგორც ამას შიფრავს ბატონი რევაზ თვარაძე, პავლე მოციქული არ ყოფილა „ჭკვიანი“.

სად არის საშველი?

რას უნდა ნიშნავდეს „მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან“?

გავიხსენოთ „ვერ მიხვედრა“ სტრიქონში: „მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვედრისა წყენითა“. ხომ იმითაა ეს შმაგობა, საწადელს რომ ვერ მიაღწია, ვერ შეხვდა, ვერ შეეყარა?

ახლა ბატონი რევაზის მიერ მოტანილი მაგალითი ვნახოთ:

(ავთანდილ) მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა“. ესეიგი, მოხვდა ქვეყანაში, ნახა ქვეყანა.

ახლა ასე დავწეროთ ეს წინადადება:

„(ავთანდილ)(ვერ) მიჰხვდა… ქვეყანასა“.

ესეიგი, ავთანდილი ვერ შეხვდა იმ ქვეყანას, ვერ ნახა.

და სად არის წინაარმდეგობა იქ, რომ განსახილველ სტრიქონში ვიფიქროთ ასე:

„ვერ მიჰხვდებიან“ – ვერ შეხვდებიან, ვერ ნახავენ.

მაგრამ, თუ ასეთ დაშვებას გააკეთებდნენ მკვლევარნი, მაშინ გამოვიდოდა რომ…

თურმე „მიჯნურობა პირველი“, ანუ საზეო მიჯნურობის ერთი ფორმის რომელიღაც კერძო განფენა ისეთია, რომ მას ჭკვიანნი, სწავლულინი ვერ შეხვდებიან სადმე, ვერ ნახავდნენ, ვერც დაწერილს რასმე წაიკითხავდნენ მის შესახებ. ჰოდა…  ამის დაშვებას ის ამჯობინეს, იქნებ ისეთზე ლაპარაკობს შოთა, ჭკვიანნი რომ ვერაფერს გაუგებენო!

არადა…

„მიჯნურობა პირველი“ სწორედ ისეთია, ისე ღრმად ქართულია, ისე იყო, რომ მას მართლაც ვერსად ნახავდნენ სწავლულნი, ჭკვიანნი, ვერც „პრაქტიკაში“ და ვერც წიგნები იპოვნიდნენ მასზე რამეს დაწერილს.

ჯერჯერობით რაც ვიცით, „მიჯნურობა პირველი“ არის კერძო განფენა ჩვენგან მოძებნილი მიჯნურობის II  ჯგუფიდან, რომელი ჯგუფიც რუსთაველთან ასე ხასიათდება: „ზოგთა აქვთ საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა“, ანუ, საკუთარი გვარის ფარგლებში სრულყოფა, თანდათანობითი ამაღლება.

ამოვწეროთ ამ მიჯნურობის ყველა მახასიათებელი განსახილველი სტროფებიდან:

1.“ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა“.

„ტომისა“ და „გვარის“ რელიგიური(ზვიად გამსახურდია), ფილოსოფიური(ნოდარ ნათაძე) თუ ჩვენს მიერ მოტანილი ახსნების მიუხედავად, „მიჯნურობა პირველი“ შესაძლოა სხვაგვარადაც უკავშირდებოდეს სიტყვებს, „ტომი გვართა ზენათა“

2. „ძნელად სათქმელი, საჭირო, გამოსაგები ენათა“

„მიჯნურობა პირველი უნდა იყოს ძნელად ასახსნელი, თავადაც საძნელო, „საჭირო“, ენით ძნელად გამოსახატი.

3. „იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა“.

„მიჯნურობა პირველი“ საზეო მიჯნურობაა, მაგრამ იგი არის არა ყოველივე მიწიერის დატევებით უშუალოდ „აღტყორცნა“ ზენაში, არამედ საკუთარი გვარის ფარგლებში გაღვივებით, სრულყოფით, თანდათანობით მომცემი „აღმაფრენათა“.

4. „ვინცა ეცდების, თმობაცა ჰქონდა მრავალთა წყენათა“.

ვინაც „მიჯნურობა პირველს“ თავის თავზე გამოცდის, მრავალ სიძნელეთა მოთმენა, ატანა მოუწევს, სანამ „გაღვივდება“ სანამ მოხდება „სრულყოფა“.

5.“მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან“.

„ვერ მიხვდებიან“ -ვერ შეხვდებიან. „მიჯნურობა პირველს“ უნდა ჰქონდეს მახასიათებელი, მიზეზი, როს გამოც მას ჭკვიანნი, სწავლულნი ვერ შეხვდებოდნენ, ვერ ნახავდნენ ვერც თვითარსში, ვერც დაწერილს მასზე სადმე ნახავდნენ, ვერ წაიკითხავდნენ.

6.”ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალედბიან”

კიდევაც რომ დაიწყო თხრობა „მიჯნურობა პირველის“ შესახებ, ენა დაიღლება, მსმენელის ყური დავალებული(შეწუხებული ) იქნება მისი არსის იოლად ვერ აღქმის გამო.

7.“ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან“

   „მიჯნურობა პირველი“, გარკვეული აზრით, ხორციელსაც, ხორცსაც , ფიზიოლოგიურის აღქმას, განცდას უკავშირდება.

8. „მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიზვენ, შორით ბნდებიან“.

   ისინი, ვინც არათუ შეერთვიან(„არ სიძვენ“- არ შერთვის, სექსუალური კავშირის არდამყარების მნიშვნელობითაა აქ, ამაზე საუბარი მოგვიწევს ქვემოთ) ერთურთს, არამედ არც მიაეახლებიან,მხოლოდ შორით ბნდებიან, რაღაცნაირად ბაძავენ „მიჯნურობა პირველს“

და..რა შეიძლება იყოს „მიჯნურობა პირველი“?

ეს, რათქმაუნდა, არ უნდა იყოს განყენებული, სქემატური რამ, არარსებული!

რუსთაველმა იცის, სქესიდან, „ვერ-მიხვდომისა წყენისა“-გან წვეულ სიშმაგეს ახლავს სულიერი მდგომარეობა, სქესით მართული, და თანამდევი მრავალი ავი ზრახვა, მრუშება, ცოდვილება, სხვადასხვაგვარი ბოროტება.

რუსთაველური პრინციპი კი არის… იწყოს კაცმა „აღმაფრენა“ სქესის არსიდან, ხოლო, თანდათანობით შეიმოსოს ისე, გახდეს სრული, რომ არა იმართოს სქესით!

„სიყვარულის და ქალისადმი რუსთველური დამოკიდებულების საფუძველი მხოლოდ ქართულ სინამდვილეშია საძებნი და იგი გაჩნდა არა მე-12-ე საუკუნეში, არამედ გაცილებით ადრე, ხოლო მისი ფესვები ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში უნდა ვეძებოთ“, -მართალს ბრძანებს პროფესორი ალ. ფოცხიშვილი, მაგრამ… ამ ძიების გზაზე, ხელი არ უნდა შეგვიშალოს მისივე სიტყვებმა: „საქართველოში გავრცელებული სიყვარულის ყველაზე სასურველი ფინალი ცოლ-ქმრობა იყო“.

იყო ქართველთა უძველეს მთის ტომებში სხვაგვარად(„და ტომი გვართა ზენათა“, ზემომოტანილი ფილოსოფიურ-რელიგიური ახსნების გვერდით, ეს სიტყვები ხომ არ მოიაზრებს მთის(ზენა, მაღალზე მცხოვრები გვარი ხალხთა) ტომებს?)!

იყო, არსებობდა ღმერთის გაჩენილად ჩათვლილი, იდუმალი, აწ საუკუნეების მიღმა ჩარჩენილი, თავის რიგზე მიუკვლეველი, „დღესდღეობით აუხსნელი ყოფა-ცხოვრებითი ინსტიტუტი -სწორფრობა“(ზურაბ კიკნაძე).

იყო „სწორფრობა ხთის გაჩენილი. რაიც კაც გაჩენილავ, იმის მემრავ ქალ-ვაჟს სრუ სდობნივავ ერთუცივ. წინავ უფრო სდობნივას ერთმანეთი, სურულით ხოცინილავ წინან კაცნივ, იციან. ერთად წოლა ქვე არ ყოფილ. ეგრე თუ უაზრებდიან ერთუცს. მემრ ღმერთს ათერი-დ, აბურსელ უნახიან სურულით დახოცილნი. ამდგარა-დ სურულ ქალ-ვაჟისად მაუშორებივ. ირმის რქაზე, თამაქოზედა, ქალის ფარაგზე გადაუტანავ“(ნათელა ბალიაურიდან).

იყო, მიეახლებოდნენ ერთურთს, ეტრფოდნენ, ღვივდებონენ, თუმცა… ხომ იქნებოდა ეს ძნელი, „საჭირო“? მითუმეტეს საწყის ეტაპზე, სანამ სრულყოფას მიაღწევდნენ..

მაგრამ იყო „აღმაფრენა“, თანდათანობითი აღმასვლა, შემოდიოდა სულში „მიჯნურთა სურვილი“, მდგომარეობა სულისა „საღმრთო სიახლედ“!

ჰქონდათ ერთად „წოლა-დგომის“ განსაკუთრებული წესი, იყო მიფერება, ლოლიავი, ხოლო… მერე… „საღმრთო სიახლეს“ მყოფნი, ერგუნებოდნენ ქალი სხვას ცოლად, კაცი სხვას ქმრად, სწორფრობა წყვილთა რჩებოდა, ინახებოდა უსაზღვრო, უსამანო  „მიჯნურთა სურვილი“ და შედეგად ამის შეკავება შერთვაში, სიძვაში,- თუ იყო სიძვა(ანუ სქესობრივი კავშირი!) მხოლოდ საშუალებად მოდგმისა შობისა.

„სწორფრობა ხთის გაჩენილი“, – შერთვისკენ, სიძვისაკენ სწრაფვის სიშმაგეს გამოყოფილი მიჯნურობა!

ჩვენთვის აუხსნელი, ძნელი, „საჭირო“… და, ასეთი რომ იცოდა, რომ გზნებდა შოთა, მოჩანს ეს თავად პოემაში. მაგრამ ესეც, როგორც სხვა ბევრი რამ, სხვა უფრო დიდ წიგნში თუ მოიყოლება, უამრავ რამეზე დაფარულის მოხსნა სჭირდება.

ერთი რამეც არის აქ დასაფიქრებელი.  ვაჟა-ფშაველამ, რომელიც ფშავურ წაწლობას რუსთველურ მიჯნურობასთან აიგივებდა, რატომ უფრო ღრმად არ ჩაიძია ეს არსნი, ფესვები ამ მიჯნურობისა რომ მოჩანს პოემაში?

ამის მიზეზი უფრო ის მგონია, მის დროებში გარკვეული დამახინჯებებით რომ იქნებოდა უკვე წარმოდგენილი ეს წეს-ჩვეულებანი. ამ დამახინჯება-გადაგვარებას კი ბევრი რამე იწვევდა თანდათანობით და ცოტცოტაობით. თუნდაც… ქრიტიანული რწმენა თუმცა ძალიან ძნელად, მაგრამ უკვე მეხუთე საუკუნიდანვე, მაინც იკვლევდა გზას მთისაკენ და ვფიქრობ, არ უნდა იყოს სადაო. ქრისტიანული მრწამსისთვის მიუღებელი იქნებოდა ეს ადათები და რიტუალები. იქნებ რომ… თვითარსი სწორფრობისა მისაღებიც კია სრული ნათელით დანახული ქრიტესმიერი გზისთვის, მაგრამ მაშინ… ვინ დააკვირდებოდა ამას!

ვერავინ იტყვის ახლა ზუსტად, როგორ მოაღწია ამ ადათმა რუსობის მოსვლამდე.

მაგრამ ქართველთა ქვეყნის რუსის მფარველობის ქვეშ შესვლამ, ალბათ, ძალიან დარია ხელი, ბოლო მოუღო ბევრ რამეს!

დამახინჯებით აღწერა სწორფრობის წარმოშობა და მისი ფუნქცია ვინმე კოვალევსკიმ და ძალიან გააბრაზა ვაჟა-ფშაველა. რუსულის შემოღწევამ, როგორც ჩანს ბევრი რამ მოშალა მთაში, ეს ეტყობა მაშინდელ ლექსებს,-„რუსეთში არხოტიონნო, როგორ დაღლიე ზამთარი, გრანიცაებზე გასული მამგონდა შენი ნათქვამი“. ისეთსაც, შეხვდებით, პირდაპირ რომ მოჩანს, როგორ მინავლულა „აღმაფრენათა“ მიმცემი რიტუალები, რა დრო მოსულა…

 

„ხევსურეთ რა ამბავია?, ხევსურეთ აღარ ხქვიანო,

კანტალაობა დაიწყეს, შალვრებს ბოლოებ შჭრიანო

,  .  .

ვისაც კენჭ მისცეს პირველი, თხებივით ტყეში რბიანო,

ქალებთან წოლის გულისად, საძროხის ყურეს ხყრიანო“.

ჰო, ასეთიც მოხდა…

მაგრამ მანამდე? შორეულ წარსულში?

თავად რუსთაველის დროს?

იყო „მიჯნურობა პირველი“ მთაში, ზენა, ზედა ტომებში, – სწორფრობა,  ურთიერთგანცდა ქალ-ვაჟის, სქესის უშუალო განცდით „ზღვრული ფიზიკური სიახლოვის“(ზ.კიკნაძე) „ცეცხლეულ ზღვარზე“(გრ. რობაქიძე)(თავად შეგიძლიათ იგრძნოთ ბაძვა ამასთან პლატონურისა და განსხვავებაც!)

იყო აქ ურთიერთმიფერება, – „სქესის შინაგანი, სულიერი მხარე“(ზ.კიკნაძე) წინ წამოწეული, -„აღმაფრენათა მიმცემი“. და მერე, როცა სწორფერნი სხვათა შეერთვიან, თვითარსში გაღვივებული სწორფრობა რჩება(ღრმა მოხუცებულობამდე რჩებოდნენ სწორფერებად!), უკან დახეული გამოდის ფიზიოლოგიურის, ვნების დაცხრობის არსი, და… თუ ბატონობდა ასეთი მთელს ტომში, ხომ არსებულა იქ „მიჯნურთა სურვილი“, ამაღლებული საზეო მდგომარეობა სულისა, ქრობილა ყოვლნი ავნი ზრახვანი სქესის „მისახვდომად“ ლტოლვის „სიშმაგით“ წვეულნი, კაცთა ყოფას რომ არყევს და აზანარებს დასაბამიდან.

და მიუხედავად თქმულისა, – „საიდუმლო დარჩა მიუხვედრი“, – ასე ტოვებს საკითხს გრიგოლ რობაქიძე სწორფრობის უცნაური ფენომენისადმი მიძღვნილ თავის ნოველაში, „ენგადი“.

ჩვენც ასე დავტოვოთ!

ეს კი იმას ნიშნავს, ვერავინ დაგვაბრალებს ვერც მე და ვერც შოთა რუსთაველს, თითქოს სწორფრობის ინსტიტუტის იდეის აღდგენა- განვრცობას ვქადაგებდეთ.

იცოდა შოთამ რომ ეს „ძნელად სათქმელი“  რჩეულ, “ზენა“, მთის ქართველ  ტომთა საკუთრება იყო.

„ალბათ ხევსურთა ტომი უძველეს დროში ორდენი იყო ერთგვარი, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ასეთი გზნება და მტკიცება სიყვარულისა“(გრიგოლ რობაქიძე).

„ხოლო, როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, იქ მდგომარეს, სადც არ უნდა იყოს, მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს“(მარკოზი, 13.1)

და იღვაწა შოთამ, თავისი ღვთიური სიტყვით, ქმნილიყო მდგომრეობა კაცის სულისა, „მიჯნურთა სურვილი“, როცა გათვალისწინებულია ყოველი ამა ქვეყნისა, გათვალისწინებულია სქესი, მაგრამ  როგორადაც არის, გადაიფარება “ შმაგ“ მისწრაფებებს თანადევნილი ავი ქმედებანი, ზეობს სული, – „დაშვრების აღმაფრენითა“.

„მიჯნურთა სურვილი“  უკვე სულიერი მდგომარეობაა, გამოყოფილი სიძვისაგან!

და უნდა გავიგოთ აქ სიტყვა „სიძვა“ არა როგორც მრუშება, არამედ როგორც სქესობრივი კავშირი. გავითვალისწინოთ ყოველივე თქმული და როცა პოეტი იტყვის:

 

„მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ზნელი გვარი,

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი;

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,

ნუვინ გარევთ ერთმანეთსა, გესმას ჩემი ნაუბარი“-ო,

 

გვესმოდეს მისი.

არ არის ამ სტროფში „ერთი საცოდავი აზრი რამდენჯერმე გადაბრუნებულ-გადმობრუნებული“, როგორც ეს ალ. სარაჯიშვილს ეგონა.

გავიგოთ სიტყვა „სიძვა“ ზუსტად ისე, როგორც ეს გვესმის სტიქონში, – „მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან“, – „არ სიძვენ“, – არ ერთვიან, სქესობრივ კავშირს არ ამყარებენ. მივხვდეთ ამას და იმასაც ვიგრძნობთ, თუ რას მოითხოვს რუსთაველი ასე დაჟინებით:

„მიჯნურობა სხვა რამეა“ და ფიზიოლოგიური გრძნობის დაცხრობა სხვა!

და რომ აქ შოთა იძახოდეს, გაიგეთ როგორმე, მიჯნურობა სხვა რამეა და სქესობრივი გარყვნილ-აღვირახსნილობა სხვაო, ანუ ამ ტრივიალურს რომ გვიხსნიდეს, მაშინ მართალი იქნებოდა პროფესორი გიორგი არაბული, – ვერ გამოვიდოდა ეს სტროფი რუსთველური, რადგან, -„იმის სწავლება, რომ „მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი“, მეტი რომ არ ვთქვათ, უხერხულია“.

შოთასია ეს სტროფი, იცის მან „ მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი“, – „მიჯნურთა სურვილი“ გამოყოფილია „სიძვას“ და ეს უკანასკნელი. გაგებული როგორც „სქესობრივი კავშირი“ რჩება საშუალებად შთამომავლობის გაგრძელებისა, „მოდგმისა მეშვედ“.

თუ ნიკო მარი სამრთლიანად თვლიდა, რომ “ქართველ პოეტს დაძმობილების წყაროდ წარმოუდგება… ქართულ-ხალხური ინსტიტუტი ძმადნაფიცობა“. და თუ ვიცით რომ ეს ადათი, „ფიცვერცხლის“ წესი უფრო მთაში ღვიოდა, მაშინ რატომ არ უნდა ვიფიქროთ და თანაც თამამად, რომ რუსთველური „მიჯნურობის პრინციპის“, რუსთველური „მიჯნურთა სურვილის“  წყაროა იქვე გაღვივებული, საოცარი, იდუმალი ადათი სწორფრობა?

რატომ მივდგომივართ რუსთველის მისახვედრად „ ორივე თეორიას, სუფისტურსაც და პლატონურსაც”? რუსთაველის ამოსაცნობად რატომ გვიძებნია „იშყი მიჯაზური“, “იშყი ჰაყიყური“, „midons“- ური, სხვანი და სხვანი?

იმიტომ ხომ არა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ქართული კულტურის ვერც წინამორბედ და ვერც მომდევნო საფეხურებთან ვერ კავშირდებოდა?

თურმე კავშირდება…

„რუსთველური მიჯნურობის კოდექსში შეიძლება სწორფრობის იდეა ამოვიკითხოთ“-ო, – დავუჯეროთ პროფესორ ზურაბ კიკნაძეს და ისე ვნახოთ, თუ როგორ მიიტარებს სწორფრობა „მიჯნურობა პირველის“ ზემოთ ამოწერილ რვავე მახასიათებელს.

1. „ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა“.

    ზვიად გამსახურდიამ წმიდა სამება დაინახა აქ, ნოდარ ნათაძემ პლატონის ფილოსოფიიდან ახსნა „ტომი“ და „გვარი“, ჩვენაც ხომ წავიფილოსოფოსეთ ცოტა, მაგრამ რა ვქნა, როგორც კი, – „ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა“  – სიტყვებს წავიკითხავ, მაინც იდუმალი სწორფრობა და მისი მშობელი „ტომი გვართა ზენათა“(ზედათა, ქართველ მთიელთა, ხევსურთა,) წარმომიდგება  და მიველტვი შესაცნობად  „ამ უსიდუმლოეს ტომს“, რომელიცმეთქი, – „უძველეს დროში ორდენი იყო ერთგავარი, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული ასეთი გზნება და მტკიცება სიყვარულისა“(გრ. რობაქიძე). რა ვიცი, ვამბობ, მიღება თქვენი ნებაა.

2. „ძნელად სათქმელი, საჭირო, გამოსაგები ენათა“.

   სწორფრობა რომ ძნელად სათქმელიც არის, კაცთაგან საცდელად „საჭირო“, საძნელო, ამის დასაჯერებლად პროფესორ ზურაბ კიკნაძის მხოლოდ ეს სიტყვებიც გამოდგება:

„მეცნიერება მოვალეა იკვლიოს ამა თუ იმ მოვლენის გენეზისი, მაგრამ სწორფრობის შემთხვევაში საეჭვოა მიღწეული იქნას რაიმე წარმატება. მისი გენეზისი ბუნდოვანი რჩება, შესაძლოა ამ მიმართულებით ყოველი ცდა განწირულიც კი იყოს… არათუ გენეზისი, არამედ ფუნქციაც კი არ არის ბოლომდე ნათელი“

თავშეკავება სქესში, თანდათანობითი გაღვივება… უთქმელია, გამოუცნობი, ენა ვერ იტყვის…

   3. „ იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა“

   სწორფრობა „ხთის გაჩენილად“ ითვლება. იგი „გულისხმობს ახალ წახნაგებს პიროვნებათა ურთიერთობაში… სწორფრობა არის სასინჯი ქვა მოყმის „დღიანობისა“ – სულიერ -ფიზიკური სიმტკიცისა, უფრო წორედ სულისმიერი ძლევისა ხორციელ ბუნებაზე“(ზ.კიკნაძე).

„ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ სიყვარულს ფიზიოლოგიური, სქესობრივ ვნებათა ღელვა უდევს საფუძვლად, ხოლო უ ეს ვნებათა ღელვა შეაჩერა მოთმინებამ, მაშინ ეს გრძნობა უფრო ძლიერია, იგი იღებს იდეალურ ფორმას, მისი ტანი იმოსება ია-ვარდითა“(ვაჟა-ფშაველა).

სხვა რაღა არის საკუთარი გვარის ფარგლებში სრულყოფა, შემოსვა საღმრთოთი, „აღმაფრენათა“ მოცემით „საღმრთო სიახ(ლოვ)ე“?

4. „ვინცა ეცდების, თმობაცა ჰქონდა მრავალთა წყენათა“.

სქესიდან შობილი სიყვარულით სავსე, პირველ შეყრილნი წყვილი, ჯანმრთელნი, ლაღნი…

ძნელი წარმოსადგენია რა უნდა დაითმინონ ერთად წოლისა წილ?

არ შეიძლება აკრძალული ზღვარის გადალახვა…

ქალები წვებიან ხევსურული შალის პერანგით და კაბით…

კაბას აქვს ერთი შესაკრავი ღილი საყელოში, რომლის ახლოს არცა ხელი მიეკარება ვაჟკაცისა, არცა პირისახე…

„ღვთიურ წარუვალი ცეცხლეულ ზღვარზედ“(გრ. რობაქიძე)

და ეს დათმენა „საჭირო“, საძნელო უფრო იქნება მანამ, სანამ თანდათანობით გაღვივდებიან, ამაღლდებიან „მიჯნურთა სურვილში“, მიაღწევენ “საღმრთო სიახლეს“.

5. „მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან“.

სწორფრობის ამსახველი მასალის შესწავლა – „ მოწმობს მის ღრმა ფესვებს ხალხის ცხოვრებაში, და ასევე, ხევსურეთის საკმაოდ შორს წასულ იზოლიაციას“(ზ, კიკნაძე).

„ვერ მიჰხვდებიან“ - ვერ შეხვდებიან, ვერ ნახავენ!

და სად უნდა ენახათ „ჭკვიანებს“, სწავლულებს ქართველთა პატარა მთის ტომის უსაიდუმლოესი „ხთის გაჩენილი“ სწორფრობა?

6. „ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან“.

და ასე არ არის?

ამდენი ვილაპარაკეთ და რა გავიგეთ?

„საიდუმლო დარჩა მიუხვედრი“

7.“ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან“

სწორფრობა თვითარსში ქალ-ვაჟის ერთად „დაწოლას“, ღამის ერთად გატარებას იგულისხმებს, – „შენთანამც ყოფნით გამაძღო,შენთანა წოლა – ძილითა“. ეს წოლა ხდება, თუმც სქესის განცდით, მაგრამ უკიდურესად მკაცრი. „ზღვრული ფიზიკური სიახლოვის“ პირობებში,- არის მოფერება, ლოლიავი, ამბორი ლოყაზე…

გამოდიან ხორციელიდან, ხოლო მაღლდებიან ისე, რომ უკან იხევს სწორედ მიწიერი, სქესი, ხორცი, – იმოსებიან  სისრულით, სიკეთით, მშვენიერებით, „დაშვრებიან აღმარენითა“

   8.“მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან“.

საყოველთად ცნობილი, „პლატონური სიყვარულით“ სადაც „ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნიც ხორცთა ხვდებიან“, სრულიად გამორიცხულია, ნამდვილად „ჰბაძვენ“ სწორფრობას, ჩვენგან სახელდებულ „მიჯნურობა პირველს“.

დიდი კამათი იყო(და საერთო აზრი, ალბათ, ჯერაც არ არის მოძებნილი) იმ სტროფის გარშემო, რომელიც ახლა ჩვენი რიგით მოდის. არადა, ასე თუ ისე, დავახასიათეთ „მიჯნურობა პირველი“. და აქ ჩაჯდება:

 

XIV.10. თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა,

აჰა, გული გამიჯნურდა, მიხვდომია ველთა რბენა!

მიაჯეთ, ვინ ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.

სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

 

ჩვენი მონათხრობის შემდეგ(„ღვთიურ არს სიყორულ, ხორციელ იგემებ, მახკლავ მას, – იწვოდ მხოლოდ“), ვერ გამოვა მართალი ნოდარ ნათაძე:

„ხორცთა დაწვა კმარის“ – ეს სიტყვები ანარეკლია ქრიატიანული აზრისა ხორცის ტანჯვით სულის საიქიო ნეტარების მოპოვებაზე“

ვერ გამოვა მართალი ვუკოლ ბერიძე:

„შემახვეწეთ მას(აქ მეფე თამარს იგულისხმებს ბატონი ვუკოლი!) ხორცთა დაწვა მაკმაროს, მისცეს სულთა ლხენა“.

„ხორცთა დაწვა კმარის“ – აქ არის „ღვთიურ წარუვალი ცეცხლეულ ზღვარზე, – იწვოდ მხოლოდ“, გაღვივება, სულთა ლხენა „მიჯნურობა პირველში“, ამაღლება.

„თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა“!

თეიმურაზ ბაგრატიონს მოვუსმინოთ:

„თვალთა მისგან უნათლოთა,,, რომელნიცა თვალნი ჯერეთ არა არიან: ხედვითა მისითა განათებულნი, – საჭირო იყო მათთვის რომელ ენატრამცა ახლად ჩენა, ესეიგი, ვინცა სატრფიალოსა უნახაობის მიზეზით ბრმად შესარაცხ არიან, მათ სანატრელად სჩინთ ახლად ჩენა“.

შევცვალოთ ამ კომენტარში სიტყვა „სატრფიალოსა“ „მიჯნურობა პირველის“ მნიშვნელობით და სრულიად ცხადი გახდება აქ მოტანილი სტროფის პირველი სტრიქონის აზრი.

„აჰა, გული გამიჯნურდა, მიხვდომია ველთა რბენა“, – იქნებ „გაჭრა“, „ველთა რბენა“  მართლაც იყო მიჯნურობის მოუცილებელი ნიშანი რუათაველის ეპოქის საზოგადოებაში, როგორც ამას ზოგი მკვლევარი მიუთითებს, მაგრამ იმის დაშვება, რომ რუსთაველი ხშირად ახსენებს „ველთა გაჭრას“ არა როგორც თვით გმირების ორიგინალურ ქმედებას, არამედ როგორც წესს, საერთო ნორმას, რომელიც მიჯნურისთვის სავალდებულოა, – შეცდომაა.

რუსთაველის სიდიადე იმაშია, რომ არავის არაფერს არ უხდის სავალდებულოს. იგი ქმნის ისეთს, რომ ადამიანი თვითონ ითვალისწინებს ყოველივეს, თვითონ ივალდებულებს თავს, თვითონ იმკვიდრებს თავის თავს საღმრთო თუ საზოგადოებრივი კანონზომიერებათა ფარგლებში.

ამიტომ, „მიხვდომია ველთა რბენა“ უშუალოდაც შეიძლება გავიგოთ და გავიგოთ როგორც „მიჯნურთა სურვილის“ წვევით ამაღლებული სულიერი მდგომარება. სულის ნავარდი.

აჰა, გული გამიჯნურდა, სული უხინჯო განეფინა, ნავარდობს და გამომექომაგოს(„მიაჯეთ“ – შემავედრეს  მნიშვნელობითაც გაიგება, მაგრამ ეს სიტყვა გამოქომაგების, თანაგრძნობის მნიშვნელობითაც არის ახსნილი) იმან, ვინაც მხოლოდ ხორცთა დაწვას კმარობს, ვინაც ამგვარი მიჯნურობით გაღვივებული, ამაღლებულიაო.

არ დაგვავიწყდეს, როცა მიჯნურობის „საცოდნელად ძნელი გვარის“  სამ ძირითად არსზე მიგვანიშნა შოთამ, მაშინვე თქვა: „კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს“.

ეს სამი ფორმა გაშლილია მრავალგვარი განფენით(ვთქვით ზემოთ, ურთიერთგადამსვლელ მიმართებებსაც ვიპოვით!), „გვაქვს უთვალავი ფერითა“, ხოლო…  „უყვარდეს და გამოსცნობდეს“ – თავისულებაა არჩევანში.

სამივე ეს მიჯნურობა თავის სადარ სულიერ მდგომარეობას შობს, სამივე დედაა პოეზიისა.

„სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა“, – სამივე მიჯნურობას თავისი საფერი, საქებელი ლექსების „დიახაც რომ“(ნოდარ ნათაძის ახსნა სიტყვისა „ლამის“!) უნდა ლექსების თქმა, ვლენა.

ლექსი, შაირი – მშობელი სულიერი მდგომარეობისა და შობილი მისგანვე!

და აგრძელებს პოეტი:

 

 

XV. 12. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,

საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,

კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი,

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

 

ზოგჯერ მკითხველი პირველ სტრიქონს „ისე კითხულობს, თითქოს რუსთაველი პოეზიას ფილოსოფიის დარგად თვლიდეს“(თ.ჭილაძე).

ფილოსოფია – სიბრძნის სიყვარული, საზოგადოდ სიბრძნე.

პოეზია – სიბრძნისაა ერთი დარგი(შოთა).

ამ ორი წანამძღვრიდან გამოდის – პოეზია ფილოსოფიის დარგია.

რას ვერჩით, მართლები ყოფილან!

მაგრამ ეს მშრალი ლოგიკაა!

გავიხსენოთ შოთა:

„არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა,

მით ვისწავლებით მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“

ამ სიტყვებიდან კი გამოდის, რომ ისაა სიბრძნე, ისაა ღირებული „ფილოსოფია:, ისაა ღირებული ცოდნა, რითაც „ვისწავლებით“ ჭეშმარიტებას  „მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“.

მაგრამ ეს „შერთვა“ ზენასთან ხომ სულის  განსაკუთრებული მდგომარეობაა?

პოეზია რაღა არის?

შობილი ამაღლებული სულისაგან და შობს მასვე, ამაღლებულ სულს!

გამოდის,პოეზია არის ყოველივეს მომცველი იმ „სიბრძნის“ დარგი, რითაც „ვისწავლებით“ საზეოსაკენ!.

და თუ ვიგზნეთ რასაც უნდა ნიშნავდეს რუსთველური სიბრზნე პოეზიისა, მაშინ ოდნავადაც არ გაგვიჭირდება თანამომყოლი სტრიქონების გაგება:

„საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,

კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი“.

მაგრამ გასძნელებიათ…

„საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი“ – აქ პოეტი ლაპარაკობს რელიგიური შინაარსის პოეზიაზე, ჰიმნოგრაფიაზე“(ნოდარ ნათაძე),

არაა ასე, მთლიანად პოეზიას გულისხმობს რუსთაველის ნათქვამი.

„რუსთაველის კონცეფციის მიხედვით, უპირველესი აუდიტორია პოეზიისა არის სასულიერო წრე, ხოლო შემდგომი საერო წრე“(ზვიად გამსახურდია).

არც ესაა სწორი მიდგომა!

„ისიც მართალი უნდა იყოს, რომ რუსთაველის დროისათვის ოფიციალური თვალსაზრისით ეს ქვეყანა და ის ქვეყანა მოურიგებელ წინააღმდეგობაში იყო. კლერიკალური თვალსაზრისით, თუ პოეზია საღმრთო იქნებოდა, მას საამქვეყნო მნიშვნელობა აღარ უნდა ჰქონოდა. რუსთაველმა პოეზიას სწორედ საამქვეყნო მნიშვნელობა მიანიჭა და ამიტომ მიიჩნია მისი პოემა ეკლესიამ სულის წარწყმედად. მაგრამ როგორ მოხდა, რომ რუსთაველის აზრით პოეზია საღმრთოც არის და საიმქვეყნოც?(მერი გუგუშვილი).

ღმერთო ჩემო!

ეს შეკითხვა იცით რას ნიშნავს?

ჩვენ საერთოდ არ გვესმის შოთასი, ტყუილად გარჯილა იგი, „გესმას ჩემი ნაუბარი“-ო, ვერ მივმხვდარვართ რა არის მისი „მიჯნურთა სურვილი“, „საღმრთო სიახლე“.

კითხვის დასმის დროს ესენი დავიწყებული გვაქვს და ვერაფერს ვეღარ ვიგებთ. არადა, „საღმრთო“ შოთასთან ისეთია, რომ მასთან ოფიციალური თუ „კლერიკალური თვალსაზრისი წინააღმდეგობაში არ უნდა ყოფილიყო. და თუ იყო, ეს ქრისტიანული  მრწამსის არასწორი გაგებიდან თუ მოდიოდა, ან შეგნებულად დაშვებული,საზოგადოებრივად არამისაღები, ვიწრო ინტერესებიდან გამოდიოდნენ.

„მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიმდე გასატანისა“ – შესთხოვს შოთა ღმერთს.

ჩვენ კი ავდგებით და დავწერთ:

„ტაეპის აზრია: მიჯნურობის სურვილს ნუ შემისუსტებ, იგი სიკვდილამდე გამაყოლე“(ნოდარ ნათაძე).

თუ ამ ავტორის ზემო მოტანილ კომენტარებს გავიხსენებთ, იოლად ამოვიცნობთ ამ კომენტარის აზრსაც. თითქოს ამბობდეს შოთა,ევედრებოდეს ღმერთს, ქალის სიყვარულის სურვილს სიკვდილამდე ნუ შემისუსტებო.

აქ არ გვესმის სწორედ პოეტისა. ვამცრობთ მას.

„მიჯნურთა სურვილი“ ამაღლებული სულიერი მდგომარეობაა, სქესსაც იგულისხმებს და, ბევრ სხვა რამესაც. ასე ავხსენით.

ახლა რასაც ვიტყვით არც იმის გაგება არ უნდა გაგვიჭირდეს.

„მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიმდე გასატანისა“, – შესთხოვს შოთა უფალს და ამითო… „ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა“.

ნუ გავიგებთ ამ ნათქვამს ინერციით!

ნუ ვიგებთ, თითქოს შოთა ჩვეულებრივ-უბრალოდ ამბობდეს, ღმერთო შემიმსუბუქე, მაპატიე ცოდვებიო.

დავინახოთ განსხვავება…

კაცში ისეთი სულიერი მდგომარეობის შექმნას ითხოვს იგი, სწორედ რომ ნაკლები იქნება მიზეზი ცოდვებზე შედგომისა.ეს სულ სხვა რამეა და ცოდვები მაპატიეო, სულ სხვა.

გვესმას რუსთაველისა! – ამას ვგულისხმობდი, როცა განსახილველი სტროფის გადაგდება დავუწუნეთ ნიკო მარს.

თუ ამ ქვეყნად კაცს ექნება მრავალი მიზეზით განპირობებული შემოსვა, ექნება წვეული „მიჯნურთა სურვილი“ და ამის გამო იქნება „ ცოდვათა შესუბუქებით“, ანუ ნაკლები ექნება საპატიებლად სათხოვარი ღმერთისათვის, – ეს არ ჩაითვლება საღმრთო გზად?

და პოეზია ამ გზაზე არაფერ შუაშია?

როგორ გგონიათ, -„ზოგთა აქვთ საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა“-ო, რომ იძახის შოთა, ამ „დაშვრომა“- დაღლით ამაღლებაში პოეზიის თანაზიარობა არ იგულისხმება“?

ასეთი პოეზია  საამქვეყნოც და საიმქვეყნოც, „საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი არ გამოდის?

ჯერ ერთი, არ ვიცი რა უშლიდა ხელს ე.წ. ოფიციალურ-კლერიკალურ  წრეებს ასე მიეღოთ ადამიანთათვის საღმრთო, საამქვეყნო- საიმქვეყნო განრიგებანი და,ვთქვათ, თუ უშლიდა რამე, შოთას მაინდამაინც მათი თვალსაზრისით უნდა ეწერა?

არ ვიცი რატომ ფიქრობენ ასე დღევანდელი მკვლევარები, ვერ ვხვდები რატომ დაისვა კითხვა: „როგორ მოხდა, რომ რუსთაველის აზრით პოეზია საღმრთოც არის და სააამქვეყნოც?“

რა ვიცი, დავით გურამიშვილი მაინც წაეკითხათ:

 

 

„როდესაც ბრძენმან რიტორმან

შოთამ რგო იგავთ ხეო და,

ფესვ ღრმა-ჰყო, შრტონი უჩინა,

ზედ ხილი მოიწეოდა.

ორგზითვე ნაყოფს მისცემდა

ვისგანაც მოირხეოდა“.

 

„ორგზითვე“ ამქვეყნიურს და იმქვეყნიურს რომ ნიშნავს იოლად ვხვდებით ალბათ.

სასულიერო და საერო პოეზია… არ უნდა მომხდარიყო ეს დაყოფა.ძნელი მიზეზები აქვს ამას.  საერო პოეზია რა, სულისათვის, მისი აღმაფრენისათვის არ იქმნება?

„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის…“,- ისე გავიგეთ, თითქოს შოთა ითხოვდეს, როგორმე მოახერხეთ და ყოველი გრძლად სათქმელი მოკლედ თქვითო. ყოველი გრძლად სათქმელის მოკლედ თქმა რომ გამოდიოდეს, თავად ხომ ამხელა პოემას არ დაწერდა?

შაირს ახასიათებს შოთა და გვეუბნება, სწორედ მით ხერხდება, ლამაზად გამოდისხოლმე, გრძელი სიტყვის მოკლედ თქმაო, – „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“.

აი მაგალითი შაირის საშუალებით გრძლად სათქმელის მოკლედ თქმისა:

 

„ბევრი სჭირს კაცის გონებას

ამაოება მტკნარია…

რასაც მადლს იზამს ქვეყნადა

მითი იცოცხლებს მკვდარია“

/ვაჟა-ფშაველა/

 

ბადებდა პოეზიას „მიჯნურობა პირველი“, გზნებდნენ, და პოეზია აღვივებდა სულს „საღმრთო სიახლედ“…

„უეცრად თვალი მოვკარი ნაწერს კლდის ფეხზე… ხევსურები კი ქვაზე მგოსნურ ხილვას ამეტყველებენ… სიტყვები აქ ყოფის ფესვებია თვითონ, მათ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ სურნელება პირველ ქმნისა… მე ვაგრძელებდი წარმოთქმას სხვადასხვა შაირისა და ვთვრებოდი ჩემივე ხმით“(გრ, რობაქიძე, „ენგადი“).

„ვთვრებოდი ჩემივე ხმით“  – ეძლეოდა იგი „მიჯნურთა სურვილს“…

აი ასე ხდება რომ რუსთაველისათვის პოეზია „საღმრთოც არის და საამქვეყნოც“(პასუხი ქალბატონ მერი გუგუშვილს!),და არის, „საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი“

შემდეგი ორი სტროფი არის ეჭვი… და არის მოწოდება, არ დაილიოს სიტყვა ძირქართული, „საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი“ შაირი, ლექსი, – არ წაიშალოს სულიერება ქართველთა…

 

XVI. 13. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,

მობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,

მართ აგრეთვე მელექსესა – ლექსთა გრძელი თქმა და ხევა,

რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა …

 

XVII. 14. მაშინღა ნახეთ მელექე და მისი მოშაირობა,

რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა

არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,

ხელმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

 

პირველ სამ სტრიქონს რა ახსნა უნდა, მაგრამ არის აქ სათქმელი. სწორედ ამ სტრიქონებიდან არის გამოტანილი აზრი მკვლევარების მიერ, თითქოს, – „ჭეშმარიტ მელექსედ რუსთაველი მხოლოდ ეპიკოსს, დიდი ნაწარმოების შემქმნელს სახავს“. „ლექსთა გრძელი თქმა და ხევა“ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს რუსთაველს მიაჩნია, რომ მელექსეს მხოლოდ გრძელ ლექსთა თქმა გამოსცდიდეს. აქ პოეტისათვის ქართული სულიერების მდინარებაში უწყვეტად ჩართვა და იქ ხანგრძლივად გაძლება იგულისხმება გამოსაცდელად.

პოეზიაში ისტორია აისახებაო, უთქვამთ და არ არის ეს უბრალო დაფიქრება. ერის ისტორია უწყვეტად გაბმული მთლიანობაა და ისტორია ის კი არ არის, რასაც ფერად-ფერებით დავწერთ. ისტორია ობიექტური რეალობაა. ეს იცის რუსთაველმა და „გამოცდილად“, ნამდვილ მელექსედ ის უნდა ჩაითვალოს, ვისი სიტყვაც დროის „სახეს“ აყოლილად, დაუფიქრებლად კი არაა ქმნილი, რათა მერე „გაქრეს“, არამედ ის, ვისი სულიდანაც ნაშობი ორგანული ნაწილია გაბმული უწყვეტობისა.

რამდენი მელექსე იყო ამ ქვეყნად, რომელიც გაჰყვა გარდასულ ჟამთა და მის სიტყვას ისტორიის სქელი მტვერი დაედო, – წაიშალა.

მან ვერ გაუძლო გამოცდას, არ გამოუვიდა ლექსთა გრძელი თქმა!

გულდაგულ ჩავუკვირდეთ განსახილველ სტროფებს. პირველი სტროფის მე-4-ე სტრიქონი ვნახოთ. თუ ეს სტრიქონი „ვეფხისტყაოსნის“ რომელიმე გამოცემაში სამი წერტილით ბოლოვდება, როგორც ჩვენს სამუშაო „დედანში“, არის გამოცემები(მაგ. ნ. ნათაძის „სასკოლო გამოცემა“), სადაც ამ სტრიქონის ბოლოს წერტილია დასმული.

წერტილის თუ სამი წერტილის საქმე მაშინ გაირკვევა, თუ ამ სტრიქონში შეფარულად ნაგულისხმევს მივხვდებით, გამოვიტანთ.

„რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა“ – რა გაჭირვებას გულისხმობს აქ შოთა, მელექსის მიზეზით, მისი „არადღიანობით“(„საღმრთო სიახლე“ რომ აკლია!) რომ არის გამოწვეული, თუ აქ საგულვებელია უფრო ღრმად დასაფიქრებელი რამ,- გარეშე, ობიქტური მიზეზებით რომ იყოს გამოწვეული ეს „გაჭირვება“, „ლექსის გამოლევისა“?

ერთიც და მეორეც ალბათ. თუმცა, პოემის „სახით“, პირველხედვით თითქოს მელექსის სისუსტეზეა საუბარი. მაგრამ აქ რაღაც უნდა იყოს შეფარული.

წავიკითხოთ ერთად განსახილველი სტროფებიდან პირველის ბოლო და მეორის დასწყისი სტრიქონები:

რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა,

მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა.

დასრულებული აზრია. ახლა მეორე სტროფის პირველი ორი სტრიქონი წავიკითხოთ ერთად:

მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,

რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა.

აქაც დასრულებული აზრია.რამე შეიძლება იყოს შეფარული აქო, არ უთქვამს მაგრამ, განსახილველ სტროფთა შორის რომ ასეთი „გარდამავალი“ გადაბმა ხდება, შემჩნეული და გამოკვლეული აქვს პროფესორ ვუკოლ ბერიძეს(თსუ შრომები, XXX/16, 1947 წ.) „რა ვეღარ მიხვდეს“, რა ვეღარ (შეხვდეს) ქართულსა, ობიექტური მიზეზებით გამოწვეული ეს რაელობა თუ აწუხებს შოთას, რასაც ხმამაღლა ვერ დაიძახებდა.

რატომ ვერ გავერკვიეთ ჩვენ და რატომ ვიკითხეთ, – „როგორ მოხდა, რომ რუსთაველის აზრით პოეზია საღმრთოც არის და საამქვეყნოცო“?

სიღრმისეულად არა, მაგრამ ხომ გავარკვიეთ რაღაც?

რატომ ვერ მიიღო მაშინდელმა ოფიციალურმა თუ კლერიკალურმა წრეებმა, რომ შოთას ლექსი „ორგზითვე“ საღმრთო იყო?

რატომ ხედავს შოთა საშიშროებას რომ ქართული, ძირქართული ვეღარ გვენახა? არ გვაქვს ჩვენ შესწავლილი კარგად შოთა რუსთაველის ეპოქის ისტორიულ -პოლიტიკური სიტუაციები. ხდებოდა კი ის, რომ ბიზანტიურს ნაკლებქართულად „ვასრულებდით“ და აღმოსავლური ჰანგებიც გვაბანგებდა, ნამდვილ ქართულს გვაშორებდა.

   „ხოლო მოლექსეობასა შინა რუსთაველი არცა ბაძავს ბერძენს, არცა სპარსთა, არამედ აქვს მას მხოლოდ აღრჩეულ ლექსთა თვისთა შეთხზვისათვის საკუთარ ქართული ხასიათი და ჩვეულება, გინა ზნეობა“, – ღრმა დაფიქრება სჭირდებოდა თეიმურაზ ბაგრატიონის ამ სიტყვებს, ვერ დავუფიქრდით.

არ ვიცი როდის, რომელ საუკუნეში ან ვინ მიაწერა დასაწყის სტროფად „ვეფხისტყაოსანს“ ეს სიტყვები:

„პირველ-თავი დასაწყისი, ნათქვამია იგ სპარსულად,

უხმობთ „ვეფხისტყაოსნობი“, არსსა შეიქს ხორცს, არ სულად,

საეროა, არ ახსენებს, სამებასა ერთ არსსულად,

არას გვარგებს საუკონოს, რა დღე იქნას აღსასრულად“-ო,

მაგრამ ვიცი, საოცრად არასწორი რომ იყო ამგვარი აზროვნება და რომ „გვარგებდა“ შოთას წიგნი „ორგზითვე“. სწორედ აქ მახსენდება, რომ  „სპარსული“ ერთ დროს „ცხოვრებისეული ტრფიალის ამბავს დაერქვა“(ზ. ბიძინაშვილი) და თუ რამე იყო ამის იქით  „ვეფხისტყაოსანში“ეს ვერ დაინახეს.

დიახ, ცხოვრებისეული ტრფიალია ოღონდ ამაღლებული საზეო ტრფიალი შოთას ლექსი და არის  საამქვეყნოც და საიმქვეყნოც. ვერ გაუგეს ან არ გაუგეს და არ აპატიეს ასეთი „ორგზითვე“ სარგები ტრფიალი.

მე არ ვამბობ პირველი და არც ვიცი ვინ თქვა პირველად მაგრამ ნამდვილად არ არის კარგი, ასე რომ მოგვიწია დაყოფამ: სასულიერი, საერო. თუ მაინდამაინც ისე უნდა შექმნილიყო და დაყოფილიყო კიდეც, ხომ დაწერა არჩილმა:

„ორი არის სიტყვის ცოდნა: სამღვდელო და საერიო“.

„საერო“ ამაღლებული პოეზია რა, სასულიერო არ არის იმ გაგებით, რომ სულს ამზდებს, ზენას აახლოებს? „სახორცოა“ „ვეფხისტყაოსანი? რატომ დაინახეს ასე რატომ? რაღაცა არ იყო კარგად ქართულ აზროვნებაში. საოცრებას გეტყვით. „ვეფხისტყაოსანზე“ საუბრისას ერთმა „მკვლევარმა“ მკითხა, თქვენის აზრით ეს პოემა დასრულებულიაო? დავიბენი, მაგრამ, -დიახმეთქი, ვუპასუხე. აბა სად არის მანდ საუბარი „აპოკალიფსისზეო“. თქვენ დაფიქრდით ახლა რას მოასწავებს ეს აზროვნება და რატომ უნდა იყოს გადმოცემული შოთას პოემაში „გამოცხადება“. მე კი  არცთუ უმნიშვნელო დონის საეკლესიო მოღვაწის ტიმოთე გაბაშვილის სიტყვებს შეგახსენებთ:

„ესე იყო მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმან ასწავა ქართველთა სარწმუნოების წილ ბოროტი ბილწება და განრყვნა ქრისტიანობა“. ამ ნათქვამით აკიდებული ცოდვა მოუნანიებლად გაიყოლა ამ „კლერიკალმა“ და ზედ ისიც დაიმატა, რომ ვახტანგ მეფეც გამოგვილანძღა,-„ხოლო ზოგიერთთა ჩვენთა უმეცართა საღვთოდ თარგმნეს ბოროტი ლექსი“ შოთასიო.

ასეთი დამოკიდებულება შოთას დროს კიდევ უფრო მკაცრი ხომ არ იქნებოდა?

ცნობილ მკვლევარს, პავლე ინგოროყვას მოუძევია, რომ შოთას პოემა დაუწერია 1196-1207 წლბში და დიდი დევნა განუცდია პოემასაც და მის ავტორსაც

ქართული იყო და „ორგზითვე“ ნაყოფს გვაძლევდა. ეს ვერ მიიღო მაშინდელმა „ძლიერმა რელიგიურმა პროპაგანდამ“. მით იყო ცუდი.

ქართულად წერას ნამდვილად ხომ არ დასჭირდებოდა „ხელმარჯვედ ქნევა ჩოგნისა“, რომ არ ჩაგვვარდნოდა საკუთარში უცხო?

და გავაგრძელოთ შოთას ნააზრევი:

 

XVIII.15. “ მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი,

თავი ყოლა ნუ ჰგონია  მელექსეთა კარგთა სწორი,

განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,

მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი.

 

ასე იქნებოდა. რამდენი აღმოსავლურდაბანგული ან ქრისტიანული მრწამსის არასწორად მიმღებნი დაუწუნებდა შოთას სიტყვას, უჯიუტებდნენ „ჩემი სჯობსო“, რამდენი გაუტოლებდა თავს ვერ „მიმხვდომნი“ ქართულ სიტყვასთან.

 

XIX. 16.  მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,

არ ძალუძთ სრულქმნა სიტყვისა, გულისა გასაგმირეთა,

ვამსგავსე მშვილდი ბედითი, ყმაწვილთა მონადირეთა:

დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვთ ხოცა ნადირთა მცირეთა.

 

ვფიქრობ, აქ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ვგონებ, იოლად ვერ დავიჯერებთ, თუ როგორ მიხვდნენ მკვლევარები, რომ თითქოს, შემდეგ სტროფში „ირონიით არიან მოხსენიებულნი „სანადიმო“, „სამღერელი“ „ამხანაგთა სათრეველი“(ამხანაგთა ჩათრევა, ლამაზი სითყვით კაფიაობა გაიხსენეთ აქ) ლექსთა მთქმელები”:

 

XX. 17. მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ, სამღერელად,

სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;

ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.

მოშაირე არა ქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

 

მიუხვედრელია ისიც, რის საფუძველზე ასკვნიან, რომ თითქოს „ჭეშმარიტ მელექსედ რუსთაველი მხოლოდ ეპიკოსს, დიდი ნაწარმოების შემქმნელს სახავს“(ნოდარ ნათაძე, სარგის ცაიშვილი, „რუსთაველი და მისი პოემა“). თუ, – „დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა“, -სტრიქონს გულისხმობენ, – ასე, ნუ გავიგებთ, დიდი, „გულის გასაგმირე“ მცირე ტანის ლექსიც შეიძლება იყოს და ასეთთა მქმნელს არაფრით არ გამორიცხავდა ნამდვილ პოეტთა სიიდან შოთა. მაშინ მას მთელი ხალხური , არადა ნამვილად ჭეშმარიტი პოეზია უნდა დაეწუნებინა. თუ, – „მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად“, – ამ სიტყვებიდან განსჯიან, აქ სულ სხვას ამბობს რუსთაველი. მოშაირე არა ჰქვიან, ვინც ვერ გაუძლებს გამოცდას „გრძლად“, ანუ ხანგრძლივად, დაბრკოლდება რამე, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით,მოკლე ხანი ექნება მის მელექსეობას, ჩაუვარდება ბურთი. და აგრძელებს პოეტი:

 

XXI.18. ხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,

ერთი ეჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,

ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,

მისგან კიდე ნურა უნდა, -მისთვის ენა-მუსიკობდეს.

 

„აქ პოეტური შემოქმედების ნაყოფი მიჩნეულია ნაჭირვებად, რადგან იგი დიდი შემოქმედებითი ჭირის, დიდი შემოქმედებითი ტანჯვის შედეგად მიიღწევა“-ო, – არასწორი კომენტარია. „ნაჭირვები“ ისაა, რაც პოეტს სულს შიგან აქვს და ლექსში გადმოაქვს, რაც მისია.

ეს კი, მაგრამ, რატომ უნდა მოუწიოს პოეტს, კარგ მელექსეს „აბრკმობდეს“ სიტყვას, აბრკოლებდეს, შეაჩერებდეს? და თუ მაინც დასჭირდა, თუ არის მიზეზი, უნდა გაუძლოს, არ შეიცვალოს ნირი, ამოთქვას როგორმე „ნაჭირვები“ თვისი. რასაც მოსდევდა თავისი შინაგანი არსით, მას მისდიოს, მას აქებდეს, ამკობდეს, კაცია იგი, ქალი თუ სული ქვეყნისა, სანშობლო მისი.

 

XXII. 19. ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ ვინცა მიქია,

ესე მიჩს დიდად სახელად, თავი არ გამიქიქია!

იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია,

მისი სახელი შეფარვით, ქვემორე მითქვამს, მიქია.

 

კარგი იქნებოდა შეფარვა საერთოდ არაფრის დასჭირვებოდა, მგრამ რადგან ასეა. ნუ გავიგებთ, თითქოს აქ მხოლოდ თამარ მეფე იგულისხმება. საქმე ისაა. რომ ბევრ რამეს სჭირდებოდა თურმე შეფარვა და პოემის პირველი სიუჟეტით, „სახით“, მივიღოთ აქ მეფე თამარი, ხომ ნამდვილად ყოფილა, ეტრფოდა თურმე რუსთაველი ქალ თამარს, აქებს მას, ამკობს. მაგრამ, რთულად ძალიან რთულად ყოფილა ყოველივე, მოჩანს ეს პოემაში, გამოსატანია, დიდი წიგნის თემაა.

ერთს ვიტყვი მხოლოდ, ნუ მივიღებთ მარტივად განსახილველ სტროფში ნათქვამს, აქებს პოეტი  მეფე ქალს თამარს და მხოლოდ ეს უჩანს „დიდად სახელად“

„მაგრამ მისი არა ვიცი ქმნილი იყო რაგვარ რისა. სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა“-ო, – ვითომ ნესტან-დარეჯანის რიდისა და ყაბაჩის მნახველი ფატმანი რომ ამბობს, ქართული სულის დახასიათებაა და მისი ქება დასჭირდა სწორედ რომ ფარულად შოთას. ცოტა არასწორად ექცეოდნენ მაშინდელი ოფიციალური თუ ე. წ, კლერიკალური წრეები ამ სულს, ატყვევებდნენ ნებსით თუ უნებლიედ.. მცირედით მივანიშნეთ ზემოთ, სრული თხრობა, ვთქვი უკვე, დიდ წიგნში დასწერი გრძელი, ძნელი ამბავია.

ჯერჯერობით კი ისევ „საცოდნელად ძნელ გვარს“, მიჯნურობას და მიჯნურს აქებს შოთა, მოგვითხრობს მის „კანონებს“, აყალიბებს „კოდექსს“, სიყვარულის „კონსტისტუციას“:

 

XXIII. 23 მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე,სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

 

ზემოთ ვთქვი, სწორად მიუთითებს-თქო მკვლევარი ზურაბ კიკნაზე,- „რუსთაველის მიჯნურობის კოდექსში შეიძლება სწორფრობის იდეა ამოვიკითხოთ“. და ახლახან მოტანილი სტროფის  -„დასკვნითი თეზისი „ვისცა ეს სრულად არა სჭირს,აკლია მიჯნურთ ზნეობა“ შეიძლება სწორფრობაზეც გავავრცელოთ“-ო, -ამაშიც უნდა დავეთანხმოტ ბატონ ზურაბს.

ბევრია აქ სათქმელი, მაგრამ შორს ნუ წავალთ. ერთის თქმა კი აუცილებლად მიმაჩნია. „დედანში“ განსახილველი სტროფის შემდგომ მოდიოდა ის სტროფი, სადაც ითქმება, რომ „მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი“ და ისიც, რომ „იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი“. თუ აქ, ამ ბოლო სიტყვებში ‘სიძვას“ სქესობრივი გარყვნილების გაგებიტ მივიღებთ, ხომ მართლა უხერხულია, იმ ამაღლებული განწყობის მერე, რაც განსახილველი სტროფის წაკითხვისას გვეუფლება, ჩამოვარდეს „აღმაფრენა“ და იმის ახსნა დაგვიწყოს პოეტმა, მიჯნურობა სხვა რამეა და გარყვნილება სხვაო. სწორად გავქვს ნათქვამი რასაც გულისხმობს ამ სიტყვაში რუსთაველი და ამ სიტყვის შემცველი სტროფის ადგილი რომ იქ არ იყო, როგორც იგი „დედანში“ იდგა, ამას შემდეგი მოსაზრებაც ამყარებს:

ყველაზე ზოგადი, რაც კი შეძლება ადამიანმა მიჯნურობის დასახასიათებლად თქვას, ისაა, რომ „მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი“. ამ ზოგადი გამონათქვამის მოქცევა უფრო კონკრეტულ დახასიათებათა შორის, – „მიჯნურსა თვალად სიტურფე,,,“ წინ და  „ხამს მიჯნური ხანიერი…“ მომდევნოდ, მართლაც რომ უხერხული გამოდის. ასე რომ, ზუსტად თავის ადგილზე გამოდის დასმული სიტყვა „სიძვა“-ს შემცველი სტროფი.

ჰო, მიჯნურობის ქება გავაგრძელოთ:

 

XXIV. 25. ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა უში,

გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში;

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.

 

აქაც კარგად გამოდის, მიჯნურს უნდა ახასიათებდეს „არ მეძავობა’(სქესობრივი კავშირისკენ არ სწრაფვა!), მიტუმეტეს შორს უნდა იყოს სიბილწე და მრუშება. ზუსტად თქმა ძნელია, მაგრამ შოთასეული „ხანიერი“ იგივეს უნდა ნიშნავდეს რასაც „დღიანობა“სწორფრობასთან დაკაშირებით, როცა პიროვნება ამაღლებულია ზეობს თავისი დღიანობით. „დღიანობა“ „საუკეთესო სწორფრისა ამ წესჩვეულებაში გულისხმობს სწორფრის სულიერ სიმდიდრეს“(ზ. კიკნაძე). ამაში კი იგულისხმება შეკავება და ამბობს შოთა: მიჯნური უნდა იყოს „ხანიერი“, „დღიანი“ მიჯნურობის არსი სიძვისაკენ(სქესობრივი კავშირისაკენ!) სწრაფვის სიშმაგედ არ უნდა ექცეს, მითუმეტეს, ბილწებად და მრუშებადმეთქი.ხოლო…

 

XXV.26. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა,

დღეს ერთი უნდესხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;

ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა.

კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

 

ამდენი მონათხრობის შემდეგ, არ უნდა გადაგვიცდეს ფიქრი, თითქოს განსახილველ სტოფის ბოლო სტრიქონი სქესის, ყოვლი ამა ქვეყნიურის დათმობას გულისხმობდეს. არ დაგვავიწყდეს, „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა“ და მიუხედევად ამისა, უშუალოდ ყოველივეს დატევებით „საღმრთო სიახლეს“ ყოფნას უშვებს შოთა, ვთქვით ამის შესახებ ზემოთ, – „კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს“, – არჩევანის თავისუფლებას გულისხმობს.

„ვინც ქვეყანას დათმობს, ვინც სატრფოსათვის ყველაფერს გასწირავს“(ნოდარ ნათაძე), – არც ასე მარტივად უნდა გავიგოთ განსახილველი სტროფის ბოლო სტრიქონი. აქ სოფლისა მოთმენა, „ხანიერად“ „დღიანად“ ქცევა იგულისხმება, ანუ ის რაც არაერთხელ მივანიშნეთ: არა იმართოს სქესით, – იყოს სულიერ- ხორციელი სიმტკიცე, თმობა სოფლიურისა „ ცეცხლეულ ზღვარზედ“ და…

 

XXVI.27  არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,

თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,

შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,

დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

 

ამ სტროფის „დედანში“ ნაცვლად სიტყვისა „მოყვრისაგან“ წერია „მეფეთაგან“. ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ უნდა იყოს „მოყვრისაგან“, როგორც ეს ნოდარ ნათაძისეულ „სასკოლო გამოცემაშია“. ხოლო, თუ განსახილველ სტროფს დავაკვირდებით, ლამის არის მოგვეჩვენოს, თითქოს რუსთაველი ყველაზე კარგ მიჯნურობად თვლიდეს თუ იქნება „შორით ბნედა…“- მაგრამ მაშინ „მიჯნურობა პირველი“ და სწორფრობა? იქ ხომ არის გარკვეული ფიზიკური სიახლოვე? ასეთ შემთხვევაში, „შორით ბნედა“ რა უნდა იყოს?

რა უნდა იყოს და…

„არ-დაჩენა ჭირთა, მალვა“. – ნუ წავიკითხავთ ამ სიტყვებს უბრალოდ…

თუკი რაიმე მიზეზით, რამე ძნელი რელობით მიჯნურთან განშორება გიწევს, – „თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა(ფიქრიანი განმარტოება!), შორით ბნედა, შორით კვდომა“…

ასეთმა მოუწია თავად შოთა რუსთაველს, განეშორა სტრფოს, „დათმო წყრომა მოყვრისაგან“(გინა მეფეთაგან!).

და უნდა იყოს მიჯნური ისე, რომ…

 

XXVII.28. ხამს თავისა ხვაშიადსა, არვისთანა ამჟღავნებდეს,

არ ბედითად „ჰაის“ ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,

არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,

მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს!

 

ახლა ერთი ღრმად ჩაკვირვება დაგვჭირდება. მოვიტან სამ სტრიქონს „დედნის“ ნუმერაციის მითითებით:

27. „არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა“.

28. „ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს“

31. „არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, სჯობს თუ კაცსა ეახლების“.

თითქოს სამივე სტრიქონში ერთი და იგივე აზრია. რატომ ამდენი „განმეორება“?

რაღაც ძნელზე, ძალიან ძნელზე ხომ არ გვაფიქრებს აქ პოეტი, რაც პოემის დაფარულში, „ტანში“ უნდა ვიპოვოთ?

ჩამოთვლილთაგან მესამე სტრიქონი იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. კონკრე6ული დარდი იყოს თითქოს პოეტისა:

(ეჰ), „არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს თუ კაცსა ეახლების“.

ვიფიქროთ…

იმ „აღმაფრენათა“ და „აჰა, გული გამიჯნურდა, მიხვდომია ველთა რბენა’-ს შემდეგ ეს „არ დააჩნდეს მიჯნურობა“ ცოტა ამოვარდნილი ხომ არ არის საერთო სურათიდან?

გამოთქმულია კიდეც აზრი ამ სტრიქონის შემცველი სტროფის არარუსთველურობაზე. ჩვენ კი ამ „ამოვარდნამ“ უნდა სხვანაირად დაგვაფიქროს.

ვთხოვ მკითხველს კიდევ ერთხელ და გულდასმით წაიკითხოს უკვე მოტანილი ხუთი სტროფი(XXIII.23  — XXVII.28) და ისე გააგრძელოს მომდევნო სტროფები:

 

XXVIII.29 მას უშმაგო ვით მიენდოს,ვინ მოყვარე გაამჩივნოს?

ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.

რათამეღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს?

რა ჰგავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკინოს!

 

XXIX.  30. მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა;

ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი, მისთვის წყლულსა?!

თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?!

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

 

XXX.  31. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;

სიარული, მარტოობა შვენის, გაჭრად დაეთვლების,

იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების,

არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს თუ კაცსა ეახლების.

 

კარგად დააკვირდით ახლა, XXIII-XXVII სტროფებში თითქოს პასუხებია კითხვებზე რა? როგორ? რას? როგორ უნდა იყოს?  ამ ბოლოს მოტანილ XXVIII-XXX  სტროფებში კი იქიდან აქეთ არის მოხეთქებული მძაფრი კითხვები(კითხვა-ძახილის ნიშნებიც კი გამოიყენება!).

ხომ შეეძლო პოეტს ეს სტროფებიც ისევე  მშვიდად, დიდაქტიკურად დაეწერა როგორც წინანი? მაგალითად ასე:

„არ შმაგობდეს, მას არ ნდობდეს, ვინ მოყვარე გამჩივნოს“,

ნაცვლად ამისა:

„მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?“

სათქმელის საგრძნობლად შეცვლილი სტილით გადმოცემის გამო ზოგი მკვლევარი განსახილველი ბოლო სტროფების არარუსთველურობაზეც კი დაეჭვდა. პროფესორი გიორგი არაბული ძალიან არის შეწუხებული ამ სტროფების ჩვეული თხრობიდან „ამოვარდნის“ გამო და იმასაც წერს, რომ-„აქ მიჯნურობა არ იხსენიება და იმ ურთიერთობას, რაზედაც აქ არის საუბარი, მიჯნურობა არ შეიძლება ეწოდოს“(გ.არაბული, „ზოგიერთი მოსაზრება „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის შესახებ“, „ახალი ქართული გაზეთი“, 11.08.98).

არ არის აქ მიჯნურობა,მხოლოდ ბოლოში, ბოლო სტრიქონში გამოჩნდება სევდად პოეტისა, – „არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს თუ კაცსა ეახლების“. დიახ, არ არის მოტანილ სტროფებში მიჯნურობა.

მაგრამ არის…

დასაწყისი დიდი პოლიტიკური კამათისა, არის შეფარვით, ძალიან დამალულად…

კარგად შეუმჩნევია პროფესორ გიორგი არაბულს, – „შემთხვევითი არაა, რომ 29-31 სტროფებში მოყვარის მიმართ ოთხჯერ იხმარება „მოყივნება“(შერცხვენა- რ.ზ.) და ორჯერ „გამჟღავნება“.

დიახ, არაა ეს ამბავი აქ შემთხვევითი და ხომ უნდა ვიკითხოთ, ვინ შეარცხვინეს, ვინ გაამჟღავნეს?

უბრალო რამე მიზეზით აღელდებოდა შოთა რუსთაველი ისე, როგორც ეს ბოლოს მოტანილ სამ სტროფში ჩანს?

არა, არ შეიძლება აქ მიზეზი უბრალო იყოს…

გავიხსენოთ, ამ წერილის დასაწყისში ჩვენ დიდი ყურადღება გავამახვილეთ თამაზ ჭილაძის ერთ დაფიქრებაზე:

„მგონია, „ვეფხისტყასნის“ ერთი სტრიქონი: „ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა“ ხალხის მახსოვრობაში ჯერ კიდევ ცოცხალი დიდგორის გამარჯვების შედეგად მოპოვებულ ნადავლს გულისხმობს“.

ჩევენ შევეცადეთ ჩვენებურად აგვეხსნა, რომ სიმართლეა ეს დაფიქრება.

და…

სწორედ დიდი დავითი, დავით IV-აღმაშენებელი „გაამჟღავნეს“, „გაამჩივნეს“, „მოაყივნეს“ მეფე თამარის დროს…

მოდით ბატონ თამაზ ჭილაძეს მოვუსმინოთ:

„საკმარისია თვალი გადავავლოთ XI-XII საუკუნეების ქართული სახელმწიფოებრივი აზრის მოძრაობას, რომ მაშინვე ნათელი გახდეს, რამდენად ორგანული, ღვიძლი მოვლენა იყო იმდროინდელი ქართული სინამდვილასადმი რუსთაველი, რამდენად აშკარაა კავშირი ორ ბუმბერაზ პიროვნებას – დავით აღმაშენებელსა და რუსთაველს შორის.

რუსთაველის დიდ პოეტურ იდეად გარდაქმნილი მოქალაქეობრივი მრწამსი დავით აღმაშენებლის პოლიტიკური პოზიციისგან იღებს ბიძგს…

თამარი გამეფდა გიორგი მესამის სიცოცხლეში 1176 წელს. გიორგი მესამე გარდაიცვალა 1184 წელს. ამ ექვსი წლის განმავლობაში, რასაკვირველია ისევ გიორგი მართავდა სახელმწიფოს, მაგრამ როგორც ჩანს არც თამარი მჯდარა გულხელდაკრეფილი, მომავალი ნამდვილი ხელმწიფობისთვის ემზადებოდა. სავარაუდებელია სწორედ ამ ექვსი წლის განმავლობაში იქმნებოდა მასთან დაახლოებულ პირთა წრე, ის ახალი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც თამარს თავისი მეფობის საყრდენად უნდა გამოეყენებინა. როდესაც 1184 წელს თამარი ნამდვილად გამეფდა, მზად იყო კიდეც ახლებურად ემართა სახელმწიფო…

გიორგი მესამის პოლიტიკური კურსის მარცხი უწოდა ერთმა დღევანდელმა ისტორიკოსმა მოვლენებს, იმდროინდელ საქართველოში რომ ვითარდებოდა(საქ. ისტ. ნარკვევები, ტ. 3), ხოლო მეორე ისტორიკოსი მართებულად სწერდა: თამარის მეფობის დროს საქართველოს საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დავით აღმაშენებლის და გიორგი მესამის საგარეო პოლიტიკური ხაზისგანო(იქვე).ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კი საშინაო პოლიტიკის ანარეკლია“.

გამოდის რომ დღემდე არ არის გარკვეული ისტორიაში, მეფე თამარი მამა-პაპის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური კურსის წინააღმდეგ წავიდა, თუ  „ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მამის, გიორგი III – ის და დიდი პაპის, დავით IV აღმაშენებელის კურსი განაგრძო განეგრძო როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში“(როინ მეტრეველი, „მეფე თამარი“).

„როგორც ჩვენმა ისტორიკოსებმა აღნიშნეს, თამარის დროს საქმე იქამდე  მივიდა, რომ დავით აღმაშენებლის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკეს კიდეც. თამარის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი დავითის საგარეო პოლიტიკას „წურბელისა მსგავს ვერ მაძღრისობას“  უწოდებს. თამარის პოლიტიკური კურსი დაუპირისპირდა დავითის პოლიტიკურ კურსს და ეს იყო პირველი დიდი მარცხი, რომელმაც განაპირობა კიდეც ქვეყნის მომავალი დაქვეითება“(თამაზჭილაძე)

„ბასილი ეზოსმოძღვარი თავის თხზულებაში ამბობდა, რომ თუ მომავალი თაობანი თამარის მეფობის სიდიადეს არ დაიჯერებენ, ასეთმა ურწმუნოებმა დე გაიხსენონ თამარის დროს აღებულნი ციხენი და ქალაქნი,შემომტკიცებული მხარეები და უშიშროების მოსახვეჭად თითქმის ორჯერ გავრცობილი საზღვრები ქვეყნისა, დე გაიხსენონ „ერაყამდის მისგან დადებული ხარაჯა და ბაღდადის კერძ მარაღამდის“ და მაშინ უსათუოდ დარწმინდებიან, რომ მატიანეთა ნაამბობი სრულ ჭეშმარიტებას შეიცავსო“(თამაზ ნატროშვილი, „მაშრიყით მაღრიბამდე“).

„უშიშროების მოსახვეჭად…“

იქნებ სხვა რამეებსაც იხვეჭდნენ მავანნი მეფის ნების გარეშე… ძალიან იხვეჭდნენ…

და მეფე დავითს რას მიუჩიოდნენ?

ან რატომ დასჭირდათ?

ჰო, ზეძლიერი ჯარი ჰყავდა მეფე თამარს. უფრო თუ… ზაქარია მხარგრძელს…

წარმოშობით ქურთი და სარწმუნოებით გრიგორიანი, რომელმაც ერთკვიარანი დებატები გაამართვინა კათოლიკოსებს, რათა გამოერკვიათ სომეხთა რჯული იყო მართალი თუ ქართველთა, ჩაჯდებოდა ერთიან ქართულ იდეოლოგიაში? თან ძაღლების დახმარებით რომ გადაწყვიტეს საეკლისიო დავა. ლამისაა ამ ძაღლების ფერიც დავადგინოთ ისტორიაში და რუსთაველზე კი არაფერი რომ არ დაგვიტოვეს დაწერილი რას ნიშნავს ეს?

რაც არის არის, ისტორიის კვლევა არ არის ამ წერილის თემა, მაგრამ რაღაც რომ არ იყო კარგად  იმდროინდელ ქართულ პოლიტიკაში, ეს თუნდაც მხოლოდ იქიდან ჩანს, მეფე დავითის „გამჩივნება“ და „მოყივნება“ რომ დასჭირვებიათ.

და რა გამოვიდა?

„მას ავნოს და თვითცა ივნოს“!

და…

„თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების,

სიარული, მარტოობა შვენის, გაჭრად დაეთვლების.“

ვინ ვისთვის სტირს?

ვერ მივიღებთ ამ სტრიქონებს ზოგად რამე ნათქვამად.

ვინ შთენილა მარტო და ამ მარტოდ ყოფნას „გაჭრად“, განდგომად ვინ უთვლის?

ამ კითხვებზე ფიქრი  თავად მკითხველისთვის მიმინდვია…

კიდევ ერთხელ შეგიძლიათ დააკვირდეთ ბოლოს მოტანილ სამ სტროფს.ძალიან ღრმა წუხილით, ლამის ყვირილამდე სავსე ათი სტრიქონი ბოლოში მაინც „წყნარდება“, გადაიფარება „კოდექსის“  ჩვეული რიტმით, დასაფიქრებელი სევდიანი სტრიქონებით:

„იგონებდეს, მისგსნ კიდე ნურაოდეს მოეცლების,

არ დაჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების!“

და, ვფიაქრობ, გასაგები უნდა იყოს ეს განმეორებანი რა ღრმა ტკივილებს უნდა მალავდეს:

„არს პირველი მიჯნურობა, არ დაჩენა ჭირთა, მალვა“,

                „ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს“

   ვისთვის რა უნდა გაემხილა თავად შოთას? ბასილი ეზოსმოძღვრისთვის? „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა“ – „წურბლისა მსგავსი ვერ მაძღრისობა“, – უკეთესი რა უნდა მიეგნოთ მეფე დავითის განსადიდებლად.

რა ძნელი ისტორიებია გამოსატანი…

და გასრულდა წერა წინათქმისა:

 

 

 

XXXI.8. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი:

ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;

დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,

ანუ მისცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

 

რაც პროლოგში ითქვა, „ამა დარ“ საქმეებს იზამს „ვეფხისტყაოსანი“ – დაგვმართებს „მიჯნურთა სურვილს“, – მივეახლოთ უნდა. მოტანილ სტროფი კი ასეთი „თარგმანით“  გვხვდება რუსთველოლოგიაში:

„ხელობით“(პროფესიით-რ.ზ.) პოეტი შოთა რუსთაველი ეტრფის მეფეს, ქალ თამარს, რომელსაც მორჩილებს „ჯარი სპათა“, მისთვის მკვდარია, უპასუხო სიყვარულისგან დაუძლურებულია, წამალს ვერსით ხედავს და აცხადებს: ჩემმა სატრფომ ან მომცეს განკურნება, ან მიწა სამარიო!

კი ბატონო. ალბათ ასე უნდა გაგვეგო ეს სტროფი „სახით“, მაგრამ რაღაცა ვერ გამოდის კარგად. ან „განკურნება“ მომცეს ან „მიწა სამარი“-ო, ამას თუ თამარისადმი ამბობს შოთა, ე.წ. „პლატონური“ ტრფობა გამოირიცხა და ვეღარ გამოდის მართალი: „შოთა რუსთაველი პოემას თავის ამაღლებულ(ამ შემთხვევაში „პლატონური“) სიყვარულის საგანს, – თამარ მეფეს მიუძღვნის“.

ან მოტანილი სტროფი არ ეკუთვნის რუსთაველს, ან ასე გამეტებით ნათქვამი- „ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მესამარი“-ო, – ნამდვილად სხვა რამეს ნიშნავს. ასეთი ძნელი ფრიქრით იყო ალბათ მოცული ვაჟა-ფშაველა როცა დაწერა:

„ამ წინასიტყვაობაში ყალბი ადგილებიც კი არის, როგორც მაგალითად ის ადგილი, სადაც ვითომ შოთა პირდაპირ, მოურიდებლად სიყვარულს უცხადებს თამარს და კადნიერად ამბობს:“ანუ მომცეს განკურნება…““.

„დავუძლურდი“…  – უბრალო დაფიქრება უნდა, ასე თამარის სიყვარულის გამო არ იტყოდა შოთა!

“დავუძლურდი“… – ნუთუ მეფე თამარის დროს საქართველომ დაიწყო დაუძლურება?

„ალაფობდეს საჭურჭლესა მისაა, ვითა ნათურქალსა…“ – ვინ ალაფობდა?

მეფე თამარი?

არა! – „უმდიდრესი ხელმწიფე იყო, მაგრამ სადა, მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა“(ლევან სანიკიძე).

მხარგრძელები?

ალბათ…
ახალი ბიზანტია კი არა, ისე იყო საქმე „ისინი მხოლოდ თავისი სიუზერენული გავლენის გაფართოებით კმაყოფილდებოდნენ და ძირითადად ძარცვას, უცხო ხალხთა ქონების გამოზიდვას ესწრაფვოდნენ“(დავით მჭედლური).

ერთიანი იდეოლოგია კი არა, ცოტა ძნელი მისახვედრი ხომ არ არის როგორი უნდა ყოფილიყო ურთიერთობა ეკლესიასა და სამხედრო გამგებლობას შორის? თამარის საქართველოს ყველაზე გამოჩინებული სამხედრო ორგანიზატორი ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი მართლმადიდებლობას სულაც უარყოფდა, სომეხთა კათალიკოსს მკაცრ დებატებს ამართვინებდა ქართველთა კათალიკოსთან ამ თემაზე და „არა შევერევი ქართველთაო“ – გაიძახოდა.

რელიგიური ფანატიზმიც შემოგვეპარა და იყვნენ „გლახაკნი“ მრავალნ, გლახაკნი ვითარ მსახურნი ღმღთისა და გლახაკნი იძულებითნი, ომებით დახეიბრებულნი. ბევრი თავად ირჩევდა, ნებით მიელტვოდა სიღატაკეს, რაც – „დაკავშირებული იყო ძლიერ რელიგიურ პროპაგანდასთან, რომელიც  აცხადებდა, რომ „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“, რაც ადამიანებისგან მოითხოვდა ყოველგვარი ამქვეყნიურისადმი ზურგის შექცევას“(როინ მეტრეველი, „მეფე თამარი“).

ხოლო…

ისევ წინ წარმომდგარნი, აღზევებული დიდგვაროვანები, ფერხორციანი ფეოდალები, ნადირობას და დროსტარებას მიყოლილნი თავადნი…  ალაფობდნენ!

“ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა” – სათქმელი იყო!

„მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლე მონები“ – სათქმელი იყო!

ღრმაა ისტორია, ამ წერილში ბევრს ვერ მოგითხრობთ, მაგრამ დაიწერა:

„ოქროს ხანაში გამოჩნდა საქართველოს მომავალი კატასტროფის პირველი ნიშანი, მომზადდა საფუძვლები, ჩამოყალიბდა მიზეზები, რომელთაც უეცრად დაამხეს მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი იმპერია“( დავით მჭედლური, „ოქროს ხანა“ ანუ ეროვნული იდეის კრიზისი მე-12-ე საუკუნეში, ჟურნ. „ცისკარი“

№9. 1999 წ.)

„ომის პარტია“(დავით მჭედლურის ტერმინია) განაგებდა ქვეყანას, – ამ პარტიის ლიდერები ძმები, ათაბაგი ივანე(„რამეთუ იყო ათაბაგობა ისრე განდიდებული,რომელ იყო უმეტეს სხვათა ერისთავთა“) და ამირსპასალარი ზაქარია თავისთვის თუ ითვლიდნენ საქვეყნო ინტერსებს… მძარცველუ ომებზეც არ ამბობდნენ უარს…

და, – „ვის მორჩილებს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი“-ო, – პოემის „სახით“ შეძლება გავიგოთ კიდეც ისე, რომ თითქოს ამ ჯარის „დე იურე“ პატრონის, მეფე ქალის სიყვარულით „ხელობდეს“ პოეტი, მაგარმ „ტანით“ სხვა წაიკითხება აქ.

„ვის მორჩილებს ჯარი სპათა“ – გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის ღვაწლი „ჯარი სპათა“-ს  შექმნაში, 1120 წლისთვის 60 000 -ანი მუდმივი ლაშქარი ჰყავდა, მისი 5 000 -ანი პირადი გვარდია(„მცველად მისად“), „მონა სპა“, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაქირავებული „როქის სპა“. და ამ დროებიდან მოყოლებული, შემდეგ გიორგი მე-3-ის ხელში გამოვლილი ნამდვილად შესაშურ საომარ ტრადიციათა მქონე  ქართული ჯარი ვის მორჩილებდა?

მერე, თამარის გარდაცვალებიდან სულ რაღაც რამდენიმე  წელიწადში რა მოხდა?

დავით აღმაშენებელმა თუ 56 000 კაცით ლამის ნახევარ მილიონ მომხვდურს სძლია დიდგორში, ეს სარდალი, ივანე ათაბაგი 60 000 კაცით ჯალალ ად-დინის ორასიათასიან ჯარს უკუექცა გარნისიდან. თან არც მგონია იქ ორასიათასი კაცით მდგარიყო ხვარაზმშა…
ახლა ვამბობთ,- ხანდაზმულობით თუ მოუვიდაო… ძალა არ მიაშველა ძმებს, შალვა და ივანე ახალციხელებს…  არა, ეს იყო ღალატი, ისევე, როგორც ღალატი იყო მისი „ტყვედ ჩავარდანა“ ხლათთან(მოგითხრობთ ქვემოთ ამის შესახებ!)

და რა მოჰყვა ივანეს ამ მოღალატურ გამოქცევას?

შალვა და ივანე ახალციხელების  სიკვდილი…

100 000 უდანაშაულო თბილისელის გვამი…

და რით იქნება მიუღებელი განსახილველ სტრიქონებით – „ვის მორჩილებს ჯარი სპათა,, მისთვის ვხელობ, მისთვის მმკვდარი“-ო, – დაფარულად, პოემის „ტანით“ ამბობდეს შოთა:

„ვის მორჩილებს დიდი დავითის „ტაიჭი“, მისივე გარჯით „ნასუქალი“  „ჯარი სპათა“(დემეტრემ და გიორგიმ რომ კიდევ აძლიერა!), ვის მორჩილებს ამხელა არმია და საით მიყავთ ქვეყნის საქმე, ამის გამო „ვხელობ“, ამ არმიის სიძლიერისთვის თავგადაკლული, „მისთვის მკვდარი“-ო.

გასრულდა პროლოგის  წერა.

„იყო არაბეთს როსტევან…“ -იწყება პოემა და… შრეებად არის დაფარული მასში ძნელი, ჯერუთქმელი ისტორიანი…

პოემის ეპილოგი ვნახოთ ახლა…

 

„გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.

გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!

ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.

ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა.“

 

პოემის „სახით“  აქ „მესხი“ უნდა გავიგოთ ალბათ როგორც საქართველოს კუთხე. ხოლო „ტანით“ აქ „მესხი“ შეიძლება გაიგებოდეს ისე, როგორც არის გაგებული ეს სიტყვა რუსთაველისა და თეიმურაზის გაბაასებაში, — ჯავახი, იგივე ურჩი!

ჩვენი მონათხრობის შემდეგ, ვფიქრობ, პოემის დაფარულიდან(„ტანიდან“) გასაგები და მისაღები უნდა იყოს, – „ვწერ ვინმე „ურჩი“ მელექსე…

ხოლო, უნდა   დავეთანხმოთ მკვლევართა უმრავლესობას და „რუსთველისა დამისა“  გავიგოთ როგორც რუსთველისა სახლისა ან როგორც რუსთველისა თემისა, მხარისა(რუსთველთა მხარისა, მესხეთის რუსთავი- საიდანაც,როგორც ვარაუდობენ,  წარმოშობით იყო შოთა რუსთაველი)…

სანამ პროლოგის მეორე სტროფს წავიკითხავთ მეფე დავით აღმაშენებელზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა.

დიდი პოლიტიკოსი ის არის, ვინაც დროს შეიცნობს,ზუსტად გათვლის, ზუსტად გამოიყენებს შექმნილ ვითარებას.

„ამას ჟამსა გამოვიდნენ ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია“ – ევროპა დაიძრა , ჯვარი ამოძრავდა…

დავითმაც ყოველივეს უწვდინა გონი, ხმალი ხომ უწვდინა და მოაყოლა…

ვაი მისი ბრალი ვინაც არ დაუჯერა შინა თუ გარეთ…
რუის-ურბნისიც იკითხეთ და…

„შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა.

ისე გაძლიერდა ქართველთა მეფე, რომ მისი ხელმწიფებიდან ოცდამეათე წელს იმ დროისათვის გარკვეულად პოზიციებშესუსტებული ჯვაროსნებისათვის დახმარების თხოვნით, ფრიად საიდუმლო ვითარებაში(‘მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა“) დავითთან მოსული უნდა იყოს ჯვაროსანთა მიერ პალსტინაში დაარსებული იერუსალიმის სამეფოს მეფე ბალდუინ II.

ბალდუინის ვიზიტის შემდგომ დავით მეფემ ისეთი პოლიტიკური და სამხდრო სვლები გააკეთა, რომ ჯვაროსნების დასალაშქარად შემართული მაჰმადიანთა გაერთიანერმული ლაშქრის მეთაური, ალეპოს სულთანი ელღაზი ანტიოქია- იერუსალიმის მაგივრად დიდგორში მოიყვანა.

დიდგორის ომი დავითის უზარმაზარი პოლიტიკური გონიდან მოდენილი გათვლა, ევროპელთა წინააღმდეგ რისხვით მიმართული მაჰმადიანური სამყაროს აქეთ გამოწვევა იყო.

დიდგორს კი რაც მოხდა, მოგეხსენებათ, რა გამწარებული გარბოდა,ალბათ, დაჭრილი ელღაზი ბრძოლის ველიდან, რომელიც იმ დროშებსაც დაინახავდა, ევროპელ ჯვაროსანთა მცირერიცხოვან რაზმს რომ ექნებოდა აღმართული და საბოლოოდ ირწმუნებდა საქართველოს და დასავლეთის იდუმალ თუ აშკარა კავშირებს.

დავით IV აღმაშენებელს საკუთარი, ღრმად გაცნობიერებული პოლიტიკური კურსი ჰქონდა, მისი დამოკიდებულება კათოლიკურ სამყაროსთან, მაჰმადიანური თუ სხავა სარწმუნოებრივი კონფესიებისადმი დავითისებური მიდგომა, ეს მისი ხასიათიდან მომდინარ უბრალო რამ კი არ არის, ეს დიდი იდეოლოგიური ჩანაფიქრია… „ვეფხისტყაოსანში“ რომ ჩაიდო მერე და რომლის თხრობაც ამ წერილის ფარგლებს სცილდება..

სწორედ დავით აღმაშენებლის იდეებისა და სახელმწიფოებრივი ქმედების ფონზე ხდება აშკარა რუსთაველის კავშირი მშობლიურ ნიადაგთან, როგორც ნიკო მარი იტყოდა „არა მხოლოდ ფორმალური და ენობრივი, არამედ იდეური“

ხოლო..

მეფე თამარის დროს რაღაც შეიცვალა… რომთან, ევროპასთან კავშირი გაწყდა…

„ივანე ჯავახიშვილს ჩვეული გამჭრიახობით აქვს შემჩნეული თამარის ეპოქის მეორეული,დამოკიდებული, შედეგობრივი ხასიათი დავითის ეპოქასთან მიმართებით(თუმცა ეს ხაზგასმით არ აქვს არნიშნული!), თამარის ყველა სამხედრო გამარჯვებას ის დავითს მიაწერს და სამართლიანადაც…

სწორედ მეთორმეტე საუკუნის ბოლოს გამოიღო ბრწყინვლე ნაყოფი დავითის ,მიერ დაწყებულმა ბევრმა საქმემ, იქნებოდა ეს რეგულარული ჯარის შექმნა თუ კულტურის სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება“(თამაზ ჭილაძე).

„ქართველთა ღმღთისა დავითის“ –დაწერს შოთა, თავად „ღმრთის სინონომი“ ქართველთათვის…

მეფე დავითი, – „ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილთა შორის“- დაწერს არსენ იყალთოელი…

მაშ, დიდი პაპის, დავითის „მზე“ მსახურებდა „სარებლად“ მეფე ქალს…

ხოლო…

 

ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად,

ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად,

ვინ არის აღმოსავლეთით დასვლეთს ზართა მარებლად,

ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.

 

„ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად“?

პოემის „სახე“ მოდის წინ და… შოთას დროს ხომ ასეთი მეფე თამარი იყო…

მაგრამ, „ტანი“?

თამარის მეფობის ხანა და ამ დროს უსამანოდ აღზევებულთაგან „აღმოსავლეთით დასავლეთ ზართა“ „რება“, ძლევამოსილი სამხედრო გამარჯვებები, – „უფრო დავით აღმაშენებლისა და გიორგი III -ს სამხედრო მოღვაწეობის ნაყოფიერი შედეგი იყო, ვიდრე თამარ მეფის პირადი ღვაწლი“-ო, – ივანე ჯავახიშვილმა თუ აქედან შეამჩნია, იქნებ შოთა იქ უკეთესად ხედავდა ყოველივეს?

და ამბობდეს…

-ქართველთა ღმრთისა დავითის მზე, ნაკეთებ-ნაქმნელნი მისი, ვისაც მსახურებს სარებლად, გზას უნათებს, და… ვისაც მისი გეზი უცვლიათ, უჩივიან კიდეც, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად. ჯერ აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად ისევ დავითის სულია(ლეგენდებიც რომ შეუთხზეს ევროპელებმა), მისთა ორგულთა დამწველად და ერთგულთა გამახარებლად ვთქვი ეს ლექსი!

რა ვიცი, ვიფიქროთ…

ვისაც სჯერა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მეფე თამარის და მისი მეუღლის, დავით სოსლანის ქებაა, მისთვის ნამდვილად ძნელი დასაჯერებელია რომ შოთა მათვე ეკამათებოდეს…

აქედანაა, თავად ვაჟა- ფშაველაც კი ძნელ ფიქრებს მოუცავს. მას სჯერა , რომ შოთას „ხელ-მქმნელი“ თამარია(„საკმაოდ გამორკვეულია და ვიცით ვინ იყო მისი ხელ-მქმნელი“), სჯერა, რომ პოემაც თამარს და მის მეუღლეს ეძღვნება, მაგრამ თან „საკამათებლადო“, ესეც რომ სწერია, შეეჭვებულია ცოტა, მაგრამ არ უარყოფს ამ შეკამათებას.

„ხოლო ნაძღვნევი ნაწარმოები როგორ შეიძლება დაიწეროს ისე, რომ ვისაც უძღვნი, იმათი დახასიათება არ გაერიოს, სიავე თუ სიკეთე: რუსთაველი ამას არ ჰმალავს, ამბობს რა, „ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამთებლადო“…

რუსთაველი თავის ნაწარმოებს უძღვნის თამარს მეუღლითურთ და თანაც „ეკამთება“… რა ჰქონდა იმათთან საკამათო? სწორედ ის საიდუმლოებით მოცული შემთხვევა, რის გამოც რუსთაველი „ვეფხისტყაოსნის“ არაკს სპარსულიდან ნათარგმნს ეძახის“(ვაჟა-ფშაველა, „თხზულებანი“. თბ. 1987).

„საიდუმლოებით მოცული შემთხვევა“…  – რაღაცას ხვდებოდა ვაჟა-ფშაველა!

ხოლო.. მთლიანად საიდუმლო წიგნია „ვეფხისტყაოსანი“, არაა იოლი ამის მოთხრობამეთქი…

დავითის პოლიტიკა იყო გზა, რომლითაც საქართველო ევროპას უერთდებოდა, იქით ეხმარებოდა…

„შენი მტრის მტერი ვიქნები“, – ჩაუწერს მეფე თამარი იერუსალიმის დასლასქრად გამზადებულ ეგვიპტის სულთან სალადინს „ფიცის წიგნში“…

სალადინი ჟვაროსანთა დაუძინებელი მტერი იყო…

„საქართველომ უკვე კარგად იცოდა ჯვაროსანთა ნამდვილი მიზნები და მიუხედავად იმისა რომ კლასიკური ქრისტიანული ქვეყანა იყო, საკჲთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე თავის ერთმორწმუნე მაგრამ კოლონიების მაძიებელი ჯვაროსნებისთვის მხარის აბმას თავის ძლიერ და ლოიალურ მეზობელთან მყარი ურთიერთობის შენარჩუნება არჩია“ -წერს „სოუგანდ ნამეს“(წიგნი ფიცისა) ქართულ ენაზე მთარგმნელი პროფესორი მაგალი თოდუა. საქართველოს და ჯვაროსნების თანამშრომლობას არ ჰქონდა მომავალი, – „საქართველო, როგორც ბუნებრივი ნაწილი, წევრი იყო იმ აღმოსავლეთის, რომლის დაპყრობასაც ჯვაროსნები ლამობდნენ, ხოლო ამ ნიადაგზე ის საკუთარ თავის სახლს აშენებდა“, -დაწერს  პროფესორი ზურაბ ავალიშვილიც , მაგრამ დასაფიქრებელი ის მაინც ხომ არის რაღაც ზუსტად რომ არ იქნა გათვლილი ამ სახლის მშენებლობისას. აკი თავადვე ჩივის ცნობილი მკვლევარი, დავით აღმაშენებლის – „ძლიერი მკლავით გამაგრებულ ბალავარზე ქართველებმა ვერ შეძლეს მტკიცე შენობის აყვანა“-ო!

რატომ?

ეს ძნელი ისტორიაა, რომელიც უნდა დაიწეროს ალბათ!

ასე მგონია, თამარის დროს, მეფის სასახლის გვერდით ყუთლუ-არსლანის მიერ ცალკე „კარვის“ დაარსების მოთხოვნა პროტესტი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივ-პოლიტკურ კურსში ცვლილებების წინააღმდეგ. ივანე ჯავახიშვილის ნათქვამი, – „თამარის დროს საქართველოში დამყარდა შეზღუდული მონარქია“-ო, – იქნებ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია ვინმეს, მაგრამ არა მგონია დადებითი შედეგები მოეტანოს ამას ჩვენი ქვეყნისათვის. უფრო ის იყო, დავითის მიერ უკან დაწეულ დიდგვარიანთა შთამომავლებმა უკან დაიბრუნეს გავლენები. გამოსაკვლევია გიორგი III -ის როლი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ცნობილია – „მეტად მნიშვნელოვანი იყო მის მიერ გატარებული პოლიტიკური  ღონისძიებანი დიდგვაროვან ფეოდალებთან ბრძოლის საქმეში( ამ საქმეს თუ ივანე ორბელთან და სხვებთან ერთად საკუთარი ძმიშვილი დემნაც შეეწირა, ეს დიდი ტკივილია,-თუმცა -“ვინაა ამ დროს ალალბედს ანდოს, ვით განიფანტოდ ღელვის ის შხამი“(გალაკტიონი)-რ.ზ.). მეფემ სრული გამარჯვება მოიპოვა და დიდი ნაბიჯი გადადგა წინ  ქვეყნის ცენტრალიზაციისაკენ. დიდგვარიანი ფეოდალები მართალია დთრგუნვილნი იყვნენ, მაგრამ ბრძოლას საბოლოოდ არ თვლიდნენ წაგებულად და ხელსაყრელ დროს უცდიდნენ, რათა სამეფო ხელისუფლების საწინააღმდეგო ზრახვები განეხორციელებინათ. ასეთი დრო გიორგი III -ის გარდაცვალების შემდეგ დადგა”(როინ მეტრეველი, „მეფე თამარი“).

რა მოყვა ამას?

ძნელი სათქმელია…

მკითხველის განსასჯელად იყოს ისიც, რასაც აქვე მოვიტან…

„თამარის დროს გიორგი მთაწმინდელისა და დავით აღმაშენებლის სახელმწიფოებრივმა იდეამ ღირსეული ადამიანის შესახებ დაკარგა თავისი აქტუალობა, თავისი განმსაზღვრებითი მნიშვნელობა…

დავით აღმაშენებლის ბრძოლა მაღალზნეობრივი. ღირსეული პიროვნების, როგორც საზოგადოების საფუძვლის  შესახებ, რუსთაველის პოემაში იქცა მთავარ მამოძრავებელ იდეად, ძირითად პოეტურ მელოდიად“(თამაზ ჭილაძე). ფიქრობენ და გამოსაკვლევია,როგორ და რატომ იყო რომ თამარის დროს, „მოკვდავი ადამიანის ღმერთად გამოცხადებამ ქართველებში არანორმალური ამბიცია აღძრა, ამან ერთის ხელის მოსმით მოშალა ზნეობრივი პრინციპები“(სვიმონ მასხარაშვილი).

დავითმა კი გელათის კართან დაამარხინა თავი, ვითარცა უბრალომ…

ჰოდა…

დავითის ქნანი ვითა ვთქვნე, სიჩალხე- სიხაფეთანი!

ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,

პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი,

ვპოვენ და ლექსასდ გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

 

„პირველ ზნენი და საქმენი“ დავით აღმაშენებელთან იპოვა შოთამ.

მკვლევარი აკაკი ბაქრაძე ერთგან დაწერს: „ისტორიული ბედუკუღმართობის გამო საქართველომ ვერ მოახერხა პოლიტიკური ოცნების განხორციელება. მონღოლთა შემოსევამ იავარჰყო არა მარტო ქართველთა სახელმწიფო, არამედ მოსპო ქართული მესიანისტური იდეაც“.  კი ამბობს ამას ბატონი აკაკი, მაგრამ ცოტა თვითონვეა შეეჭვებული თავისივე ნათქვამით. „მესიანისტური იდეა საქართველოს ბიზანტიზმისაგან თავის დასაღწევად სჭირდებოდა. თავის დაღწევა რომ დროზე მომხდარიყო, არც მონღოლთა და არც მომდევნო შემოსევები არ იქნებოდა ესოდენ მძიმე შედეგიანი საქართველოსთვის“.

ცოტა პარადოქსული აზროვნება ხომ არ გამოდის?

ვერ გეტყვით ზუსტად ბიზანტიზმისგან როგორ თავდაღწევას გულისხმობს აქ ბატონი აკაკი, მაგრამ  საქართველოს პოლიტიკური ოცნებების განხორციელებას კი არ შეუშალეს ხელი მონღოლებმა, არამედ ქართველებმა ქნეს ისე,რომ  ვერ მართეს დავით აღმაშენებლის პოლიტიკური გონიდან შთენილი ენერგია, ვერ გამოიყენეს შესაძლებლობები, ვერ აღასრულეს თავისი ვალი აღმოსავლეთით დასავლეთს.

ბევრს ვერა, მაგრამ, საინტერესო კი იქნება, ცოტა რამ მაინც მოვყვეთ ისტორიიდან.

თამარის დროს „ჯვაროსნებისთვის მხარის აბმას თავის ძლიერ და ლოიალურ მეზობელთან მყარი ურთიერთობის შენარჩუნება არჩიეს“-ო, – კი ამბობს პროფესორი მაგალი თოდუა, მაგრამ…

ამ წიგნის შედგენიდან ორ წელიწადში იერუსალიმიდან გაყრის ჯვაროსნებს ეგვიპტის სულთანი. ჩვენ კი მოციქულს მოციქულზე ვუგზავნით მერე, ხან მაცხოვრის ჯვარის უზარმაზარი თანხის საფასურად დათმობას და ხან იერუსალიმში მიტაცებული ჩვენი კუთვნილი მიწებისა და მონასტრების დაბრუნებას შევთხოვთ მაჰმადიან სულთანს.

არ შეუშალეს ხელი სალადინს ქართველებმა ჯვაროსნების წინააღმდეგ მრისხანე გამოსვლებში. მერე კი, ეტყობა დანაშაულს გრძნობდნენ ამის გამო და – ‘’იერუსალიმში ჯვაროსნები ქართულ მონასტრებს ავიწროებდნენ’’-ო – რაღაც ამისდამაგვარი თავის მართლებანიც გაკრთება აქა-იქ მემატიანის ჩანაწერებში. არადა, ჯვაროსნები, მართალია, ბერძნულ ეკლესიას ებრძოდნენ, მაგრამ  ‘’იერუსალიმში ჯვაროსნების ბატონობის ხანაში ჯვარის მონასტერი კვლავ ქართველთა ხელში იყო და ლათინთა დიდი პატივისცემით სარგებლობდა’’ – ასეთიც ხომ წერია ისტორიაში.

სირია-პალესტინა კი დაიპყრეს ეგვიპტელებმა, მაგრამ თავიანთ სამხედრო სიძლიერეს მინდობილი ქართველები არც წარმოიდგენდნენ ალბათ, თუ რა მადა, რა გეგმები ექნებოდა სალადინს სამომავლოდ. მან კი 1193 წელს თავის ძმას ალ-ადილს ჰკითხა:’’ჩვენ გავანადგურეთ ფრანკები და აღარავინ არის ამ ქვეყანაშi (იგულისხმება სირია-პალესტინა), ვისაც შეეძლოს მისი დაპყრობა. ახლა რომელ მხარეს გავსწიოთ?

ალ-ადილმა ურჩია ლაშქრობა ხლათის ქვეყანაზე.

ცნობილი ისტორიკოსის თამაზ ნატროშვილის საკმარისად არგუმენტირებული გათვლა-ანალიზით, ხლათი ის ქვეყანაა, რომელიც სალადინს თავისი მომავალი გეგმების განხორციელებისათვის სჭირდებოდა და ქართველების მიერ დადებული “ფიცით” ქართველებისსავე თავდასხმისაგან დაიცვა გარკვეული ვადით. ხლათი ის ტერიტორიაა, საიდანაც , საჭიროების დროს, ეგვიპტის სულთანი “კონტროლს გაუწევდა ვანის ტბის მნიშვნელოვან სტრატეგიულ არეალს”.

ამიტომ არის, ყურად იღებს სალადინი ძმის რჩევას და დაუყონებლივ უბრძანებს მას :

“ წაიყვანე ჩემი შვილი და ლაშქრის ნაწილი, დაიძარ ხლათისაკენ. ბოლოს მოვუღებთ რუმს და მეც თქვენთან მოვალ. ხლათიდან შევიჭრებით აზერბაიჯანში, მივაღწევთ სპარსთა ქვეყანას და იქ არავინ არის, რომ შეძლოს ჩვენი მოგერიება“.

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ სალადინი კი დიდხანს არ იცოცხლებს, ეგვიპტის სულთანი მისი ძმა, ალ-ადილი გახდება, ხლათს კი 1207/8 წლებში ალ-ადილის შვილი ალ-აუხადი დაეპატრონება.

არ მოელოდნენ ალბათ ამას ქართველები და იწყება კიდეც აშკარა დაპირისპირება “ფიცის წიგნით” შეკავშირებულ ძველ “მეგობრებთან” !

ამ წლებიდანვე იწყება საომარი ოპერაციები ხლათის მიმართულებით და ძალიან დახლართულია ისტორიაში ეს ამბავი!

ამ წლებში უსამანოდ არიან აღზევებული ივანე ათაბაგი და ზაქარია ამირსპასალარი,ძმები, ერთი დედის მუცლით ნაშობნი, ერთი – მართლმადიდებელი და მეორე – გრიგორიანი!

სწორედ ამ წლებში საქართველოს სამეფო კარზე გამოჩნდება ჭაბუკი მეფე ლაშა-გიორგი!

რომი მასთან კავშირის გზებს ეძებს. მიაქცევს კიდეც ამას ყურადღებას ახალგაზრდა მეფე!

ქართულ ისტორიოგრაფიაში საკმაოდაა გახმაურებული კათოლიკე რაინდის , ფრანგი დე ბუას წერილი, ქალაქ ბეზანსონის არქიეპისკოპოსისთვის რომ გაუგზავნია.

გაკვირვებით და სიხარულით არის სავსე ეს წერილი:

“აწ ისმინეთ სხვა რამ საკვირველი და საყურადღებო. ამბად მივიღე და საქმის სიჭეშმარიტე სანდო მოციქულთაგან გავიგეთ, რომ ივერიითგან ვინმე ქრისტიანენი, გეორგიანებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობით და ქვეით ჯარით, ღვთის აღმაფრთოვანებელ დახმარებით ძალითა ფრიად აღჭურვილნი, ურწმუნო წარმართთა წინააღმდეგ სწრაფად აღდგენენ და აიღეს რა უკვე სამასი ციხე და ცხრა დიდი ქალაქი მაგარნი დაიპყრეს,ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქციეს…

კერძოიდ რაღა მოგახსენოთ? ზემო აღნიშნულნი წმიდა იერუსალიმის მიწის სახსნელად მოვლენ და მთელს საწარმართოს დაიმორჩილებენ!

მათი მეფე წარჩინებული თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს ბადალი ძალით  და სიკეთით, თუმცა არა სარწმუნოებით. ჭაბუკი ესე დედის მისის დედოფლის უძლიერესის თამარის ძვლებს თან ატარებს, რომელმაც, სანამ ცოცხლობდა, იერუსალიმად წასვლის აღთქმა დასდვა, და შვილსა სთხოვა, თუ მიიცვლებოდა, ძვლები მისი უფლის საფლავთან წაესვენებინათ, მან კი დედის თხოვნათა ყურადმღებელმა და დედის აღთქმის შესრულების მსურველმა, დააპირა მისი(გვამის) წმინდა ქალაქში წამოღება, წარმართთა ნებით თუ უნებლიედ“

ევროპელთა სიხარული გასაგებია ,- ქართველები იმ ტერიტორიებზე ლაშქრობენ, რომლებზედაც ხელშეუხებლობა, ეგერ უკვე მეოთხედი საუკუნე მიდიოდა, ჯვარზე ჰქონდათ შეფიცული ჯვართამტერი სულთანისთვის!

ქართულ პოლიტიკაში ცვლილებაა მომხდარი!

ამ ცვლილებათა უკან ახალგაზრდა მეფე ლაშა-გიორგი დგას. “წარჩინებული თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს ბადალი ძალით და სიკეთით“ – ევროპელ ჯვაროსანთა ძლიერ მოკავშირედ მოჩანს იგი!

იქნებ ქართული არმიის რაიმე სხვა, პარალელური დემარშიც იგულისხმება, მაგრამ ოდნავადაც ვერ შევიტანე ეჭვი ბატონ თამაზ ნატროშვილის ანგარიშში – დე ბუას წერილი 1210/11 წლებში ქართველთაგან ხლათის დალაშქვრის ამბავს მოგვითხრობსო!

რომის პაპი უწონებს ლაშა-გიორგის ურწმუნოთა წინააღმდეგ გალაშქრების განზრახვას. 1211 წლის 7 ივნისით თარიღდება პაპის ეპისტოლე, მაგრამ ეს წერილი ხომ წინასწარი კავშირების გარეშე ვერ გამოიგზავნებოდა. “ეტყობა ლაშა-გიორგიმ 1210 წლის ზაფხულში აუწყა რომის პაპს , როგორც დასავლეთის ქრისტიანთა მწყემსს, მომავალი ლაშქრობა ხლათზე.

“მაგრამ ამ ლაშქრობის შედეგები რომში არ იცოდნენ!” (თამაზ ნატროშვილი)

ვერც ეცოდინებოდათ,-ძალიან გაჭიანურდებოდა, ეტყობა ძალიან გასაიდუმლოვდა კიდეც, ძალიან დაიხლართა სიტუაცია ხლათთან!

1210 წლის 10 ოქტომბერი . . .

დიდი ქალაქი ხლათი ალყაში აქვთ მოქცეული ქართველებს, – უნდა დაეცეს . . .

ლაშქარს ივანე მხარგრძელი სარდლობს!

და ამ დღეს . . .

“ივანემ, ქართველთა მალიქმა დალია ღვინო და აცდუნა იგი სიმთვრალემ ამხედრებულიყო და წასულიყო ხლათისაკენ ოცი მხედრის თანხლებით. ცხენმა გადმოაგდო ძირს იგი და დაატყვევეს მუსლიმებმა. . .”

ეს ამბავი არაბმა ისტორიკოსმა იბნ-ვასილმა შემოგვინახა. სომეხი მემატიანე კირაკოზ განძაკელი კი ივანეს სიმთვრალეს არ ახსენებს, ცხენს ფეხი თხრილში ჩაუვარდა და ივანე ცხენიდან ჩამოვარდაო. დაცემამდე მისული ხლათის კედლების დასათვალიერებლად სეირნობისას მომხდარა ეს შემთხვევა.

XIII საუკუნის გეოგრაფი ზაქარია ყაზვინი კი მოგვითხრობს “ხლათელებმა თურმე იმ მდინარეზე, რომელიც ხლათს ჩამოუდის, იდუმალი ხიდი ჩატეხეს, მაგრამ ზედ თივა მიაფარეს ისე, რომ ზიანი არაფერი არ ეტყობოდა. ცხენოსანს ივანე მსახურთუხუცესს შეუდგამს თუ არა ფეხი ხიდზე, ჩავარდნილა.

“მე მგონია, ეს მოთხრობა უფრო სწორი უნდა იყოს” – დიდი ივანე ჯავახიშვილი ამბობს.

“მე მგონიას” უკან ისტორიკოსის რაღაც დაეჭვება უნდა იყოს, მე მგონია.- ივანეს მოღალატურ ნაბიჯზე არ უნდოდა  ალბათ დაფიქრებულიყო!

თანაც იმ დილით, 10 ოქტომბერს, ვარსკვლავთმრიცხველს უწინასწარმეტყველებია უვანე ათაბაგისთვის, ამ საღამოს ხლათის ტახტზე დაჯდებიო!

ივანე კი ტყვედ ჩავარდა!

ერთ არაბ ისტორიკოსს დაუწერია, ივანეს “დატყვევება” ხლათელთათვის ალაჰის მოვლენილი წყალობა იყოო!

მე კი… მე კი ვწერ, რომ ივანეს “დატყვევება“ ხლათელებისთვის ივანეს გეგმებიდან გამომდინარე ივანესავე წყალობა იყო!

ეს ჩემი პირადი აზრია. ისიც ვიცი, ისტორიაში მარჩიელობა რომ არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვწერ.

არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდა მოლაპარაკება სულთნებსა და მხარგრძელებს შორის, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ივანეს ძმას, ამირსპასალარ ზაქარიას  ერთი პირი შეუთვლია ხლათელებისთვის, ჩემი ძმა გამოუშვით, თორემ თქვენი ქვეყნის მიწას საქართველოში წავაღებინებ და აქაურობას გავაუდაბურებო!

ამირსპასალარის სიტყვებს უნდა ვენდოთ, – საქართველოს სამხედრო ძლიერება სახეზეა!

მაგრამ რა დროს ომი იყო, – ქართველები და ხლათელები დამოყვრდნენ…

ივანე ათაბაგის დამსახურებაა ეს ყველაფერი…

აკი, ივანე მხარგრძელის ლამაზი ასული თამთა ალ-აუხადს გაუზავნეს ცოლად, 100 000 დინარიც გადაიხადეს (სამზითვო იყო ალბათ!) და ქართველებმა სულ უკან დააბრუნეს აღებული ციხეები და მრავალ ათასობით ტყვე.

30-წლიანი ზავი  დაიდო და “მშვიდობა და მეგობრობა” დამყარდა.

სულთნის ყველა ქვეშევრდომს ებრძანა პატივით მოპყრობოდნენ იერუსალიმს მიმავალ ქართველებს. ქართველები გაშლილი დროშებით შედიოდნენ იერუსალიმში. – სწერია კიდეც მატიანეში. ამას რა სჯობია, მაგრამ…

მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, იერუსალიმი მაჰმადიანების ხელში იყო, დე ბუას კი “საქმის სიჭეშმარიტე სანდო მოციქულთაგან (!)” ჰქონდა გაგებული, – ლაშა-გიორგი წმინდა მიწის სახსნელად მიემართებოდა “ურიცხვი მხედრობით და ქვეითი ჯარით”, თან მეფე თამარის ნეშთი მიჰქონდა.

არავინ იცის რა მოხდა მერე!

ვინ იპოვის ახლა “დოკუმენტებს”, მაგრამ დიდი კამათი, დავა და შეხლა-შემოხლა ჰქონდათ ალბათ ჭაბუკ მეფეს და ჭარმაგ მხარგძელებს ხლათის ქვეყანასთან ომისა და ზავის გამო.

მეტად საეჭვო გარემოებებში დატყვევდა ივანე მხარგრძელი.

ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური მანევრი იყო, ვფიქრობ ეს იყო ძმების, ივანესა და ზაქარიას (“მე არა შევერევი ქართველთა”) მიერ ლაშა-გიორგის ახალი პოლიტიკური აზროვნების წინააღმდეგ მიმართული სვლა!

ლაშა-გიორგი  დავით აღმაშენებლის გზას უბრუნდებოდა!

გინდაც არ იყოს ასე, გინდაც პოლიტიკურ ნიადაგზე აღმოცენებული არავითარი დაპირისპირება არ ყოფილიყო მხარგრძელებსა და ლაშა-გიორგის შორის, ახალგაზრდა მეფის იერუსალიმში ძლევამოსილ შესვლას მაინც არ შეუწყობდნენ ხელს ათაბაგი და ამირსპასალარი.

ასეთ შემთხვევაში ძალიან განადიდებდნენ ევროპელნი მათგან ისედაც ნაქებ და განდიდებულ ჭაბუკს!

ამას კი აღზევებული ძმების გარკვეულად დამცირება და უფლებათა შეზღუდვა მოჰყვებოდა უცილობლად!

არადა, ივანე ათაბაგი რომ შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობდა, ამის საბუთად თუნდაც ის გამოდგება, ფაქტობრივ გარემოებებიდან გამომდინარე, ერთმა ქართველმა ისტორიკოსმა ასეთი ჰიპოთეზა რომ დაუშვა: 1207 წლიდან მეფე თამარი გარდაცვლილია და საქართველოს სულაც რეგენტთა საბჭო მართავდა ივანე ათაბაგის მეთაურობითო (ლოვარდ ტუხაშვილი).

ხლათთან დატყვევებულ ივანე მხარგრძელის შესახებ მოთხრობილ ამბავში არაბი ისტორიკოსი მას ქართველთა მეფედ მოიხსენიებს…

კი მიუთითებს დიდი ივანე ჯავახიშვილი ამის გამო, არაბი მემატიანე სცდებაო, მაგრამ… იქნებ “დე ფაქტო” წერა უყვარდა იმ ისტორიკოსს, იქნებ რასაც ხედავდა, იმას წერდა, და ხედავდა იმას, რომ როგორც სომხურ მატიანეშია, -“ზაქარია დოლგორუკმა თავისი მარჯვე და მოქნილი პოლიტიკით  შესძლო ქვეყვნის ფაქტიური მმართველი გამხდარიყო“, დიდ ძალაუფლებას ფლობდნენ ძმები, არ დასთმობდნენ არაფრით!

ჰო, სწორედ იმ დროებში, როცა ქართველები და ხლათელები დამოყვრდნენ, ევროპელ ჯვაროსნებს, ეტყობა, უჭირდათ და ისინიც დაუზავდნენ წმიდა მიწის მპყრობელ მაჰმადიანებს.

აქეთ-იქითა დროებითი მშვიდობა კი დამყარდა, მაგრამ გაურკვეველი დარჩა საქართველოს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური კურსის მიმართულება, არეული დარჩა საქართველოს მართვა-გამგეობის საქმე.

და დაწერს ჟამთააღმწერელი: “… და იშვებდეს და უწესობად მიდრკეს სიძვათა შინა და მთვრალებათა უგუნურნი კაცნი, მეფისა კარსა ზედა არა ყოფნისა ღირსნი და აწ კარსა ზედა მყოფნი, დაღათუ კათალიკოსთათ ორთავე და თავადთა ამის სამეფოსათა და უმეტეს ივანე ათაბაგსა უმძიმდათ საქმე  ეს. არღარა ინებეს მასთან სამარადისო ყოფა, არამედ განეშორნეს და თვის-თვისად იყოფოდის…”

რაც ამას მოჰყვა . . .

დიდ უბედურებათა თხრობას გააგრძელებს ჟამთააღმწერელი, მაგრამ ჩვენ აქ გავჩერდეთ. ეგ არის ოღონდ, “თვის-თვისად” ყოფნისა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობის მოშლის ცოდვას მხოლოდ ლაშა-გიორგის ნუ ავკიდებთ, ღრმა მიზეზებით არის განპირობებული, გამოსაძევია.

არადა, თუ სწორად ემართათ დავით აღმაშენებელის დიდი პოლიტიკური გონიდან უწყვეტად მომდინარე ენერგია, შეიძლება აღარც დაგვეწერა –   XIII საუკუნის ქარიშხლები უკვე ვეღარ აიტანა საქართველომო. უფრო მეტიც, დაჭრილი ელღაზის დიდგორიდან გაქცევისა და მონღოლთაგან ლაშა-გიორგის დაჭრას შორის მოქცეულ ერთ სრულ ასწლეულს თუ ღრმად ჩავიძევთ, არ გაგვიჭირდება ვირწმუნოთ: შეიძლებოდა ისე ყოფილიყო, რომ მაჰმადიან სულთანს, ბიზანტიის კეისარს თუ კათოლიკე ჯვაროსანს ქართული პოლიტიკური აზროვნებისთვის გაეწია ანგარიში …

ვერ შეასრულეს ქართველებმა მისია, ვერ შეინახეს სიტყვა!

გამოჩნდა მონღოლი და უსუსურები დავხვდით, ქრისტეს რჩეულად ვიცანით ჩინგიზ ყაენი!

სტატიაში “დავიწყებული იდეა” აკაკი ბაქრაძე აღნიშნავს, რომ მეფე თამარის სამების მეოთხე წევრად გამოცხადება და ჩვილი ლაშა-გიორგის იესო ქრისტესთან მისწორება ორთოდოქსული ქრისტიანული შეხედულებით უსაშველო მკრეხელობააო. ცნობილი კრიტიკოსი იმასაც წერს, რომ როგორც ერთი, ისე მეორე ნაწილია ქართული მესიანისტური იდეისაო. აკაკი ბაქრაძისგან უკვე “დავიწყებულად” მოხსენიებული ქართული მესიანისტური იდეა ისეთი რამე რომ იყო, რომელშიც უსაშველოდ გავეხლართებოდით და გამოხსნა გაგვიჭირდებოდა, ამას იმთავითვე მიმხვდარა შოთა რუსთაველი და … ეს ნაწილია “ვეფხისტყაოსნის” დიდი საიდუმლოსი!

ვერ მივუხვდით!

სამაგიეროდ მარტონი დავრჩით ჯვართან და ვიმარტვილეთ!

თუმცა მოსათხრობი ბევრია, აქ გავასრულოთ ეს წერილი, აქვე წავიკითხოთ ეპილოგის ბოლო სტროფებიც:

 

ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი,

წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი,

რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ? ბედია მაყივნებელი,

ვის არ შეუცვლის კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

 

ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,

აბდულმესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,

დილარგეთ,-სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა,

ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.

 

ხოლო…

დასაწყისი „ვეფხისთყაოსნისა“ ჩვენ ასე დაგვილაგებია:

 

I. 1 .      რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

 

II. 3.       ვის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -

მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შერისა?

მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მიშერისა.

 

III. 4.      თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,

ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.

მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,

ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

 

IV. 5.      მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,

ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,

ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

 

V. 2.      ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,

შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,

მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,

ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

VI. 6.      აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, -

ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;

მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,

მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

 

VII. 7.     მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი;

მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!

დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,

აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

 

VIII. 9.    ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,

ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,

ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,

ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.

 

IX. 22.     მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,

მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;

ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,

კვლა ზოგთა ქვე უძს ბუნება კეკლუცთა ზედან ფრენითა.

 

X. 24.     მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი,

ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა! გესმას ჩემი ნაუბარი!

 

XI. 11.     რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:

მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;

კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,

არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.

 

XII. 20.     ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,

ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;

იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;

ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

 

XIII. 21.     მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,

ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;

ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;

მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

 

 

XIV. 10.      თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;

აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!

მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.

სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

 

XV.12.        შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,

საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,

კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

 

XVI. 13.       ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,

მობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,

მართ აგრევე მელექსესა – ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,

რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

 

XVII. 14.       მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,

რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,

არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,

ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

 

XVIII. 15.      მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი;

თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;

განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,

მაგრა იტყვის: “ჩემი სჯობსო”, უცილობლობს ვითა ჯორი.

 

XIX. 16.       მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,

არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, -

ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:

დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

 

XX. 17.       მესამე ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად,

სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;

ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.

მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

 

XXI. 18.        ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,

ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,

ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,

მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.

 

XXII.19.       ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;

ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!

იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;

მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

 

 

XXIII. 23.      მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

 

XXIV. 25.       ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,

გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.

 

XXV. 26.        ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:

დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;

ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა.

კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

 

XXVI. 27.      არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,

თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,

შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,

დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

 

XXVII. 28.     ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,

არ ბედითად “ჰაის” ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,

არსით უჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,

მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

 

XXVIII. 29.    მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს?

ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.

რათამცაღა ასახელა, რა სიტყვითა მოაყივნოს?

რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

 

XXIX. 30.       მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:

ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა?!

თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?!

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

 

XXX. 31.       თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;

სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების;

იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების,

არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების.

 

XXXI. 8.        მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:

ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;

დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,

ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

 

წასაკითხია „ვეფხისტყაოსანი“, უნდა ვიცოდეთ რა იმალება ვეფხის ტყავის ქვეშ, ვინ არიან ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი…

„ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია,

რა ზედა წვიმდნენ ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,

მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,

მაგრამ რა ზღვათა შეერტვის, მაშინ ეგრეცა წყნარია,

 

სიწყნარით იყოს ყოველივე, მშვიდობით!

 

 

რამაზ ზარნაძე

თბილისი

2011 წ.

 

P.S. არ იცის ნაირა გელაშვილმა რა წერია “ვეფხისტყაოსანში”. არც რობერტ სტურუამ არ იცის. არც ცხონებულმა ზვიად გამსახურდიამ იცოდა. არც მე ვიცი კარგად. ერთი რამე ვიცი დანამდვილებით. “ყოველი ფილოსოფია ჰგავს თაფლით გაკეთებულ ჩანაწერს. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად გამოიყურება, მაგრამ საკმარისია მეორედ მიუბრუნდე, წებოვანი ლაქის გარდა არაფერი დაგხვდება იქ” -ეს აინშტაინმა თქვა მე-20-ე საუკუნეში. “ჭეშმარიტება ყველა რელიგიაზე მაღლა დგას” – ეს ბლავატსკაიამ მე-19-ეში.  ესენი და ცოტა კიდევ უფრო მეტი დაგვიწერა და საფიქრალად დაგვიტოვა შოთამ მე-12-ეში. მსოფლიოს ხალხთა მშვიდობიანი ერთობა(თქვენ თუგნებავთ “გლობალიზაცია” დაარქვით) და “შიგან მათთა საბრძანისთა  თხა და მგელი ერთად სძოვდეს”- როგორ უნდა იყოს, მგონია, ეს აწუხებდა შოთას და … წასაკითხია “ვეფხისტყაოსანი”!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: